პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ხარაგაულიდან კიდევ ერთი გამარჯვებული ჰყავს.

კიცხში ფერიდე ბერაძე ბეჭდვითი მომსახურების ოფისის გახსნას აპირებს.

„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში პირველად ჩავერთე, – ამბობს ფერიდე ბერაძე, – კონკურსი 2020 წლის ოქტომბერში გამოცხადდა. პასუხი ამ დილით მაცნობეს და ძალიან გახარებული ვარ.

კიცხსა და მიმდებარე სოფლებში ბეჭდვით მომსახურებაზე მოთხოვნა დიდია. ამისთვის მოქალაქეები, ძირითადად, ზესტაფონში დადიან.

მაქვს ჩემი მცირე საწარმო „ბარაქა“ და ზამთარში სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ინტერნეტით ვყიდდი. პროდუქციისთვის ეტიკეტი დამჭირდა და მაშინ გადავწყვიტე, რომ ამის გაკეთება მე თავადაც შემეძლო.

გრანტით მიღებული თანხით შევიძენ ტექნიკას – კომპიუტერებს, პრინტერებს და სხვა საჭირო დანადგარებს. მოსახლეობას ვთავაზობთ ფოტოების, ეტიკეტების ბეჭდვას, ასევე მაისურებზე, ჩანთებზე, ჭიქებზე სასურველი ფოტოებისა და წარწერის დაბეჭდვას.

პროექტში ჩემი თანამონაწილეობაა ის, რომ ოფისი, რომელსაც დავიქირავებ, გავარემონტო და საჭირო ავეჯით აღვჭურვო.

ბეჭდვითი მომსახურების ცენტრი კიცხში, საზოგადოებრივ ცენტრთან ახლოს განთავსდება“.

საგრანტო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის აგვისტოდან მოქმედებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ პროგრამის ფარგლებში 50 პროექტი განხორციელდა.