ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, 13 დეკემბერს, ხარაგაულში, მისივე სახელობის სამლოცველოში, სადღესასწაულო წირვა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ (კაპანაძე) აღავლინა.

წირვის შემდეგ მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, რომ ეს დღეს განსაკუთრებულია ხარაგაულისთვის. „დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა, რომლის სახელზეც არის ნაკურთხი ხარაგაულის სამლოცველო. ამავე დროს დღეს არის ამ ტაძრის წინამძღვრის ანგელოზის ხსენების დღე.“

მეუფე დიმიტრიმ ანდრია მოციქულის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა:

-ანდრია მოციქული ბეთსაითში ცხოვრობდა. კითხულობდა წმინდა წერილს და იცოდა, რომ უნდა მოსულიყო მესია. თავიდან დაემოწაფა იოანე ნათლისმცემელს. მეთევზე ანდრიას და მის ძმა პეტრეს უფალმა თევზაობისას უხმო და უთხრა, რომ ადამიანთა სულების მებადურები გახდებოდნენ. ამ დღის შემდეგ ანდრია მოციქული უფლის გვერდით იყო, – იხილა იესოს მიერ აღსრულებული სასწაულები, შეესწრო უფლის ჯვარცმას და მის მკვდრეთით აღდგომას.

უფლის ამაღლების შემდეგ დედა ღვთისმშობელს ხვდა წილად საქართველოში წამოსვლა საქადაგებლად. რადგან მოახლოებული იყო მისი ამქვეყნიდან გასვლის ჟამი, უფალმა აუწყა, რომ არ წასულიყო იერუსალიმიდან. ღვთისმშობელს წილხვედრ ქვეყანაში უნდა გაეგზავნა მოციქული ანდრია ხელთუქმნელი ხატით. ხატი კი ასე შეიქმნა – ღვთისმშობელმა მოატანინა ფიცარი, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა.“ ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმით ხელში.

ანდრია მოციქულმა თავიდან იქადაგა დიდ აჭარაში, სადაც ჩამოაყალიბა ეკლესია, ააშენა ტაძარი, ხოლო იქ, სადაც ხელთუქმნელი ხატი დააბრძანა, ამოვიდა დიდი და მშვენიერი წყარო.

შემდეგ ანდრია პირველწოდებული იმერეთში მოვიდა და მთაზე აღმართა რკინის ჯვარი. ამ მთას დღესაც რკინისჯვარს ვუწოდებთ. ანდრია მოციქულმა აწყურში აღასრულა დიდი სასწაული – მესხეთის მთავარს ერთადერთი გარდაცვლილი შვილი მკვდრეთით აღუდგინა. ამის შემდეგ მთავარი დაინტერესდა და მოსახლეობას მოუწოდა, მოესმინათ ანდრია მოციქულისთვის. ამან შეაწუხა წარმართული კერპების ქურუმები და ხალხი აამხედრეს მოციქულის წინააღმდეგ. ადამიანთა ნაწილი ამბობდა, რომ უნდა მოესმინათ მოციქულისთვის, ნაწილი მის გაძევებას მოითხოვდა. მოითათბირეს და საკერპოში დააბრძანეს ანდრიას ჩამოტანილი ხელთუქმნელი ხატი და მცველები დაუყენეს. მთელი ღამე ლოცულობდნენ ქურუმები და მოციქული. დილით ყველა კერპი დამსხვრეული და გაცამტვერებული დახვდათ, ხოლო ღვთისმშობლის ხატი ღვთაებრივი ნათელით ბრწყინავდა.

ამის შემდეგ, სლესის ციხესთან, დაბა აწყურთან, რომელსაც დღემდე მოქცევის ველს ეძახიან, ხალხი მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოექცა.

ანდრია მოციქულმა მოღვაწეობა გააგრძელა სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად აფახაზეთსა და სვანეთში. შემდეგ გზა გააგრძელა ჯიქეთისკენ და მივიდა იქ, სადაც ახლა კიევი მდებარეობს. მან იქადაგა, რომ გაშენდებოდა დიდი ქალაქი უამრავი ეკლესია-მონასტრით.

ამქვეყნიური ცხოვრება ანდრია მოციქულმა საბერძნეთში, ქალაქ პატრაში, დაასრულა. მას მთელი ქალაქი დაემოწაფა ქალაქის თავის, ეგაიტის, გარდა. ეგაიტის გადაწყვეტილებით მოციქული ჯვარზე დაკიდეს, რომ მისი ტანჯვა დიდხანს გაგრძელებულიყო. ორი დღე ჯვარზე ჩამოკიდებული ქადაგებდა და მასთან მისულ ადამიანებს ასწავლიდა ქრისტეს სჯულს – ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ქალაქის მაცხოვრებლებმა მოითხოვეს, რომ ჩამოეხსნათ ანდრია მოციქული, მაგრამ წმინდანმა შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გამხდარიყო. მოხდა სასწაული და ჯარისკაცებს, რომლებიც ცდილობდნენ მის ჯვრიდან ჩამოხსნას, ხელები შეებორკათ.

ანდრია მოციქულის წმინდა ცხედარი ქალაქის თავის მეუღლე მაქსიმილამ კეთილმორწმუნეებთან ერთად დიდი პატივით დაკრძალა. მეოთხე საუკუნეში მოციქულთა სწორი იმპერატორ კონსტანტინეს დროს ანდრია მოციქულის უხრწნელი ნაწილები დიდი ზეიმით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში.

რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოაბრძანეს ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა. ქართველმა ხალხმა ღირსეულად დააფასა მოციქული ანდრია. ამაზე მეტყველებს ის, რომ გვაქვს მისი სახელობის ტაძრები, წელიწადში ორჯერ აღვნიშნავთ ანდრია მოციქულის ხსენების დღესასწაულს.

ქართველებს მუდამ უნდა გვახსოვდეს ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან მაზიარებელის სახელი და განსაკუთრებული სიყვარული უნდა გვქონდეს ამ მოციქულის მიმართ, რადგან მისი ღვაწლით გაბრწყინდა საქართველო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მცირერიცხოვანი ქვეყნის დედა ეკლესიას აქვს სამოციქულო ეკლესიის ტიტული, სამოციქულო ღირსება და პატივი. ჩვენი მიწა გახდა იმის ღირსი, რომ წმინდა ანდრია მოციქულს ექადაგა.

ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ანდრია მოციქული იყოს შემწე თითოეული თქვენგანისა და სრულიად საქართველოსი. ანდრია პირველწოდებულის ლოცვით უფალმა განამტკიცოს ჩვენში მართლმადიდებლური სარწმუნოება.

ნინო კაპანაძე

meufe-dimitri-4

meufe_dimiti-2