საბავშვო ბაღების კურსდამთავრებულები აღმზრდელებს საზეიმო ღონისძიებებით ემშვიდობებიან.

როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღებში ზეიმი, – ამ თემით დაინტერესებულ მშობლებსა და აღმზრდელებს საერთაშორისო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი ოლგა მუსხელიშვილი სოციალურ ქსელში პასუხობს:

  • „შევეცდები ერთიანად ვუპასუხო ყველა კითხვას, რომელიც ამ ბოლო დღეებში მომდის და რომელთა თემა ისევ და ისევ ზეიმია.
  • დიახ, ბავშვებს, რომლებიც ამთავრებენ ბაღს, შეიძლება და სასურველია მოვუწყოთ გამოსაშვები ზეიმი ან ღონისძიება.
  • ბაღში ზეიმი აკრძალული არ არის.
  • მნიშვნელოვანია, რომ ზეიმი/ღონისძიება იყოს სახალისო და სასიამოვნო ბავშვებისთვის. მშობლებისა ან სხვა დამსწრე პირების (ვინც არ უნდა იყონ ეს პირები) ინტერესი არ არის პრიორიტეტული.
  • იმედია, თქვენს ბაღში ყოველი დღე ბავშვებისთვის მხიარული და საინტერესოა. ასევე სახალისო, საინტერესო და, სასურველია, კრეატიული და განმავითარებელი იყოს ზეიმისთვის მზადებაც.
    ის დრო, რომელიც განკუთვნილია თამაშისთვის, სამყაროს შეცნობისთვის, შემოქმედებითი აქტივობებისთვის, ეზოში სირბილისთვის არ უნდა იხარჯებოდეს ბავშვის განვითარებისთვის არაფრის მომტან რეპეტიციებზე, ერთი და იგივეს ყოველდღიურ გამეორება-დასწავლაზე (წვრთნაზე).
  • წინასწარ მომზადებული, ბევრჯერ რეპეტიცირებული ცეკვის/სიმღერის/ლექსის/მონტაჟის შესრულება-დემონსტრირება, იქნება ეს სცენაზე, დარბაზში თუ ეზოში, ბავშვებისთვის გაკვეთილის პასუხია, შრომაა და არა – სახალისო აქტივობა.
    საკმარისია გადახედოთ ბავშვების ფოტოებს ასეთი ღონისძიებების დროს, ამაში რომ დარწმუნდეთ. რატომ ჰქვია ამგვარ მოქმედებებს „ზეიმი“ და ვისთვის არის ეს ზეიმი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია.
  • გამოსაშვები ღონისძიება შეიძლება იყოს ექსკურსია ბუნებაში, ზოოპარკში, მუზეუმში ან სხვა, ბავშვებისთვის საინტერესო ადგილებში. ზეიმი შეიძლება იყოს სახალისო თამაშების ორგანიზება ბაღის ეზოში, მაგალითად, წუწაობის დღის მოწყობა, ერთიანი ძალებით რაღაც სამახსოვრო „პროექტის“ განხორციელება, კარნავალი და უამრავი სხვ.
    მთავარია, ბავშვებს ეს თვითონ უნდოდეთ, სიამოვნებდეთ და ხალისით მიიღონ მონაწილეობა. კარგი იქნებოდა მათი სურვილების და იდეების გათვალისწინება და განხორციელება. დასაშვებია გაუმასპინძლდეთ ტკბილეულით (ერთხელ შეიძლება კვების რეჟიმის დარღვევა), დაურიგოთ სამახსოვრო საჩუქრები.
  • ბავშვებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რა ჩაიცვან გამოსაშვები ზეიმისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს, რაც ერთისთვის ლამაზია, მეორესთვის – არა.
    ვარდისფერი კაბა დიდი ბაბთით არ არის ყველა გოგოს საოცნებო სამოსელი. რა თქმა უნდა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ბავშვებმა მოინდომონ ერთნაირი კოსტუმები მოირგონ, მაგრამ ეს უნდა იყოს მათი გადაწყვეტილება და არ უნდა იყოს დეტერმინირებული აღმზრდელის/ბაღის მიერ.
    განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებს სქესით არ ვახარისხებთ (ყველა ბიჭი არლეკინი, ყველა გოგო პრინცესა – აბსოლუტურად დაუშვებელია).

P. S. საჰაერო ბუშტების გაშვება ძალიან ლამაზია და ბავშვებს მოსწონთ, მაგრამ უკვე ბევრჯერ აქვთ ნანახი და, გარდა ამისა, ეკოლოგიურად ცუდი აქტივობაა – გარემოს ვანაგვიანებთ.

ფოტო „ჩემი ხარაგაულის“ არქივიდან

ამავე თემაზე:

საბავშვო ბაღებში ზეიმები სტრესულია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ აღმზრდელებისა და მშობლებისთვისაც