53 წელი თეთრ ხალათში, ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში გაატარა. დიდი სიყვარულითა და სითბოთი იხსენებს კოლეგებს, ხარაგაულელ პაციენტებს, მეგობრებს. ამბობს, რომ ძალიან ენატრება ხარაგაული.
1955 წელს სამედიცინო ინტიტუტის დამთავრების შემდეგ ლიანა თარგამაძემ სამედიცინო საქმიანობა დმანისში დაიწყო. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე ბესიკ ორჯონიკიძე. დაქორწინდნენ და 1958 წლიდან ცხოვრება ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაში დაიწყეს. ლიანა ექიმს ღორეშის ათსაწოლიანი საავადმყოფო ჩააბარეს.
-ღორეშაში ბევრი სირთულე გადამხდა თავს, – იხსენებს ქალბატონი ლიანა, – მძიმე სამუშაო პირობები გვქონდა, – არც გზა იყო, არც მანქანა, არც სინათლე.
ღორეშაში ჩვენი საცხოვრებელი სახლი საავადმყოფოდან დიდი მანძილით იყო დაშორებული. ფეხით დავდიოდი. ბინაზე გამოძახებები ხშირი იყო. დღემდე განსაკუთრებული ემოციით ვიხსენებ ერთ ამბავს: -ელუბრაში შალვა მესხიშვილის ოჯახში მშობიარესთან გამომიძახეს. ელუბრა საავადმყოფოდან ყველაზე მოშორებული უბანია. ვღელავდი, რადგან პირველად უნდა მიმეღო მშობიარე. დამსვეს ცხენზე. მანამდე ცხენზე არასდროს ვმჯდარვარ. ცალკე ამაზე ვნერვიულობდი. მივედით ოჯახში. სინათლე არ იყო. გამოცდილი ექთანი ნაზი ნერგაძე მახლდა. არ შეგეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნებაო, – მითხრა. ლამპის შუქზე ვამშობიარე ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ტყუპი ვაჟი შეეძინა. ეს იყო ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა ჩემს საექიმო საქმიანობაში.
მერე ხუნევის თხუთმეტსაწოლიან საავადმყოფოში გადავედი, რადგან ჩემი მეუღლე ხუნევში ღვინის ქარხნის დირექტორად მუშაობდა. ბჟინევში სულიკო კაპანაძის მეუღლე სახლში ვამშობიარე. მას სამი ტყუპი შეეძინა.
1966 წელს, როცა ხარაგაულში რაიონული საავადმყოფო გაიხსნა, ლიანა თარგამაძემ მუშაობა თერაპიული განყოფილების გამგედ დაიწყო.
-ყველგან არაჩვეულებრივი კოლექტივი დამხვდა, – იხსენებს ლიანა ექიმი, უმაღლესი დონის სამედიცინო პერსონალი, გამოცდილები და ერუდირებულები. მაღალი დონის პროფესიონალები იყვნენ დათიკო შვანგირაძე, იაკინთე კიკნაძე, ლეგენდარული ირაკლი კიკვაძე, სტეფანე დევდარიანი, ლოლა გურგენიძე, მერი გოგიჩაძე, შოთა გურგენიძე, ცისანა კიკნაძე, ლუბა მჭედლიძე, თინა დევდარიანი, თინა კამკამიძე, ნიკო შველიძე, იური ბერაძე.
როგორც ერთი ოჯახი, ისე ვიყავით შეკრულები. ცუდი არავისგან არაფერი მახსენდება. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და პატივს ვცემდით.
უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტები გადაგვირჩენია. გვერდით მედგნენ ჩემი უმცროსი კოლეგები აზა ფურცელაძე, თამრიკო ჩხიკვაძე, თინიკო მჭედლიძე, დაგმარა წერეთელი, ნუგზარ ჯოგლიძე, რომან შავიძე. ძალიან კარგი, შრომისმოყვარე ახალგაზრდები იყვნენ. როგორც მე ვიყავი დღე და ღამე საავადმყოფოში, ისე იყვნენ ისინიც. განსაკუთრებით აზა, – გვერდიდან არ მშორდებოდა. მიფასებენ ამაგს და დღესაც მეუბნებიან, შენგან ვისწავლეთ ექიმობაო.
ოჯახისთვის ვერ ვიცლიდი. შვილები შეწუხებულები იყვნენ. ხათუნა სულ მეუბნებოდა, დედა, მე ექიმი უნდა გამოვიდე, შენ რომ დაღლილი იქნები, მე წავალ ავადმყოფთანო. ზაზა მსაყვედურობდა, – შენ გამო მშვიდი ძილი არ გვაქვსო. თუ საავადმყოფოში არ ვმორიგეობდი, მთელი ღამე ტელეფონი რეკავდა, ან სახლში მაკითხავდნენ პაციენტები.
ლიანა თარგამაძე ამბობს, რომ ხარაგაულში საუკეთესო, განათლებული, სიკეთით, სილამაზითა და ადამიანური ურთიერთობებით გამორჩეული ადამიანები ცხოვრობდნენ.
-რად ღირდა მარტო სადგურის უბნიდან რომ ჩამოვიდოდნენ – ეთერი, ქეთო, დარეჯან კიკნაძეები, გოგუცა დევდარიანი, კაწირა კიკნაძე, შოთა რობაქიძე, შოთა ჯოგლიძე, ჟორა ბლუაშვილი, – გვიამბობს ქალბატონი ლიანა, – ხშირად ჩემთან იკრიბებოდნენ. ჩვენ ოჯახში გვქონდა ტელევიზორი, ბილიარდი, რაც მთავარია, ღვინო. საუკეთესო საღამოები მახსოვს, – არაჩვეულებრივად მღეროდა პავლე სახვაძე. თემიკო დევდარიანი, შოთა ჩიკვაიძე, შოთა ხარატიშვილი, ვალოდა კელენჯერიძე თავიანთი ოჯახებით ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ. ძალიან დიდი სიყვარულით ვხვდებოდით ერთმანეთს.
რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მეუღლე 58 წლის ასაკში გარდამეცვალა, მაგრამ მაინც არ დავტოვე ხარაგაული. ჩემმა შვილებმა, – ხათუნამ და ზაზამ ხარაგაულში დაამთავრეს სკოლა. თბილისში მიიღეს უმაღლესი განათლება და აქვე დაიწყეს დამოუკიდებელი ცხოვრება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს შესანიშნავი რძალი, სიძე, არაჩვეულებრივი სამი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი. ოჯახის წევრები ყურადღებას და სითბოს არ მაკლებენ. ბედნიერი ვარ, რომ ხარაგაულელები არ მივიწყებენ. ვეღარ ჩამოვდივარ ხარაგაულში, მაგრამ აქ, თბილისში, მსტუმრობენ, ტელეფონით ხშირად მეხმიანებიან ნანი არევაძე, მზია ნადირაძე, ალეკო ბარბაქაძე, ზაური ჭუმბურიძე და მისი მეუღლე ირინა ბიბიჩაძე, ქეთინო აბრამიშვილი.
შრომის უნარს მმატებდა, როცა ვხედავდი, რომ ადამიანებს ვუყვარდი, მაფასებდნენ და პატივისცემით მხვდებოდნენ. ვცდილობდი, რომ გაათმაგებული ენერგიით დავხმარებოდი ყველას.
9 მაისს დავურეკე ჟორა ბლუაშვილს და მივულოცე გამარჯვების დღესასწაული. ძალიან გაეხარდა. მითხრა, 92 წლის ვარ და თქვენი დიდი დამსახურებაა, ამდენ ხანს რომ ვიცოცხლეო.
რაც შემეძლო, თავი რა დამიზოგავს, კეთილსინდისიერად ვმუშაობდი. სხვა არაფერია ჩემს ცხოვრებაში აღსანიშნავი…
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: ლიანა თარგამაძე;
ხარაგაულში სარვამარტო ღონისძიებაზე;
ხარაგაულელ ექიმთა ჯგუფი: ზაური ჭუმბურიძე, ლიანა თარგამაძე, თინა მჭედლიძე, რეზო ჯულაყიძე, გია ბერაძე, თემური პატარიძე, ვახტანგ არჯევანიძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“