კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ძირითადი ნაწილი უახლოეს მომავალში მოიხსნება.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცნო საზოგადოებას, კონკრეტულად რა შეზღუდვების მოხსნა იგეგმება.
- სასტუმროები სამთო კურორტებზე მუშაობას განაახლებენ ხვალიდან, 25 თებერვლიდან, სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
- სამთო კურორტებზე არსებული საბაგიეროები გაიხსნება 8 მარტიდან;
- საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;
- რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1 მარტიდან, სხვა ქალაქებში კი – 8 მარტიდან;
- ძალაში დარჩება 21 საათიდან 5 საათამდე დაწესებული შეზღუდვა;
- კონფერენციები და ტრენინგები, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, განახლდება 1 მარტიდან;
- სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან;
- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისევე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან, აღმზრდელთა ტესტირებით 2 კვირაში ერთხელ;
- უმაღლესი და პროფესიული დაწესებულებები კლინიკური, ლაბორატორიული და პრაქტიკული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ რეჟიმში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას 15 მარტიდან;
- სასკოლო წრეები განახლდება 15 მარტიდან;
- მუზეუმები და ბიბლიოთეკები მუშაობას განაახლებენ 1 მარტიდან;
- თეატრები, სპორტული კლუბები, ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშების განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან; ხოლო წარმოდგენებისა და შეჯიბრების გამართვას შეძლებენ 1 აპრილიდან;
- არასასურსათო ვაჭრობა განახლდება 8 მარტიდან.
საქართველოში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს.