სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ტურიზმის წილი ქვეყნის ეკონომიკაში 7%-ზე მეტია. კორონავირუსის პანდემიამ ამ სფეროს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
რას ვთავაზობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსულ ტურისტებს პანდემიის შემდეგ, რა და როგორ უნდა გაკეთდეს მომავალში, – ამის შესახებ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელს, ბაქარ ბარბაქაძეს ვესაუბრეთ.
– პირველ რიგში, აუცილებელია ახალი ტურისტული მარშრუტების მოძიება და მათი მარკირება, – ამბობს ბაქარ ბარბაქაძე, – ხარაგაულში ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილია, რომელიც ტურისტმა უნდა მოინახულოს. ამ კუთხით აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ.
პანდემიამდე ერთი ახალი ტურისტული მარშრუტის მომზადება მოვასწარით. ეს არის წითელხევის ხეობის მარშრუტი ღორეშა-ამაშუკეთი-ბჟინევის ტერიტორიაზე. ამ მარშრუტში შედის ასევე კოზმანისა და უბისის ეკლესიების მონახულება. ეს ორდღიანი ტური იქნება – კარვებში ღამისთევით, რადგან ამ ეტაპზე სოფლებში ოჯახური სასტუმროები არ არის.
ამ მარშრუტის გავლა ცხენებითაც შესაძლებელია. ადგილობრივ მოსახლეობას ტურისტების ცხენით მომსახურება შეუძლია. სოფლების გზაზე ულამაზესი ხედებია.
ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება შრომატევადია. ამჯერად წითელხევი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოსა. ნიშნულებია მოსაწყობი, სადაც კონკრეტული მარშრუტის სიგრძე უნდა იყოს დატანილი. ამის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ყოველწლიურად ხარაგაულში მოქმედი სკოლების მოსწავლეები დაგვყავს. პანდემიის შემდეგ ეს ტურები გაგრძელდება. ეროვნულ პარკს თავისი ნიშა აქვს. სოფელ სახვლარში შესაძლებელია ეკოტურიზმის განვითარება. მოსახლეობა იქ ეკოლოგიურად სუფთა რძის პროდუქტებსა და თაფლს აწარმოებს.
ასევე მოსაწყობია დევის ხვრელსა და ცაშეკრულას კანიონის ინფრასტრუქტურა.
დევის ხვრელისკენ მიმავალ გზაზე მოაჯირიანი კიბეები უნდა გაკეთდესს. აუცილებელია მისი განათება და შესაბამისი ნიშნულის დადგმა. ხანდებში, ცაშეკრულას კანიონში, საჭიროა ხუთამდე ხიდის მოწყობა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ძეგლია ჩხერის ციხე. ეს ისტორიული ძეგლი უნდა განათდეს და იქ დროშა უნდა აღიმართოს. მატარებლით ან მანქანით მიმავალი მგზავრებისთვის ჩხერის ციხე მიმზიდველი უნდა გახდეს. კეთილმოწყობილი გზა ციხის ძირამდე მიდის. ტურისტს ფეხით 200 მეტრის გავლა მოუწევს. ხარაგაულში მოსული ტურისტი, ისტორიულ მუზეუმს რომ ნახავს, მერე დევის ხვრელი და ჩხერის ციხე უნდა შევთავაზოთ. ეს ერთ დღეში შესაძლებელია.
სამომავლო გეგმებზე სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად ვიმსჯელეთ. მალე ახალარჩეულ მერს შევხდებით და ჩვენს გეგმებს გავაცნობთ. ხარაგაულის ღირსშესანიშნავ ადგილებამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უმთავრესია. კონკრეტული საკითხები ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს.
ნინო კაპანაძე
ასევე დაგაინტერესებთ
რა პრობლემებზე საუბრობენ ხარაგაულში ოჯახური სასტუმროების მფლობელები
ნუნისში ტურიზმის განვითარებას უგზოობა და ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობა აფერხებს
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების