სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში შესატანი ცვლილებები დღეს, 5 აპრილს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ტაბატაძემ საკრებულოს წარუდგინა.

ამ ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამების დაფინანსება გაიზარდა:

  • ოპერაციებისა და სამედიცინო მომსახურებისთვის განსაზღვრული თანხა 700 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა;
  • გაორმაგდა სამედიცინო გამოკვლევებისთვის გასაცემი თანხის ოდენობა და 500 ლარით განისაზღვრა;
  • 150 ლარის ფარგლებში მედიკამენტებს ასევე შეუძენენ იმ პირებსაც, რომელთაც აქვთ კოვიდი და კოვიდის შემდგომი გართულებები. ამ დრომდე ამ პროგრამით მხოლოდ ეპილეფსიით, ბრონქიალური ასთმით, პარკინსონით დაავადებულები და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების  მქონე პაციენტები სარგებლობდნენ;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახს 200 ლარით დაეხმარებიან, თუ ამ ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 ათასია. ამ დრომდე ქულის ოდენობა 57 ათასი უნდა ყოფილიყო;
  • პირი, რომელიც უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს, მერიაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ლარს მიიღებს;
  • ომის ვეტერანები, რომლებიც ვერც ერთი სახელწიფო პროგრამით ვერ სარგებლობენ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარებას 500 ლარის ფარგლებში ერთჯერადად მიიღებენ, ოჯახის სოციალური მდგომარეობისა და ვეტერანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით;
  • 100 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა.
    თანხის გაცემამდე ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური ოჯახის სოციალურ მდგომარეობას შეისწავლის.