ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში ყოფნა უყვარს. ბედნიერია, როცა ვინმეს ჩაეხუტება და სიყვარულს უზიარებს.

ლაშეში მცხოვრებ ნათია ნიქაცაძეზე უნდა გიამბოთ. მას დაუნის სინდრომი აქვს. საზოგადოების განწყობა ასეთი პირების მიმართ არაერთგვაროვანია. ნათიას გაცნობისთანავე მიხვდებით, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები სავსე არიან სითბოთი, სიკეთითა და დადებითი ემოციებით.

35 წლის წინ მზია ხეცაძისა და მერაბ ნიქაცაძის ოჯახში მეორე შვილი დაიბადა. დედამ მალევე შენიშნა, რომ ბავშვი წონაში არ იმატებდა და ექიმთან წაიყვანა. პატარას დაუნის სინდრომი დაუდგინდა.

„ნათიას დიაგნოზის გაგებისთანავე მისი მხარდაჭერა დავიწყეთ, – იხსენებს მზია ხეცაძე, – ხუთი წლის ასაკამდე სულ ექიმებთან დაგვყავდა. შემდეგ გვითხრეს, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, დანარჩენი უფლის ნებააო.

ექიმებთან ვიზიტი და მათი დანიშნულების შესრულება დიდ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ერთ ნემსში, რომელიც იმ დროს ძნელად იშოვებოდა, 150 ლარს ვაძლევდით. თუმცა, მკურნალობა არ შევწყვიტეთ.

სამწუხაროდ, ნათია სკოლაში არ მიიღეს. იმ დროს ასეთი დრო იყო. შემდეგ ოჯახის ახლობელმა ბორის სკოლა-პანსიონში წაიყვანა. წერა-კითხვა სწორედ იქ ისწავლა.

ნათიას უფროსი ძმა და უმცროსი და ჰყავს. დედმამიშვილები და მათი ოჯახების წევრები ძალიან უყვარს. მადლობა უფალს, ნათიასთვის. მან ცხოვრება სულ სხვა თვალით დაგვანახა, ადამიანების მიმართ უფრო მეტად მიმტევებლები, მოსიყვარულეები გაგვხადა“.

„მიყვარს სახლის დალაგება, დასუფთავება, – გვიყვება თავად ნათია, – საჭმელების გაკეთება დიდად არ მეხერხება. მარტო ჩემ თავს ვუკეთებ საჭმელს. ძალიან მინდოდა ეკლესიაში მევლო და დედას სულ ვთხოვდი, ხარაგაულის ტაძარში წამოვეყვანე. ჩემი პირველი მოძღვარი მამა ანტონი იყო. მერე ის ლეღვანში, მონასტერში წავიდა. ძალიან თბილად მიმიღო მამა თომამ. მოძღვარი ჩემთვის ღმერთია.

მიყვარს ტელეფონში სიმღერების მოსმენა. ჩემი საყვარელი მომღერალია დათო კენჭიაშვილი. მიხარია, როცა ჩვენთან სახლში სტუმრები მოდიან… ვგრძნობ, როცა გარშემომყოფებს ვუყვარვარ და პატივს მცემენ“…

P.S. 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნის მიზანია, ისეთი აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომლებიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ.

ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის მემკვიდრეობითი არ არის.

რატომ 21 მარტი? დაუნის საერთაშორისო ორგანიზაციამ თარიღად მესამე თვის 21 რიცხვი შეარჩია, რადგან დაუნის სინდრომს 21-ე ქრომოსომის გასამება – ტრისომია განაპირობებს.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

„უფლის მადლობელი ვარ, მარიამი რომ მყავს“ – ამბობს დაუნის სინდრომის მქონე შვილის დედა

„ჩემი შვილი ბედნიერებას მჩუქნის ყოველ წუთს და წამს“- დაუნის სინდრომის მქონე შვილის დედა