ვახანში მცხოვრებმა დავით ინასარიძემ, ბოლო სამი წელია, დაიწყო ზრუნვა ვახანისწყალზე საქონლის სასაკლაოს მოსაწყობად. როგორც თავად გვიამბობს, ის ამ საქმის პროფესიონალია და ხელისუფლებისგან შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში, სასაკლაოს მოწყობის შემდეგ, გეგმავს სამაცივრე მეურნეობის, ხორცის გადამამუშავებელი მცირე საწარმოსა და ფერმის შექმნას.

დავით ინასარიძემ 1982 წელს, ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ, ცხოვრება რუსეთში გააგრძელა. მისი ბიძები კვების მრეწველობაში საქმიანობდნენ. მანაც გადაწყვიტა, შეესწავლა ეს დარგი. სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაშოვში დაამთავრა ტექნიკუმი, შემდეგ უმაღლესი განათლება კიევში მიიღო. პარალელურად საქმიანობდა ძეხვეულის დამამზადებელ ქარხანაში.

„მე, როგორც აქ დაბადებულ და გაზრდილ ადამიანს, გული მტკივა, რომ ხარაგაულში არ არსებობს საქონლის სასაკლაო. შევადგინე პროექტი შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით, ვიხელმძღვანელე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სასაკლაოს მოწყობის მოთხოვნებით. ხარაგაულს სჭირდება საქონლის სასაკლაო. მოსახლეობას უსაფრთხო პროდუქცია უნდა მიეწოდოს. ჯანსაღ კვებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. მაქვს შესაბამისი გამოცდილება და უნარი, რომ ამ საქმეს ჩავუდგე სათავეში,“ – ამბობს დავით ინასარიძე.

დავით ინასარიძემ პროექტი წარუდგინა ადგილობრივ ხელისუფლებას – საკრებულოსა და გამგეობას; გასული წლის ზაფხულზე – პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილს. „გადავეცი ყველა დოკუმენტაცია, მაგრამ არავინ დაინტერესდა, დღემდე არავითარი პასუხი არ მიმიღია,“ – ამბობს დავით ინასარიძე და გვიამბობს, რომ მისი საკუთრებაა ტერიტორია, სადაც საქონლის სასაკლაო უნდა აშენდეს, აქვსტრანსფორმატორი. ხელისუფლებისგან შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხის 60%-ისინვესტირებას თავად გეგმავს. პროექტის საერთო ღირებულება125 ათასი ლარია.

„მარტო ჩემი კაპიტალით ვერ შევძლებ. გრძელვადიანი, კომპლექსური საქმეა გასაკეთებელი – საქონლის სასაკლაო, სამაცივრე (არა მხოლოდ ხორცის შესანახად), გადამამუშავებელი ქარხანა და მინი ფერმა. ამით ხალხიც დასაქმდება და მუნიციპალიტეტსაც შემოსავალი ექნება. კარგად ვიცი ტექნოლოგიური პროცესი, როგორ დავიცვა ვეტერინარული და სანიტარული ნორმები. მოსახლეობას ხარისხიანი პროდუქცია მიეწოდება და გლეხს შემოსავალი გაუჩნდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხშირად აყენებენ საკითხს საქონლის სასაკლაოს შექმნაზე. ამ დროს იქ დევს ჩემი პროექტი, ხარჯთაღრიცხვა, ბიზნესგეგმა შესაბამისი  დასაბუთებით. ველოდები, როდის მიპასუხებენ, სჭირდება თუ რა მუნიციპალიტეტს მსგავსი პროექტის განხორციელება,“ – ამბობს დავით ინასარიძე.

ის უკრაინაში, ბელორუსიასა და რუსეთში არაერთ საწარმოში ხელმძღვანელობდა ტექნოლოგიურ პროცესს. ახლახან გეგუთში, საწარმო „ნობათში“ მიიწვიეს.

„როგორცვახანელს და ხარაგაულელს, მაინტერესებს, რომ ეს საქმე აქ განვავითარო, თორემ ბიზნესის კეთება სხვაგანაც შეიძლება. ხარაგაულში მოსახლეობას ძირითადად მესაქონლეობით გააქვს თავი. თუ გლეხს ეცოდინება, რომ პირუტყვი მეტ სარგებელს მოუტანს, განავითარებს საკუთარ მეურნეობას,“ – ამბობს დავით ინასარიძე.

ნინო კაპანაძე