
კორონავირუსის პანდემიამ, სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად, მეფუტკრეობაც ძალიან დააზარალა.
მეფუტკრეთა ნაწილს თაფლის რეალიზაცია უჭირს, ხოლო ნაწილი ღამე გადაადგილების საჭიროებაზე საუბრობს. მეფუტკრეები დარგის სპეციალისტებისგან ფუტკრის მოვლასა და წამლობაში სიახლეების გაცნობას მოითხოვენ.
სოფლის განვითარების სააგენტომ 27-28 მაისს მეფუტკრეეებისთვის ტრენინგები იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში გამართა.
ტრენინგზე მეფუტკრეებს ინფორმაცია „ფუტკრის მავნებლებთან ბრძოლის“ შესახებ მიაწოდეს. სწავლება ფუტკრის მავნებლების იდენტიფიცირებას, მათთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდებსა და თანამედროვე სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენებას შეეხო.
ტრენინგის მონაწილე მეფუტკრეები დარგში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.
ჭიათურელი მეფუტკრე კახაბერ ხვედელიძე ამბობს, რომ „კომენდანტის საათის“ მოხსნა მეფუტკრეებისთვის აუცილებელია.
„ფუტკრის ოჯახები ღამით უნდა გადავიყვანოთ. ღამე გადაადგილება კი შეზღუდულია. დღე, მზიან ამინდში, ფუტკარი მგზავრობას ვერ აიტანს. ვრეკავ ცხელ ხაზზე, რომ საშვი მივიღო, მაგრამ ვერ მეხმარებიან.
ცალკე პრობლემაა უხარისხო წამალი. აუცილებელია ფუტკრის წამლობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდონ“, – ამბობს კახაბერ ხვედელიძე.
„40 წელია, ფუტკარი მყავს. ამ დრომდე არც ერთხელ არ დაავადებულან. წელს 90 ძირი ფუტკარი დამეღუპა. ძალიან ვიზარალე, – ამბობს საჩხერელი მეფუტკრე დარეჯან ხარშილაძე, – ჩემი აზრით, ფუტკარი ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისას მოიწამლა. ჩემსავით ბევრი მეფუტკრე ფიქრობს, მაგრამ ამის დამტკიცება ძნელია. დარგის სპეციალისტებს მივმართე და გვითხრეს, ფუტკრის ტკიპამ მუტაცია განიცადა და წამლებს მიეჩვიაო.
დარეჯან ხარშილაძის მოსაზრებას ხარაგაულელი მეფუტკრე ლაშა გურგენიძე იზიარებს. ლაშა მაისის ბოლოს ხარაგაულში მეფუტკრეებისთვის გამართულ ტრენინგს დაესწრო და ამბობს, რომ რჩევების ნაცვლად „ზღაპრები“ მოისმინა.
„დარგის სპეციალისტები არ განმარტავენ, თუ საიდან გაჩნდა ფუტკრის ტკიპა. მეფუტკრეებს ყურადღებას არ გვაქცევენ. ვიდრე ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა დაიწყებოდა, ვამბობდი, რომ, შესაძლოა, იმ პრეპარატს ფუტკრის 60-70% გაენადგურებინა. ასეც მოხდა. სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა გვჭირდება. ასეთ დროს, ნორმალურ ქვეყანაში, ზარალს აგვინაზღაურებდნენ“, – ამბობს ლაშა გურგენიძე.
მეფუტკრეობის სპეციალისტი, ტრენერი დავით მაღლაკელიძე ფუტკრის ტკიპის, ანუ „ვარვას“ გავრცელებას გლობალურ დათბობას უკავშირებს.
„გარემო პირობები შეიცვალა, ნალექების რაოდენობამ იკლო. ამან სხვადასხვა მავნებელი წარმოშვა, – ამბობს დავით მაღლაკელიძე, – ფუტკრის ტკიპა არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული.
ფუტკარი განადგურდა საქართველოს იმ რეგიონებშიც, სადაც ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა არ ჩატარებულა. ამასთან, ტკიპამ მუტაცია განიცადა და წამლების მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავა. თუ ადრე კვირაში ერთხელ უნდა შეგეწამლა ფუტკარი, ახლა ოთხ დღეში ერთხელ უნდა შეწამლო.
ფუტკარი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მყავს და ტკიპის გამო მეც ვიზარალე; განსაკუთრებით იმერეთში – 200 ძირი ფუტკარი დამეხოცა. საფუტკრეში ტკიპის მომრავლება ფუტკრის სხვადასხა დაავადებებს იწვევს. ამიტომ ტკიპაზე ფუტკრის ინტენსიური მკურნალობა აუცილებელია“.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: მეფუტკრეები ხარაგაულში გამართულ ტრენინგზე
ამავე თემაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა
ელენე აბაშიძე გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი,
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
ხარაგაულის პედაგოგთა საზოგადოებას გამოაკლდა
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“