7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეა. „სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება“ – ამ სლოგანით 7 ივნისს მსოფლიო მესამედ აღნიშნავს სურსათის უვნებლობის დღეს.
რა მდგომარეობაა საქართველოში სურსათის უვნებლობის კუთხით, რამდენად იცავს კანონმდებლობა მეწარმეებისა და მომხმარებლების უფლებებს, რამდენად ეფექტურია სახელმწიფოსგან გატარებული ღონისძიებები, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და რა შეგვიძლია მოქალაქეებს სიტუაციის შესაცვლელად, – ამ თემებზე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე გვესაუბრება.
– წლებია, სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველოში მდგომარეობა არ უმჯობესდება, – ამბობს ვახტანგ კობალაძე, – ჩვენი კანონმდებლობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის ქვეყნებისას.
დიდი ხანია, მიმდინარეობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი, რომელიც 2027 წლამდეა გაწერილი. პარლამენტისა და მთავრობისგან მიღებული იმ ნორმატიული აქტების ამოქმედების ვადა, რომლებმაც სურსათის უვნებლობის კონტროლი უნდა გააუმჯობესოს, ძალიან ხშირად გადავადდა.
სერიოზული პრობლემაა სახელმწიფო და კერძო სექტორში კვალიფიციური კადრები. ისეთი სპეციალობები, რომლებიც საჭიროა სურსათის უვნებლობისთვის – აგრონომია, ვეტერინარია, ჰიგიენა, ჩვენს ქვეყანაში პოპულარობით არ სარგებლობენ.
ამავე დროს ამ პროფესიებში უმაღლესი განათლება ნაკლებად შეესაბამება პრაქტიკულ საჭიროებებს.
ევროკავშირში სურსათის უვნებლობის რეგულირება რისკების შეფასებით იწყება. ეს კვლევებს, ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას ითვალისწინებს. საქართველოში რისკების შეფასება, ფაქტობრივად, არ ხდება. რისკის შეფასების გარეშე სურსათის უვნებლობა ვერ გაკონტროლდება.
ყველა საწარმოს სახელმწიფო ვერ შეამოწმებს. ამიტომ უნდა ფასდებოდეს რეალური რისკები და ამის შემდეგ ხორციელდებოდეს სახელმწიფო კონტროლი იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად აუცილებელია. საქართველოში იმდენად მწირია კვლევები და მონაცემები სურსათის უვნებლობის სფეროში, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია რისკის შეფასება.
ზოგადად ითვლება, რომ ცხოველური სურსათია ყველაზე დიდი რისკის შემცველი და აქედან გამომდინარე, ცხოველური საკვებით მოწამვლის საფრთხეც მეტია. თუმცა, ბევრი სურსათი სხვადასხვა ქიმიური ნივთრებებითაც არის დაბინძურებული, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.
პირველ რიგში, მოსახლეობა ინფორმირებული უნდა ვიყოთ იმ სურსათის შესახებ, რომელსაც მოვიხმართ. ჩვენ, სამწუხაროდ, ეტიკეტის კითხვაც კი გვეზარება. ამ დროს ეტიკეტზე ძალიან ბევრი ინფორმაციაა კონკრეტული სურსათის შესახებ – მეწარმეთა დიდი ნაწილი ამ კუთხით არ იტყუება.
მნიშვნელოვანია სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღება, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ესა თუ ის სურსათი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ა. შ.
მოქალაქეებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უნდა მოვთხოვოთ ბიზნესს, სახელმწიფოს, რომ სურსათის უვნებლობის კუთხით რეფორმები დააჩქარონ. თუკი არ იქნება ზეწოლა პროგრესის მიმართულებით, მაშინ მდგომარეობის შეცვლის სტიმული არც ხელისუფლებას ექნება და არც ბიზნესს.
უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თუ მაღაზიებში ვადაგასულ, ან საკვებად უვარგის პროდუქტს ვნახავთ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელს ხაზზე 1501 დავრეკოთ.
ეს სააგენტო ვალდებულია, რომ მიმართვაზე ოპერატიულად იმოქმედოს და შედეგები მოქალაქეს აცნობოს. მიმართვა ანონიმურია.
თუკი მოქალაქე უკმაყოფილო დარჩება სურსათის სააგენტოს რეაგირებით, შეუძლია ჩვენ მოგვმართოს – სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში ტელეფონის ნომერზე 0 322 39 90 19.
სურსათის უვნებლობის საკითხებში საზოგადოების მხრიდან კონტროლი აუცილებელი და საჭიროა.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ვებგვერდზე https://www.momxmarebeli.ge/ და ფეისბუქგვერდზე მომხმარებელი. ge გამოქვეყნებული ინფორმაციები მოსახლეობას ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება – როგორ შევარჩიოთ რძის ნაწარმი, კვერცხი, პური, თაფლი, ხორცი და სხვა სამომხმარებლო პროდუქცია.
ნინო კაპანაძე
ასევე დაგაინტერესებთ
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.