ხარაგაულში, ზრდასრულთა განათლების ცენტრთან, სოციალური საწარმო – ავტომობილების კომპიუტერული დიაგნოსტიკის ცენტრი ამოქმედდება.

„ავტომანქანების კომპიუტერული დიაგნოსტიკა და შეკეთება უახლესი, ძვირადღირებული აპარატურით მოხდება. იგეგმება სხვადასხვა სახის მომსახურებების დანერგვა.

სოციალურ საწარმოში დასაქმდებიან და ხელობას უფასოდ შეისწავლიან ავტოხელოსნობით დაინტერესებული პირები. უპირატესობა უმუშევრებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მიენიჭებათ“, – ამბობს ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი გიორგი მუხურაძე.

ავტომობილების კომპიუტერული დიაგნოსტიკის ცენტრი ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის უკანა ეზოში განთავსდება. ამჟამად ამ ადგილის დასუფთავება და კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

მოსწავლეებს, რომლებიც ამ პროფესიის შესასწავლად მაქსიმალურ დაინტერესებას გამოიჩენენ, ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი უფასოდ გადაამზადებს „თეგეტას“ სერვისცენტრებში. სოციალურ საწარმოსთან ერთად ადგილზე გაიხსნება  ავტონაწილების მაღაზია.

„ხარაგაულელ ავტომფლობელებს მანქანის ნაწილებისათვის სხვა ქალაქებში წასვლა აღარ მოუწევთ და მომსახურებას ადგილზე მიიღებენ. ავტომობილების შეკეთება სოციალურ საწარმოში სტანდარტული ფასები ეღირება. მიღებული შემოსავალი ზრდასრულთა განათლების ცენტრს მოხმარდება.

სოციალური საწარმოს გახსნა DVV International საქართველოს ოფისის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. მადლობა მათ, რომ ზრდასრულთა განათლების ცენტრის ფუნქციონირების დაწყების დღიდან გვერდში გვიდგანან და ხარაგაულის განვითარებაში გვეხმარებიან. სოციალური საწარმო – ავტომობილების კომპიუტერული დიაგნოსტიკის ცენტრი – იანვრის ბოლოდან ამოქმედდება,“ – ამბობს გიორგი მუხურაძე.

ზრდასრულთა განათლების ცენტრი ხარაგაულში 2019 წელს გაიხსნა.

თამთა გოგოლაძე