სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ მცირე სასათბურე მეურნეობის განვითარებისათვის შეღავათიანი აგროკრედიტი გამოუყო სოფელ ერეთაში მცხოვრებ ამირან სხილაძეს.სააგენტოდან კრედიტს იღებს ის, ვისაც უკვე აქვს საკუთარიმეურნეობა და ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი.

ამირან სხილაძის ეზო-კარმიდამოს ეტყობა, რომ მისი მეპატრონე მშრომელი და მოწესრიგებულია. ბატონ ამირანთან და მის მეუღლესთან საუბრისას კი რწმუნდები, რომ ყველაფერს შეძლებ, თუ მოინდომებ, მიზანს სწორად დასახავ და მუდმივად იზრუნებ განვითარებაზე.

„გაჭირვებულები არასდროს ვყოფილვართ, – გვიამბობს ამირან სხილაძის მეუღლე ირმა გელაშვილი, – ჩვენს პატარა უბანში სოცდახმარება ყველა ოჯახს აქვს. სულ ვფიქრობდი, საკუთარი შრომითამდენს როგორ ვერ ვიშოვი-მეთქი. მეუღლეს მიკროავტობუსი ჰყავდა. ოჯახური მდგომარეობის გამო გავყიდეთ. ოჯახს რჩენა ხომ უნდოდა. მოვიფიქრეთ და გავაკეთეთ სათბური. სათბურისთვის მიწა ნაკელით მოვამზადეთ. თავიდან პატარატერიტორიაზე 200 ძირი კიტრის ჩითილი დავრგეთ. ჩითილებითბილისში შევიძინეთ. პირველივე წელს ერთ ტონაზე მეტი კიტრის მოსავალი მივიღეთ.“

ქალბატონი ირმა მარტში 700-800 ძირი კიტრის ჩითილს დარგავს. ძირითადად სათბურში ის საქმიანობს. კიტრი რომ მოილევა,სხვადასვა ბოსტნეულსა და მწვანილს თესავს.ამიტომ მათ სათბურში ოქტომბრიდან თებერვლის ბოლომდე გამოულევლადაა საუკეთესო ხარისხის ქინძი, სალათა, ოხრახუში, ცერეცო, ბოლოკი, წიწმატი და სხვა მწვანილი.

„ძირულას ხეობაში მაისიდან ოქტომბრამდე ყველა რესტორანს მე ვამარაგებ კიტრით, შემოდგომასა და ზამთარში – მწვანილით, – გვიამბობს ამირან სხილაძე, – დამირეკავენ, საკუთარი მანქანა მყავს და მიმაქვს. ბაზარში ყიდვას ურჩევნიათ, ჩემგან ჩაიბარონ. იციან, ეკოლოგიურად სუფთა და ახალი პროდუქტი რომ მაქვს.“

ამირან სხილაძე და მისი მეუღლე სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარებასაც ახერხებენ. ქალბატონი ირმა ყოველწლიურად 700-800 წიწილს ზრდის. ამჟამად 50 დედალი ჰყავს. ინკუბატორიდან ორ კვირაში 200 წიწილას გამოიყვანს.

„შარშან ზაფხულზე ხარაგაულის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გვესტუმრენ, – გვიამბობს ქალბატონი ირმა, – დაინტერესდნენ და შეისწავლეს ჩვენი ოჯახის მეურნეობა. სამინისტროს წარმომადგენელმა მითხრა, რომ თუ წელს 40 დედალს და 1 000 წიწილას გავზრდი, დამეხმარება 5 ათასი ლარის გრანტის მოპოვებაში.“

წიწილებსაც, კიტრისა და მწვანილის მსგავსად, ძირულას ხეობაში მდებარე რესტორნები ყიდულობენ.

ამირან სხილაძე სათბურის განვითარებით დაინტერესდა და ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს მიაკითხა. „ვაჟა მაჭავარიანი დამეხმარა და კონსულტაცია გამიწია მცირე აგროსესხებზე, რომელსაც „საქართველოს ბანკი“ გასცემს,“ – ამბობს ბატონი ამირანი. მიღებული კრედიტით გეგმავს, რომ სათბურის ხის კონსტრუქცია რკინით შეცვალოს, გამოსაცვლელია სათბურის ცელოფანი.

„სამი წლის წინ ჩემი ხელით გავაკეთე სათბური. ბოსტნეულის მოვლის შესახებ თავიდან კონსულტაციებსზესტაფონში, სოფლქიმიის მაღაზიაში ვიღებდი. ახლა, პრაქტიკიდან გამომდინარე ვხვდები, რა დროს რისი გაკეთებაა საჭირო სათბურში,“ – ამბობს ამირან სხილაძე.

ამჟამად ქალბატონი ირმა ოთხ ძროხას უვლის და ყოველდღიურად 4-5 კილოგრამი ყველი ამოჰყავს. „ბანკის წარმომადგენელმა გამომკითხა, რა მიმართულებით გვსურდა მეურნეობის განვითარება. ვუთხარი, რომ მესაქონლეობაზე ხელშეწყობა მსურს. ექვსი თვის შემდეგ შეიძლება სესხი კიდევ მიიღოთო. ვფიქრობ, შევიძინო სამი-ოთხი ძროხა. ჩემი აზრით, ეს უფრო სარფიანი იქნება,“ – ამბობს ირმა გელაშვილი.

ამირან სხილაძის ეზოშიყოველწლიურად ორი ტონა ყურძენი იკრიფება. დაინტერსებულია მეფუტკრეობის განვითარებით და 13 ძირ ფუტკარს უვლის.

„ბევრ რამეს ვაწარმოებთ. გასაღებაზე არ გვაქვს პრობლემა – დიდი მოთხოვნაა ჩვენი ოჯახის პროდუქციაზე. ოჯახს ვარჩენთ ჩვენი შრომით და არვართ სოციალური დახმარების შემყურე. კოოპერტივზეც მიფიქრია, მაგრამ თანამოაზრეების მოძებნა ჭირს,“ – ამბობს ამირან სხილაძე.

ნინო კაპანაძე