ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ებანოიძე ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს წევრებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად ლარი ბუნებრივ წონასწორობას ინარჩუნებს და ინფლაციაც ზომის ფარგლებშია. თუმცა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ის 400 ათასი ოჯახი, რომელსაც სესხი დოლარში აქვს აღებული.

„სერიოზულად საფიქრალია ის, რომ კურსის დადგენაში მხოლოდ კომერციული ბანკები მონაწილეობენ. ევროპის ქვეყნებში კურსის დასადგენად სხვა ორგანიზაციები მონაწილეობენ ბანკების მეშვეობით. ამისთვის უნდა გვქონდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი და უფრო მეტად კონკურენტული გარემო. წელს შიდა პროდუქტის ხუთპროცენტიანი ზრდა დავგეგმეთ. ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ჩვენ სეზონური ეკონომიკის ქვეყანა ვართ და ტურისტების შემოსვლის დროს, მაისიდან, შეეტყობა ჩვენს ეკონომიკას უკეთესობა,“ – ამბობს დეპუტატი.

ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, მთავრობაში ფიქრობენ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, რადგან ეს სერიოზული ხიფათია დაბალი ეკონომიკური აქტივობის მქონე ქვეყნისთვის.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესმა შეგვახსენა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გვითხრა, რომ საქართველოში საშინელი მდგომარეობაა შიდა აუდიტების მხრივ თვითმმართველობის ნაწილში.

წლის მანძილზე ბევრჯერ ჩატარდება გარკვეულ თემებზე ეფექტიანობის აუდიტი.

ჩემთვის, მაგალითად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაზეთის გამოცემაზე ფულის გადახდა არის უტვინოდ გადაყრილი ფული. ხიდარში ახლა საბავშვო ბაღის ეზოა მოსაწყობი. თავისუფალი ნაშთი გვაქვს, მაგრამ თუ ხელფასში მივმართეთ, არ იქნება ეფექტური. ამიტომ თანხა უნდა მოხმარდეს პროექტების განხორციელებას, მაგალითად, ბოგირის, გზის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

საკრებულომ უფრო მეტად უნდა იმსჯელოს და ხარჯები აუცილებელი საჭიროებისთვის გახარჯოს,“ – აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ საკრებულოს ბიუროს წევრებთან შეხვედრაზე.

ნინო კაპანაძე