ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 5 იანვრის სხდომაზე დაამტკიცა თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის  წესი.

ამ წესის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემია გაიცემა მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულების, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.

საკრებულოსგან მიღებული დადგენილების თანახმად, პრემიის გაცემის მიზანია დასაქმებულ პირთა წახალისებისა და მოტივაციის გაზრდა, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებული   კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირებზე (საჯარო  მოსამსახურეები) პრემიის გაცემის შესახებ ინიცირებას განახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი, ხოლო გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ თანამდებობის პირებზე (გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე, მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აგრეთვე გამგებლის თანაშემწეები და გამგებლის წარმომადგენლები), პრემიის გაცემაზე ინიცირებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის თაობაზე მიიღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსის წარდგინების საფუძველზე, საკითხის ინიცირების შემდეგ.

საკრებულოს თანამდებობის პირებზე (საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარე) პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საკრებულოს დადგენილების თანახმად, ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის ერთი თვის თანამდებობრივ სარგოს.

ამავე დადგენილების მიხედვით, პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ და ასევე არა უმეტეს წელიწადში სამჯერ „საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით.

ნინო კაპანაძე