

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თებერვლის მორიგ სხდომაზე დადებითად შეაფასა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ანგარიში 2014 წლის ივნისიდან დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ.
კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომისიის 12 სხდომა გაიამართა. მისი თქმით, 18 წევრიანი კომისიის სხდომები ყოველთვის მაღალი აქტივობით ტარდება. საანგარიშო პერიოდში კომისიაში არ მოუწვევიათ ექსპერტები და სპეციალისტები, თუმცა, მომავალში იგეგმება მათი მოწვევა.
კომისიის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური კომისიასთან არ თანამშრომლობს. მისივე თქმით, ხარვეზებია გამგეობის სამსახურების ურთიერთობაშიც. ჯერ კიდევ გაუცემელია რიგით დეპუტატებზე ხარჯი. ბიუჯეტში არსებული ნაშთი 908 ათასი ლარი არ მიიმართა სხვადასხვა საჭიროებების დასაფინანსებლად.
„მე, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, დადებით დასკვნას ვაძლევ ბიუჯეტს და ამ დროს საფინანსო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ხელფასებმა შთანთქა ყველა პროგრამაო. საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკრებულოს წევრებისთვის ხელფასების მომატების საკითხი ვარლამ ჭიპაშვილს არ გაუვლია საფინანსო სამსახურთან და ამის რესურსი არ არსებობსო. ძალიან კარგად გავიარე ეს საკითხი გამგებელთან, სადაც იმყოფებოდა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსიც.
ამასწინათ საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ერთი მუხლიდან მეორეში თანხის გადაადგილების შესახებ მსჯელობდით. იმ დონის პატივი უნდა სცეთ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, რომ დამიძახოთ ასეთ შეკრებაზე. ზედიზედ სამჯერ კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. დროულად არ მაწოდებენ დოკუმენტებს. ვიღაცას ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა არ აწყობს. მე ვლადიმერ გელაშვილს ცოდნითა და გამოცდილებით ვერ გავეჯიბრები. მის ასაკშიც არა მგონია, მისი ნახევარი ვიცოდე. არსებობს რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორები და მოვსპოთ ეს. ვთხოვ გამგებელს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები,“ – აღნიშნა სხდომაზე ვარლამ ჭიპაშვილმა.
დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის მოუწოდებდა საკრებულოს, უფრო მეტად დაეცვა პოზიციები. „მე ვამბობდი, რომ გაგექცეოდათ სადავეები, რომ გამგეობა იქნებოდა ყველაფრის თავის ნებით გადამწყვეტი. დღეს თქვენ საუბრობთ ამაზე, რომ პრობლემებია საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობებში.“
დეპუტატ გოგი ლაცაბიძის თქმით, მას ძალიან ესიამოვნა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის გამოსვლა. „კომისიაზე დავაყენე რამდენიმე საკითხი და ბიუჯეტში არ აისახა. ვითხოვდი გზების დაპროექტებისთვის თანხის გამოყოფას. ყოველ წელს ერთსა და იმავე სოფლებში კეთდება გზები. მინდა იცოდეთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დანაშაულებრივი ბიუჯეტია. არ შეიძლება, რომ სამეურნეო ორგანიზაცია სანერგე მეურნეობის განვითარებისთვის იღებდეს ბიუჯეტიდან დაფინანსებას. კომისიას ადრე გამოეჩინა მეტი სიფხიზლე და უკეთესად იქნებოდა საქმე,“ – აღნიშნა გოგი ლაცაბიძემ.
დეპუტატმა რომან შერგელაშვილმა განმარტა, რომ როდესაც კომისიის მუშაობაში ვინმე არ მონაწილეობს, წერილობით უნდა ეცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს. ის კი, თავის მხრივ ვალდებულია, მოაგვაროს საკითხი.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ მადლობა გადაუხადა „ახალგაზრდა კოლეგას“ იმისთვის, რომ საკრებულოში კრიტიკულ განხილვას დაუდო საფუძველი და მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგა დაკისრებულ მოვალეობას. ინგა მაღრაძის თქმით, ხარჯები ერთი მუხლიდან მეორეში საკუთარი პასუხისმგებლობით გადაიტანა და საკითხი არ საჭიროებდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებას. „თუ გამგეობის სამსახურებში არ არის შესაბამისი კოორდინაცია, გამგებელია ამაზე პასუხისმგებელი და ის თავად ჩამოყალიბდება ამ მიმართულებით. თვითმმართველობების სახელმწიფო ხაზინაზე გადასვლა ძალიან რთული აღმოჩნდა. ამის გამო საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლები ინტენსიურად მუშაობდნენ და შეიძლება მართლაც ვერ გამონახეს დრო საკრებულოში მოსასვლელად. ხშირად გამოგვაქვს საკითხები საკრებულოს სხდომებზე და ისინი არ არის სათანადოდ დამუშავებული. ასე რომ, პასუხისმგებლობა ჩვენც გვაქვს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად,“ – აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ინგა მაღრაძემ.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ წლების მანძილზე ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობისას არავისთან ჰქონია კომუნიკაციისა და ურთიერთობის პრობლემა.
„შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ბიუჯეტი. ალტერნატიული წინადადება არავის წარმოუდგენია. ახლა რატომ მიწუნებთ? არ ვამბობ, რომ ეს უნიკალური ბიუჯეტია, მაგრამ ვინ შემოგვთავაზა უკეთესი? საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე არ უნდა მიუთითებდეს ნაშთის შესახებ. დეკემბერში 900 ათასი ლარი შემოვიდა რკინიგზიდან. ამ თანხას დეკემბრის მეორე ნახევარში ვერ დავხარჯავდით. ნაშთის დატოვება ბიუჯეტში აუცილებელია. ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია, – გამგეობაში დენი არასტაბილურია, უშუქობის გამო ვერ ვმუშაობთ ინტერნეტში. ვერავინ მეტყვის, რომ ჩვენ რამე დავაკელით საქმეს. დღე და ღამე მუშაობენ ჩემი თანამშრომლები. არ მახსენდება, რომ არ დავსწრებოდით კომისიის სხდომას, გარდა წინა სხდომისა. ვერც ერთ ინფორმაციაზე ვერ იტყვიან, რომ არ მოგვიწოდებია. ვალდებული ვარ და ასე ვაკეთებ. საყვედურს რომ იღებ, უნდა იმსახურებდე,“ – აღნიშნა ვლადიმერ გელაშვილმა.
რაც შეეხება სანერგე მეურნეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, თანხა გასულ წელს გაიცა სოციალური პროგრამის განსახორციელებლად. პროგრამის ფარგლებში გაზაფხულზე სოციალურად დაუცველი ოჯახები ვაზის ნერგს მიიღებენ. წელს ამ მიმართულებით თანხა არ გაცემულა.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თქმით, გზების მოვლა-შენახვაზე გათვალისწინებულია 200 ათასი ლარი. ამ თანხას, რომელ სოფელშიც აუცილებლობა იქნება, იქ მიმართავენ.
საკრებულოს წევრებმა 2 თებერვალს სხდომაზე დაამტკიცეს თანამდებობის პირთა კუთვნილი შვებულების განრიგი, მოისმინეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია დაბა ხარაგაულში საავადმყოფოს მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, თანხმობა მისცეს გამგებელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში სოფელ ზვარეს ყოფილი პიონერთა ბანაკის შენობისა და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების თაობაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ მსჯელობა გაგრძელდა. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი და გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ ახალ ხელისუფლებას ბრალი უმოქმედობასა და პრემიების არამიზნობრივად აღებაში დასდო, ხოლო გამგებლის მოადგილემ ცხრაწლიანი მმართველობის დროს დაშვებული შეცდომები შეახსენა ყოფილ გამგებელს.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი