ხარაგაულელი ზაზა გლუნჩაძე 2008 წლის აგვისტოში, სამაჩაბლოს ომში გმირულად დაღუპულ 170 მებრძოლს შორისაა.

ზაზა ხიდარში დაიბადა და გაიზარდა. ის თავის ძმა ზვიადისთან ერთად ვაზიანის მეოთხე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა.

ძმები ამ ბრიგადის სხვადასხვა ბატალიონში იმყოფებოდნენ. 7 აგვისტოს დილით სამაჩაბლოში ერთად წავიდნენ. ზაზას ბატალიონი ნიქოზში წაიყვანეს, ზვიადი და მისი თანამებრძოლები – ვარიანში.

ზვიადი 13 წლის წინანდელი ომის მოვლენებსა და ზაზას გმირობას იხსენებს. ძმებმა ერთმანეთი უკანასკნელად 7 აგვისტოს ნახეს.

ზვიადის ძალიან გაუჭირდა იმის გაცნობიერება, რომ ომში მოხვდა და უნდა ებრძოლა. 8 აგვისტოს საღამოს შეიტყო, რომ მეოთხე ბრიგადის მეორე ბატალიონი დაბომბეს. ზვიადიმ ზაზას ძებნა დაიწყო. თუმცა, არავინ არაფერი იცოდა. მოგვიანებით მას უთხრეს, რომ ზაზას ბრძოლის წინა ხაზიდან დაჭრილები გაჰყავდა. ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

სამი თვის შემდეგ, 2008 წლის 7 ნოემბერს, გლუნჩაძეების ოჯახს შეატყობინეს, რომ ზაზა 26 ჯარისკაცთან ერთად მუხათგვერდის სასაფლაოზე იყო დასაფლავებული.

„ჩემი ძმის ცხედარი საპატრიარქოსგან გადმოსვენებულ მებრძოლებს შორის იყო, – იხსენებს ზვიადი გლუნჩაძე, – ზაზასთან ერთად ჩემი ბატალიონის მეომრების ცხედრებიც აღმოჩნდა. წესით, ზაზა მათთან ერთად არ უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ის დაიჭრა, გარკვეული მანძილი ფეხით იარა, რადგან კარგად იცნობდა სამაჩაბლოს სოფლებს – ექვსი თვე სამშვიდობო მისიით იქ იმყოფებოდა.

სამხედრო ნაწილში ვიყავი, სახლიდან რომ დამირეკეს, ზაზას ცხედარი ნაპოვნიაო. პირველი რაც გავიფიქრე ის იყო, რომ მკვდარი მაინც არ დავკარგეთ.

ძალიან მიმძიმს აგვისტოს დღეების გახსენება. ბევრი მეგობარი დავკარგე. ხელში ჩამაკვდნენ თანამებრძოლები.

სანამ რუსეთია ჩვენსა და ოსებს შორის, სამაჩაბლოში ვერ დავბრუნდებით. ოს და აფხაზ ძმებთან პირისპირ უნდა ვილაპარაკოთ. 2008 წლის ომი ქართველებსა და ოსებს შორის კი არა, რუსეთსა და საქართველოს შორის ომი იყო“.

ზაზა გლუნჩაძეს მეუღლე ქეთი ცუცქირიძე 8 აგვისტოს ტელეფონით ესაუბრა. მომდევნო დღეებში უკვე ტელეფონზე ზარიც აღარ გადიოდა.

„სამი თვე გაურკვევლობაში ვიყავით, – არ ვიცოდი, ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო თუ მკვდარი, – გვიამბობს ქეთი, – ვეძებდით საავადმყოფოებში, სხვადასხვა საჯარისო დანაყოფებში. ზუსტ ინფორმაციას ვერ გვეუბნებოდნენ, სანამ დნმ-ის ტესტით არ დადასტურდა…

სამი თვე სულ ვფიქრობდი, რომ ცოცხალი იყო და ყოველ წუთს ველოდებოდი. იმედიანად ვიყავი, სანამ დაღუპვის ცნობა არ მოვიდა.

წლები გადის, ჩვენი შვილები იზრდებიან, მაგრამ ძალიან ძნელია ასეთი ტვირთით ცხოვრება, რომელიც მე მერგო. გოგონები უმამობას ძალიან განიცდიან. უფროსი ქალიშვილი მარი 18 წლის ხდება და მამა სულ ენატრება. თეონას ზაზა საერთოდ არ ახსოვს. ერთხელ მარი სკოლიდან ტირილით მოვიდა, – ჩემს მეგობარს მამამისმა მოაკითხა და მეც მინდა, სკოლის კარებთან მამა მხვდებოდესო.

ძნელია ზაზას გარეშე ცხოვრება, მაგრამ საამაყოც არის – ზაზა გმირულად დაიღუპა და თავი სამშობლოს შესწირა. მე ხომ გმირის შვილებს ვზრდი.

გოგონები 8 აგვისტოს აუცილებლად მივლენ მამის საფლავზე და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას“.

მშობლიურ სოფელ ხიდარს და სკოლას ზაზა გლუნჩაძე ეამაყება. ამ სკოლის დირექტორი ეთერ პაპავა იხსენებს, რომ ზაზა თავმდაბალი, შრომისმოყვარე, ზრდილობიანი პიროვნება იყო. სასკოლო საგნებიდან განსაკუთრებით ისტორია უყვარდა.

„ახლა რომ ვიხსენებ, მასში ნამდვილი გმირისა და ვაჟკაცის სული იყო. მიჭირს თვალებში შევხედო მის მშობლებს, ოჯახის წევრებს. თუმცა, მწუხარებასთან ერთად გული უზომო სიმაყით მევსება, ზაზა ხომ აგვისტოს ომის ერთადერთი გმირია ხარაგაულიდან, ჩემს ხელში გაზრდილი ბიჭი“.

ზაზა გლუნჩაძის უფროს ქალიშვილს, მარის ახსოვს, მამასთან ერთად როგორ ერთობოდა და თამაშობდა. ის ამბობს, რომ მამის გარეშე ცხოვრება რთულია, მაგრამ წინააღმდეგობებს არ უშინდება. მარი გაისად სკოლას ამთავრებს. გმირი ზაზა გლუნჩაძის შვილს ჯარისკაცობა სურს.

ნინო კაპანაძე