
3 იანვარს პროფესიით პედაგოგი, მოწოდებითა და მთელი არსებით ლიტერატორი, ხარაგაულელი გივი გოგოლაძე 81 წლისა გახდებოდა.
გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, გივი გოგოლაძე ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა.
მისმა ლირიკულმა ლექსებმა, ნარკვევებმა, პუბლიცისტურმა წერილებმა, ფელეტონებმა ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე გამოჩენისთანავე მიიქცია მკითხველის ყურადღება.
გივი გოგოლაძის პირველი წიგნი – „ჩემი მერცხლები“ – 2000 წელს, მეორე – „ჯადოსნური ლამპარი“ – 2003 წელს გამოიცა. მას გამოსაცემად ჰქონდა მომზადებული მესამე კრებული – „კეთილ გულით მოძღვნილია“, – რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსცა მისმა მეუღლემ.
გთავაზობთ რამდენიმე ლექსს გივი გოგოლაძის კრებულიდან „კეთილ გულით მოძღვნილია“:
ჩემს თანატოლებს
თითქოს ხელებზე
გვკენკავდა აწმყოს
წუთისოფელი
ავდარ-დარობით,
განვლო ბავშვობამ,
სიჭაბუკესაც
დავემშვიდობეთ
თანდათანობით.
თანდათანობით
ვფურცლავთ მომავალს
და წარსულისკენ
გვრჩება ქანობი…
ლამაზი ქალი
ძიას გვეძახის
ჩვენც ვეთანხმებით
თანდათანობით.
უპირველესად ყოვლის
მთავარი არის მცნება
ყველა მცნებაზე მკაცრი,
რაც გინდა იყავ მერე,
ჯერ უნდა იყო კაცი!
გინდა მთას უყავ დრეკა,
გინდა ზღვას უყავ ხრაპი,
კაპიკი არის ფასი,
ჯერ თუ არ გქვია კაცი.
ნუ ელი ნურარაის,
იმედი გქონდეს არცრის,
უპირველესად ყოვლის
ჯერ თუ არა ხარ კაცი.
მამას
აღმართ და დაღმართ
აღმართ და დაღმართ
თუ რამ ჩემს ბილიკს
სიმაღლეს უცვლის,
მე მოვალ, შენს წინ
დავდგები უხმოდ,
როგორაც ადრე
ნიშნების ფურცლით.
გაბარებ პატაკს –
ჩემს წილ სიხარულს
და ჩემს წილ ჭმუნვას
თუ როგორ ვიტან,
შენ კი მიღიმი
მრავლისმეტყველად,
ოღონდ პატარა
გრანიტის ქვიდან…
ჩემი ხარაგაული
ცამდე აზიდული და
ჭალაკებში ჩაფლული,
ზებრისფერი ზეგნებით
ნაქარგ ზამთარ-ზაფხულით.
ალბათ სწორედ აქ იყო
შენახული უფლისთვის:
ზვარე, კიცხი, სახვლარი,
ვახანი და უბისი.
თითქოს უზენაესის
პალიტრითა და ფუნჯით
შემომჯდარა ბექობზე
ჩხერის ციხე-ფასკუნჯი.
დამიპურე გლეხკაცი
ყანავ, გადაფერდილო, –
ჩხერიმელას სილურჯით
მოხატულო ფერტილო.
კორტოხებზე შემდგარი
ლამაზ ოდა-სახლებით,
ერთურთს ეწონებიან
მოყვრები და მძახლები.
ჭაშნიკია მაჭრების,
აქაურ-იქაურის,
არომატი ტრიალებს
ციცქის, ცოლიკაურის.
ხვაშიადი მასპინძლის,
იმერული სიფათი –
ქალი – კდემამოსილი,
კაცი – ენაკვიმატი.
ენის წვერზე შემჯდარი
ადილაი, ადილო,…
მოდი, ჩემო ბატონო,
ჩვენთან წავისადილოთ.
მიიწვევენ ოჯახში
მგზავრს თუ წყალი სწყურია,
იქვე, ხეივანის ქვეშ
საზედაშე ჭურია.
წყურვილიც და შიმშილიც
სტუმარს მალე გაუვლის…
პრასიც გემრიელია
ჩემი ხარაგაულის.
გივი გოგოლაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება