2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. 21-ე საუკუნის საქართველოში ომის დაწყება ყველასთვის წარმოუდგენელი იყო.

2008 წლის აგვისტოს დღეებმა კი დაგვანახა, რომ ომი მხოლოდ ისტორიის ფურცლების კუთვნილება არ არის. ის ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში შეიძლება მოხდეს და უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ომს არანაირი გამართლება არ აქვს, მაგრამ შიძლება მას ერთი დადებითი მხარე მოეძებნოს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა დაგვანახა ქართველი სამხედროების შეუპოვრობა და მათი სამშობლოსადმი დიდი სიყვარული. აგვისტოს ომში ხარაგაულელი სამხედრო პირებიც მონაწილეობდნენ. მათ ძალიან უჭირთ 13 წლის წინანდელი ამბების გახსენება.

ზვიად გლუნჩაძე (ხიდარი) – „ მე და ჩემი ძმა, ზაზა გლუნჩაძე, მე-4 ბრიგადაში ვმსახურობდით. 8 აგვისტოს დილას გავიგე, რომ მე-4  ბრიგადის მე-2 ბატალიონის ქვედანაყოფი დაბომბეს. იქ ჩემი ძმა იყო. ზუსტად არ ვიცოდი, ჩემი ძმაც თუ დაიღუპა. სამედიცინო ასეულის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა- შენი ძმა ცოცხალი ვნახეო. ეს იმიტომ მითხრეს, რომ არ მენერვიულა. ჩვენ ომში 7 აგვისტოს ჩავერთვეთ და ცხინვალის მისადგომებთან მივედით.

9 აგვისტოს ბრძანება მოვიდა, რომ ცხინვალში უნდა შევსულიყავით. ჩვენი ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი შალვა დოლიძე იყო. მან უარი განაცხადა მთელი ბატალიონის შეყვანაზე და ქალაქში შტაბის უფროსთან და ასმეთაურთან ერთად შევიდა. ყველა დაიღუპა…

დღის მეორე ნახევარში ცხინვალში ჩვენც შეგვიყვანეს. ქალაქი უკვე დაცლილი იყო. მხოლოდ სნაიპერები ჰყავდათ დატოვებული. ჩემი ბატალიონის მეორე ასეულიდან სნაიპერებმა დაახლოებით 11 სამხედრო დაგვიჭრეს. 11 აგვისტოს ხაზი გავამაგრეთ ცხინვალის მისადგომებთან. რუსებმა რომ ბომბდამშენები შემოიყვანეს, უკან დავიხიეთ. 12 აგვისტოს მოვიდა ცნობა, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება დაიდო და ჩვენც საღამოთი წამოვედით.

ომი არის საშინელება, რომლის ნახვასაც არავის არ ვუსურვებ. ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა შენი თანამებრძოლი ხელში გაკვდება და შენ ვერაფერს შველი. ისვრიან, მაგრამ არ იცი საიდან და ვინ. ომში  ჩვენი ერთი ოჯახიდან ხუთი ადამიანი ვიყავით წასული. ჩემი ძმა ზაზა, ჩემი ბიძაშვილი, ორი სიძე, მეგობრები – ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები ამ ომში მეგულებოდა და როცა სროლა იყო, სულ მათზე ვფიქრობდი.

საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, გამთლიანებასა და მეგობრობის აღდგენას აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენს ქვეყანას და მომავალ თაობას აღარასოდეს აღარ გამოეცადოს ომის საშინელება. ეს ყოფილიყოს ბოლო და უკანასკნელი ომი საქართველოსთვის“.

დავით შავიძე (ლაშე) – „2008 წლის აგვისტოს ომში 5 აგვისტოს ჩავერთვე. მანამდე, ერთი თვის განმავლობაში, სამხედრო სწავლებას გავდიოდით. სულ სხვა რაღაცისთვის ვემზადებოდით და ომში აღმოვჩნდით. მე სატანკო ბატალიონში ვმსახურობდი. ტანკისტი ვიყავი. ერთ ადგილზე არ ვჩერდებოდი, გორსა და მის სოფლებში მიწევდა გადაადგილება.

ამ ომში მონაწილეობდა ჩემი ძმა ავთოც. ჩვენ მე-4 ბრიგადის  სხვადასხვა ბატალიონში ვმსახურობდით. საკონტრაქტო სამსახურში ვიყავით. ერთმანეთი დაღუპული გვეგონა. გორის ხიდის ქვეშ მოულოდნელად შევხვდით. მან ვერ მიცნო… ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ის მომენტი იყო, როცა ტანკი აფეთქდა და მე შემთხვევით გადავურჩი სიკვდილს.

ჩემთვის ყოვლად მიუღებელია რუსეთის პოლიტიკა. არასდროს შევურიგდები რუსეთის მხრიდან დაპყრობასა და დამორჩილებას. ასე ვზრდი შვილსაც“.

ოფიციალური მონაცემებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის მიმდინარეობისას 130,000 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება იძულებით მოუწიათ. 1747 ადამიანი დაიჭრა.

აგვისტოს ომი თითქოს დასრულდა, მაგრამ 13 წლის შემდეგ ის რუსეთის ფედერაციის მხრიდან კვლავ გრძლდება. ეს გამოიხატება მიწების მითვისებასა და ადამიანების გატაცებაში. ხშირია საქართველოს მოქალაქეების წამებისა და მკვლელობის ფაქტებიც.

ლიკა ხიჯაკაძე

ლელი ბლაგონრავოვას ფოტო