
კორონავირუსის პანდემიამ რეალური ურთიერთობები ვირტუალურით ჩაანაცვლა.
ზოგს ცხოვრების უჩვეულოდ გაგრძელება გაუჭირდა, ზოგს ამის შესაძლებლობა – ინტერნეტი და ტექნიკა – არ აღმოაჩნდა. ზოგმა კი დრო უფრო რაციონალურად გამოიყენა და წარმატებებს მიაღწია.
ბორითის სკოლის მეთერთმეტეკლასელი მარიამ რიკაძე ამბობს, რომ პანდემიის პერიოდი მისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა. 2019 წლის ნოემბერში მან, როგორც წარჩინებულმა მოსწავლემ, განათლების სამინისტროსგან ლეპტოპი დაიმსახურა.
შემდეგ ბორითის სკოლაში ჩატარებული ესეების, კალიგრაფიისა და ლექსის მხატვრული კითხვის კონკურსებში გაიმარჯვა და პირველი ადგილი მოიპოვა.
გაიმარჯვა საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ „სიტყვით გამოსვლის ონლაინ კონკურსში“, რომელიც განახორციელა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა, გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. ამ კონკურსში 222 მონაწილეს შორის მარიამი საუკეთესოდ მიიჩნიეს ნომინაციაში „ყველაზე საინტერესო მასალების წარმდგენი“. ასე მოხვდა საქართველოს მასშტაბით 40 მოსწავლესთან ერთად პროექტში – „დებატები უკეთესი განათლებისთვის“.
– ონლაინ საჯარო დებატისთვის მაქსიმალურად ვემზადებოდი, – ამბობს მარიამ რიკაძე, – ტრენინგებიც გვიტარდებოდა ინტენსიურად. მონაწილეობა მივიღე ონლაინ საჯარო დებატში „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის 6 წლისთავს მიეძღვნა და რომლის მხარდამჭერიც იყო საქართველოს პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტი. დამაჯილდოვეს, როგორც ამ პროექტის „აქტიური მონაწილე“.
პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართა ონლაინ ვებინარი, იუნისეფის მხარდაჭერით, ფსიქოლოგ თამარ გაგოშიძესთან, მე კი ვებინარის ერთ-ერთ წამყვანად სამოტივაციო წერილით შემარჩია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა.
გაზაფხულზე განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსში ჩავერთე. დავწერე ესე „სპორტი და გენდერული თანასწორობა“ და გავიმარჯვე. ხარაგაულის #2 სკოლის გარემოს დამცველთა კლუბისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ დაფინანსებით შემოდგომაზე კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით კონკურსი ჩატარდა. ჩემი ესსე – „კლიმატი იცვლება“- ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია.
განსაკუთრებით მიხარია საბავშვო ლიტერატურულ კონკურსში „ოქროს ბუმბული“ – მიღწეული წარმატება თემით „ჩემი საყვარელი საბავშვო წიგნის ალტერნატიული დასასრული“.
კონკურსებში მოპოვებული წარმატებებისთვის ბორითის სკოლამ დამაჯილდოვა სიგელით „სასკოლო და შემოქმედებით აქტივობებში წარმატებული ჩართულობისთვის“. ვარ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე და ჩვენი სკოლის კლუბის ეკოსპიკერი. წელს ამ კონკურსის ნახევარფინალში გადავედით.
ასე რომ, პანდემიის დროს ჩემი შესაძლებლობები სწორად გამოვიყენე და უფრო გავძლიერდი.
მიხარია, როცა ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ მასახელებენ. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მშობლებს, ოჯახს, მასწავლებლებს, რომლებიც მუდამ მამხნევებენ. როცა ადამიანებს შენი სჯერათ, უბრალოდ უფლებაც არ გაქვს, მათ იმედი გაუცრუო.
პატარაობიდანვე მიზნად დავისახე, ვიყო წარმატებული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
მაფიქრებს ბავშვთა უფლებების საკითხი და ვფიქრობ, ამ მხრივ არც თუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. ბევრი ბავშვი, პანდემიის პერიოდში, განათლებას ვეღარ იღებს იმიტომ, რომ ხელი არც ინტერნეტზე და არც კომპიუტერზე მიუწვდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ სოციალური უზრუნველყოფის სფეროში რეფორმები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
ბავშვები ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი, რაც მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს. ამ კუთხითაც ახალგაზრდების ცნობიერება უნდა ამაღლდეს.
რაც შეეხება ონლაინ სწავლებას, დადებითი მხარეა ის, რომ ზედმეტი დრო არ გვეხარჯება და სახლში, ჩვენთვის კომფორტულ გარემოში ვსწავლობთ. თუმცა ბევრ მოსწავლეს დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა არ აქვს. ონლაინ რთულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლა. კომპიუტერის ეკრანთან მუდმივად ყოფნა ჩვენს ჯანმრთელობასაც ზიანს აყენებს. თუმცა, ამჟამად დისტანციური სწავლა საუკეთესო გამოსავალია.
მომავალში საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლას ვაპირებ. მიმაჩნია, რომ ამ სფეროში საკუთარ თავს ყველაზე კარგად ვიპოვი. შევძლებ, გლობალური პრობლემები სიღრმისეულად შევისწავლო და მათ მოგვარებაში ჩემი წვლილი შევიტანო.
ნინო კაპანაძე
ასევე დაგაინტერესებთ
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის