ბალნეოლოგიური კურორტი ნუნისი წელს პირველად დამსვენებლებს ზამთრის სეზონზე ეპატიჟება.

კურორტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნინო პავლიაშვილი ამბობს, რომ დამსვენებლები შემოდგომაზეც ჰყავდათ. მანამდე ნუნისი საზაფხულო კურორტი გახლდათ.

„ნუნისის კლიმატის, ბუნების, ღირსშესანიშნავი ადგილების გამო, დამსვენებლებს სურვილი უჩნდებათ, რომ აქ ოთხივე სეზონზე მოვიდნენ, – ამბობს ნინო პავლიაშვილი, – კორონავირუსის პანდემიის პირობებში, დამსვენებელთა უსაფრთხოების მიზნით, მასშტაბური სამუშაოები ჩავატარეთ როგორც ფიზიკურად, ისე პერსონალის დატრენინგების კუთხით.

კურორტის ტერიტორიაზე პერსონალსა და დამსვენებლებს შორის კონტაქტი მინიმალურია. პერსონალის ნაწილი აქვე ცხოვრობს და, ფაქტობრივად, იზოლაციაში არიან. ადგილზე მოსულ ყველა სტუმარს თერმოსკრინინგს ვუტარებთ. უცხოელი ტურისტები წელს არ გვყოლია. დამსვენებლებს თავი დაცულად რომ არ ეგრძნოთ, ზამთარში აქ მოსვლას არ გადაწყვეტდნენ.

გასულ კვირაში გუდაურის სათხილამურო სკოლის პროფესიონალი ინსტრუქტორები მოვიწვიეთ. გვინდა, ნუნისში სათხილამურო ბილიკები მოეწყოს. მათ ახლომდებარე ბილიკები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით შეისწავლეს.

კურორტ ნუნისის ერთ-ერთი მთავარი მარკეტინგული სტრატეგია ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობაა. კურორტზე დასაქმებულების 80% ადგილობრივია. მათგან სეზონზე ათასობით ლარის პროდუქციას ვიძენთ. ვისაც მანქანა ჰყავს, ისინი კურორტს ტრანსპორტით ემსახურებიან.

დამსვენებლებს ღირსშესანიშნავი ადგილების მოსანახულებლად გიდობას ადგილობრივები უწევენ. ზვარეს თემის მოსახლეობასთან თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ყველაზე მთავარი პრობლემა ამ სოფელში უგზოობაა. დამსვენებელთა ნაწილმა ზამთარში ადგილების დაჯავშნა ამ პრობლემის გამო გააუქმა. ახლა აღარც მატარებელი დადის და თუ მაღალგამავლიანი ავტომანქანა არ ჰყავთ, ისე კურორტზე ვერ მოვლენ.

მეორე სერიოზული პრობლემა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობაა. ახლომდებარე სოფლებში, როგორც ვიცი, რამდენიმე ინტერნეტპროვაიდერი შევიდა. ნუნისში ტურიზმის განვითარებას ეს ორი პრობლემა – უგზოობა და ინტერნეტის არქონა აფერხებს.

ოდესმე ამ სოფლების გაზიფიცირება თუ მოხდება, ადგილობრივ მოსახლეობასაც ძალიან წაადგება და კურორტსაც, რადგან მომსახურების სფეროში მხოლოდ ელექტროენერგიით მუშაობა ძნელია.

ნინო კაპანაძე

P. S. თუ ახალი წლისა და ზამთრის სეზონის კურორტ ნუნისში გატარება გსურთ, დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოთ შემდეგ ნომერზე – 599225580.

ფოტოებზე: კურორტი ნუნისი, გუდაურის სათხილამურო სკოლის ინსტრუქტორები ნუნისში.

ასევე დაგაინტერესებთ

ინფრასტრუქტურის განვითარება ტურიზმის ხელშემწყობია