ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრსა და სოფლებში ბევრი ფუნქციადაკარგული და უსახური შენობაა. მათი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაა, ნაწილი კი სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხება.
მფლობელობის მიუხედავად, ეს მოძველებული და მოუვლელი შენობები წლების განმავლობაში იშლებიან.
უკვე მეორეხარისხოვანი ხდება ის ფაქტი, რომ ისინი ქუჩის იერსახეს ამახინჯებენ. უმთავრესი მაინც ისაა, რომ ადამიანების სიცოცხლეს ექმნება საფრთხე. შენობებიდან მინები, ბათქაში, ქვები და სხვა სამშენებლო მასალა ცვივა. აქედან გამომდინარე, ტროტუარზე მოსიარულე ადამიანების სიცოცხლე დაცული არ არის.
ზოგიერთი დაზიანებული შენობა ღიაა მოქალაქეებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის. ეს კიდევ ცალკე პრობლემას ქმნის. ხარაგაულის მაცხოვრებლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით რამდენჯერმე მიმართეს, რასაც ქმედითი ნაბიჯი არ მოჰყოლია.
დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე განთავსებულ უნივერმაღის ყოფილ შენობას საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს. ხარაგაულში მოსულ სტუმარს ის თვალში ადვილად ხვდება და მასზე უარყოფით შთაბეჭდილებასაც ახდენს. შენობა იმდენად მოძველებულია, რომ წინა ფასადს მინის ნატეხები სცვივა, სახურავი კი დაზიანებულია. მიუხედავად ამისა, ხარაგაულელები იქ კომერციულ საქმიანობას მაინც განაგრძობენ.
სილამაზის სალონის მფლობელი მარი ნარსავიძე ამბობს, რომ ამ პრობლემაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს ესაუბრა.
„ეს შენობა დიდ საფრთხეს წარმოადგენს. არავინ არ არის დაცული. უამრავი შემთხვევა იყო და თვითმხილველებიც არსებობენ, თუ როგორ ცვივა ზემოდან მინები. საჭიროა, შენობას გარედან რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. სჯობს დროზე მიიღონ ზომები, თუ ამის საშუალება არის“, – ამბობს მარი ნარსავიძე.
ამავე შენობაში მუშაობს ნინო ლომიძე. ის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტანსაცმლით მოვაჭრეა. მისთვის ამ შენობის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„შენობა ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია. მეორე სართულზე ხუთი ქალი ვმუშაობთ. დროდადრო ჩვენი სახსრებით ვუვლით. სხვაგან ნამდვილად ვერ წავალთ, რადგან ქირაში 500-600 ლარის გადახდის საშუალება არ გვაქვს.
ჩვენი ოჯახების შენახვის ერთადერთი საშუალება აქ ვაჭრობაა. მთავრობა ჩვენს მდგომარეობას თუ გაითვალისწინებს, გაგვაჩერებს აქ და კოსმეტიკურად შეავლებს ხელს, მოხარული ვიქნებით. თუ არადა, მაშინ თავს ზემოთ ძალა არ არის“, – ამბობს ნინო ლომიძე.
ხარაგაულში შენობა, რომლის პირველ სართულზეც „აფთიაქი 36,6“ არის განთავსებული, თითქმის ერთი საუკუნისაა. ამ შენობის მეორე სართული ძლიერად არის დაზიანებული. აფთიაქის მფლობელი თამარ სხილაძე ამბობს, რომ მეორე სართულიდან ტროტუარზე ხშირად იყრება საშენი მასალა. ეს კი საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დღის განმავლობაში საკმაოდ დიდი ინტენსივობით გადაადგილდებიან.
„ჩემს აფთიაქში თუ შებრძანდებით, თქვენივე თვალით ნახავთ, რომ მეორე სართულიდან წყალი ჩამოდის და ბათქაში ცვივა. ჭერი მთლიანად დაზიანებულია. ვინმე რომ დაზარალდეს, პასუხისმგებელი ვინ იქნება, – კითხულობს თამარ სხილაძე, – მრავალჯერ მივმართე ყველა დროის მთავრობას.
ამ პრობლემის მოგვარება რთული საქმეა, რადგან შენობის მეორე სართული არც კერძო პირს და არც ეკონომიკის სამინისტროს არ ეკუთვნის. ის ყოფილი რაიკავშირის ბალანსზეა და რაიკავშირის მეპაიეების კუთვნილებაა. იმისათვის, რომ გაიყიდოს, ან სახელმწიფოს გადაეცეს, საჭიროა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 350 მეპაიეს შეკრება და მათი თანხმობა. ეს კი დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
მე რომ ეს შევაკეთო და შემდეგ ვინმემ დაისაკუთროს, ჩემი გაწეული ხარჯები ხომ ტყუილად გაიფლანგება. რაიმე დოკუმენტი მჭირდება, რითაც მომეცემა გარანტია, რომ თუ შევაკეთებ, მერე შესყიდვის უფლება მექნება. პატრონი თუ არ გამოუჩნდა ამ შენობას, მაშინ უნდა დაინგრეს, რომ მე ჩემი საკუთრების გადახურვა შევძლო. ეს ორი გამოსავალი არსებობს“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მრავლადაა შენობები, რომლებიც ყოფილი რაიკავშირის ქონებას წარმოადგენს. მათ შორისაა უნივერმაღის ყოფილი შენობაც. სახელმწიფოსა და რაიკავშირს შორის დავა მიმდინარეობს და აღნიშნულ ქონებას ყადაღა ადევს და ამ შენობების ბედი გაურკვეველია.
2006 წელს რაიკავშირს, საქართველოს მასშტაბით, ქონება ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა. თემურ ფცქიალაძე ყოფილი რაიკავშირის მეპაიეა. ის ამბობს, რომ წინა ხელისუფლების მხრიდან უკანონო ქმედება განხორციელდა და ზეწოლის შედეგად ქონება სახელმწიფოს ბალანსზე გადავიდა. ეს საქმე პროკურატურაშია და თითქმის 9 წელია, მეპაიეებს პასუხი არ მიუღიათ. სწორედ პროკურატურის პასუხზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა დავა სასამართლოში.
„ეს საქმე პროკურატურაში თაროზეა შემოდებული. მათგან არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ მოგვსვლია. მაქვს ინფორმაცია, რომ მათ ეს საქმე გამოიძიეს. ამ მომენტისთვის კოოპერაცია არის ინკასოს ქვეშ. ჩვენ არ გვაქვს ამ ქონების გასხვისების უფლება, მათ შორის არც სახელმწიფოსთვის გადაცემის, – ამბობს თემურ ფცქიალაძე, – გული მწყდება იმაზე, რომ ჩემი ქონება ნადგურდება და მე ვერაფერს ვაკეთებ.
ყველა მეპაიეს ძალიან დიდი ფინანსური ზიანი მოგვადგა. ჩვენ კანონიერად ვიქცევით და პროკურატურის დასკვნას ველოდებით. იმ შემთხვევაში, თუ ისინი იტყვიან, რომ ჩვენ ქონებას უკანონოდ ადევს ყადაღა, ყველა მასალა მზად მაქვს და მივმართავ სასამართლოს, სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან ის უკანონოდ მოიქცა. მუნიციპალიტეტს შეუძლია, რაიკავშირის კუთვნილ შენობებს გარედან რეაბილიტაცია ჩაუტაროს, გარე ფასადი შეალამაზოს. ეს ჩემთვის მისასალმებელი იქნება, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება, შიდა სივრცეს შეეხონ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ზურაბ ბანცაძე ამბობს, რომ პროექტი მზადდება, რომლის მიხედვითაც დაბა ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული ყველა უსახური შენობის გარე ფასადის რეკონსტრუქცია ჩატარდება.
„ჩვენ უსახური და ფუნქციადაკარგული შენობების მფლობელ კერძო მესაკუთრეებს წერილობით მივმართეთ. მათგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. სხვა ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნია. აქედან გამომდინარე, მუშავდება პროექტი, რომელიც კერძო მესაკუთრეების უსახური და დაზიანებული შენობების გარე ფასადების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ერთი კვირის წინ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვთხოვეს ფასადების გაზომვა. ჩვენ მათ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ. შეიძლება ეს პროექტი დღეს და ხვალ არ განხორციელდეს, მაგრამ მთავარია, რომ დღის წესრიგში დგას“, – ამბობს ზურაბ ბანცაძე.
ლიკა ხიჯაკაძე
ამავე თემაზე
ფუნქციადაკარგული და უსახური შენობების ბედი ხარაგაულში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი