
2008 წლის აგვისტოს ომმა მძიმე კვალი დატოვა იმ ადამიანთა ცნობიერებაზე, ვინც ომის საშინელება საკუთარი თვალით ნახა.
ომგამოვლილთა შორის არიან ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მაშინდელი ბრიგადის წევრები – გიორგი ბარბაქაძე, ლია გიორგაძე და გოჩა ჩხიკვაძე. ისინი უშუალოდ იმყოფებოდნენ ომის ეპიცენტრში. სამივე მათგანი აღნიშნავს, რომ არასოდეს ავიწყდებათ აფეთქებების ხმა, დაჭრილი და დაღუპული ადამიანები, ცეცხლმოკიდებული შენობები, უსუსურ მდგომარეობაში, ქუჩაში მყოფი ადამიანები, მათ შორის შეშინებული ბავშვები.
ხარაგაულელი მედპერსონალის მიერ ომში მომხდარი ამბების მოყოლა მათთვის, ვისაც ომი საკუთარი თვალით არ უნახავს, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარია. აგვისტოს იმ მძიმე დღეებს ემოციების გარეშე ვერ იხსენებენ.
გიორგი ბარბაქაძისთვის ომის საშინელება უცხო არ იყო, რადგან აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, როგორც მოხალისე, და გამოცდილება ჰქონდა.
2008 წლის აგვისტოს ომში საკუთარი ინიციატივით წავიდა. იმ პერიოდში შვებულებაში იყო, მაგრამ გამოთქვა სურვილი იქ მდგარიყო, სადაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა.
„ჩვენი მისია წინა პოზიციიდან დაჭრილების გამოყვანა და საველე ჰოსპიტლებში გადაყვანა იყო, სადაც სამხედრო ექიმები მუშაობდნენ, – გვიამბობს გიორგი ბარბაქაძე, – მძიმე პაციენტი თუ იყო, გორის ჰოსპიტალში მიგვყავდა. უმთავრესად დაჭრილები სამხედროები იყვნენ.
კატასტროფულად ბევრი არა, მაგრამ ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის 30 შემთხვევა უკვე ბევრია. ძირითადად, კიდურების ტრავმული ამპუტაციები იყო.
ქართულმა ჯარმა რომ უკან დაიხია, მოსახლეობის უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა დავიწყეთ. იმ მძიმე დღებში ჩვენი მეომრების თავდადება ვნახე. სიცოცხლის ბოლომდე მათდამი სიყვარული და პატივისცემა მექნება. შეიძლება ჩვენ ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი არა.
მე და გოჩა ჩხიკვაძე დაჭრილების გამოსაყვანად ისე ახლოს მივდიოდით ბრძოლის ხაზთან, რომ ვხედავდით მოწინააღმდეგეს, რომელიც დაახლოებით 250 მეტრიდან ისროდა. საშინელი ქაოსი იყო. მაგ დროს ერთეულებს შეუძლია გმირობა, რადგან ყველა მაინც თვითგადარჩენაზე ფიქრობს. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებმაც მაშინ სხვების სიცოცხლე გადაარჩინეს.
მახსოვს, ერთ დაჭრილ სამხედროს იდაყვის სახსარში ჰქონდა ყუმბარის ნამსხვრევი მოხვედრილი. მოვაშორე ეს ნამსხვრევი და ხელი შევუხვიე. მითხრა, უკან უნდა დავბრუნდეო. ბევრი ვეხვეწე. შემდეგ მის მეგობრებს ვთხოვე, მისთვის ეს გადაწყვეტილება გადაეფიქრებინათ, რადგან ჭრილობის დაინფიცირების რისკი იყო. ეს ბიჭი ისეთი შემართებით იყო, რომ თავს შეაკლავდა. ომი დიდი განუკითხაობაა. ვისურვებ, რომ აღარასოდეს განმეორდეს“.
„მოხალისეობის სურვილი გამოვთქვი, რადგან ეს ჩვენს სამშობლოს სჭირდებოდა, – ამბობს გოჩა ჩხიკვაძე, – ხეობას მივუყვებოდით, როცა ერგნეთისა და ტყვიავის გამყოფი ხიდი რუსულმა ბომბდამშენმა ააფეთქა.
ყველაფერი მტვერმა ისე დაფარა, რომ ხედვა გვიჭირდა. გამცილებელი გვახლდა, რომელიც მეძახდა, მანქანა არ გააჩერო, გვესვრიანო. სამედიცინო ავტომობილებს არ ერჩოდნენ.
ჩვენი ჯარი მართლაც სანაქებოა – ბიჭებმა ძლიერი მომზადება აჩვენეს, სამშობლოსთვის თავდადებულად იბრძოდნენ“.
ექთან ლია გიორგაძეს რამდენიმე საათით მოუწია ომის ეპიცენტრში ყოფნა. გორის ჰოსპიტალში მედდების საკმარისი რაოდენობა იყო და მისი დახმარება საჭირო აღარ გახდა. ის რამდენიმე საათიც ლიას ცხოვრების უმძიმესი პერიოდია.
„ომის საშინელების დანახვა ერთ წუთშიც კი შეიძლება. გარშემო ყველაფერი გადამწვარი და გადაბუგული იყო, – იხსენებს ლია გიორგაძე, – მიუხედავად იმისა, რომ კარგი ამინდი იყო, მაინც ნისლი იდგა. აფეთქებების ხმა არასოდეს დამავიწყდება. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნეში ომის შემსწრე გავხდებოდი.
მედპერსონალი ექსტრემალურად და მობილიზებულად მუშაობდა. ჩემი იქ ყოფნა აღარ გახდა საჭირო და ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების იმ ბრიგადას გამოვყევი უკან, რომელიც ჩვენამდე იმყოფებოდა ომში.
სანამ უკან წამოვიდოდი, გიორგი ბარბაქაძეს ვუთხარი, თქვენ დაგელოდებით, აი, იმ ხის ქვეშ მოგიცდი-თქო. მოგვიანებით გიორგიმ მითხრა, რომ ჩემი წამოსვლიდან რამდენიმე წუთში იმ ხეს ბომბი დაცემია და უზარმაზარი ღრმული გაკეთებულა.
ახლა ამ ამბებს რომ ვიხსენებ, ყველაფერი ცხადად აღვიდგინე. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ბავშვების უმწეო და შეშინებული თვალები, დედის ხელებს რომ ებღაუჭებოდნენ. უკან რომ ვბრუნდებოდით, უკვე დაღამდა. გზაზე ტანკები გვხვდებოდნენ. ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ომის საშინელება. თანავუგრძნობ ყველას, ვისაც ამ ომმა ძვირფასი ადამიანების სიცოცხლე წაართვა“.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება