საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, ჯერჯერობით, ვერ გვარდება.

„ქართული ოცნება“ და ოპოზიცია, ვერც მარტო და ვერც ევროპელი დიპლომატების ჩართულობით, ვერ შეთანხმდნენ.

როგორ გავლენას მოახდენს ევროკავშირთან ურთიერთობებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეუთანხმებლობა და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ქვეყნის შიგნით, – ამის შესაფასებლად ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს მივმარეთ.

– ვფიქრობ, რომ დიდი პრობლემები გვექმნება დემოკრატიზაციის კუთხით, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში, – თუ საქართველოში არ დამყარდა კანონის უზენაესობა, ჩამოყალიბდა მართლმსაჯულების გამართული სისტემა, არასერიოზული იქნება ჩვენი განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე.

იმ ექვსი პუნქტის შეუსრულებლობა, რომელიც შარლ მიშელმა დაგვიტოვა, ასევე ხელს უშლის საკანონმდებლო ხელისუფლებისგან აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტიან კონტროლს, რაშიც ჩართული უნდა იყოს ოპოზიცია.

ქვეყნის შიგნით ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ერთპარტიული მმართველობა მყარდება. ყალიბდება რეჟიმი, რომელიც არ აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ იცავს უმცირესობის უფლებებს, მედიის თავისუფლებას. ვენეციის კომისიის დასკვნა სწორედ ამაზე მიუთითებს.

ეს პროცესები აისახება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე და, შესაძლოა, მოსახლეობაში დიდი იმედგაცრუება გამოიწვიოს – ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ გადაწყვიტოს ქვეყნის დატოვება და საცხოვრებლად სხვაგან წასვლა.

გამოსავალი  არის ის, რომ ორივე მხარემ რაღაც დათმოს, შეთანხმდნენ იმისთვის, რომ ცხოვრება წინ წავიდეს. ყოველი დღე ასე ჩიხსა და გაურკვევლობაში ყოფნის არის ჩვენი განვითარებისთვის დანაკარგი, რომლის გამოსწორებას ერთი და ორი კვირა არ ეყოფა. საბოლოოდ, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წინ ვერ წავალთ. აუცილებელია ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ტემპი აღვადგინოთ.

ნინო კაპანაძე

ასევე დაგაინტერესებთ:

ჩვენი ძალები გაერთიანებისაკენ მივმართოთ და არა პოლარიზებისკენ – მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე)

„ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთმანეთი პოლიტიკურ ჩიხში მოაქციეს