
აბიტურიენტობა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მოსწავლის ცხოვრებაში. ეს ნამდვილად ის საფეხურია, როცა იწყებ ფიქრს, რა გინდა მომავალში. არჩევ პროფესიას და განსაკუთრებული შემართებით ემზადები ეროვნული გამოცდებისთვის.
მიზნის მისაღწევად აღარც თავს ზოგავ. თუმცა, სამწუხაროდ, ისეთი რაღაცებიც ხდება, რასაც წინასწარ ვერ გათვლი. ალბათ ასეთი იყო Covid-19, რაც ჩემს აბიტურიენტობას ქარიშხალივით დაატყდა.
საკმაოდ რთული აღმოჩნდა იმის გააზრება, რომ მთელი შენი განათლება ინტერნეტის კარგ კავშირზე ხდება დამოკიდებული. ყველაფერს ონლაინ რეჟიმში აგრძელებ და მეგობრებთან დროის გატარებას მხოლოდ messenger კომუნიკაცია ანაცვლებს.
ალბათ პირველი, რაზეც ფიქრი დავიწყე იყო საფრთხე, რომელიც ჩემი განათლების ხარისხს დაემუქრა. პირველად გავიაზრე, რომ კომპიუტერი მასწავლებელთან უშუალოდ მუშაობას ვერ შეგიცვლის. ყველა აბიტურიენტისთვის ძნელი, მტკივნეული იყო „ბოლო ზარის“ გარეშე დარჩენა.
თითოეული გაკვეთილი, რომელიც პანდემიის გამო გაცდა, ჩემსა და სტუდენტობას შორის იყო აღმართული კედელი, რომლის გადალახვასაც მთელი ძალებით ვცდილობდი და გამომივიდა.
კარანტინის პერიოდში არაერთხელ მიფიქრია, რომ გამოცდებზე არ გავიდოდი, რადგან შესაძლოა, ჩემთვის სასურველი შედეგი ვერ მიმეღო. მიუხედავად ამისა, მასწავლებლების შემართება და სტუდენტობაზე ფიქრი ფსიქოლოგიურად მაინც მაძლიერებდა.
დღეს მე სტუდენტი ვარ იქ, იმ უნივერსიტეტში, რომელიც მიზნად და ოცნებად მქონდა. ახლა ჩემს მდგომარეობას, ვფიქრობ, სხვა აბიტურიენტები გადიან. ისევ პანდემია, კვლავ ნახევრად გაცდენილი გაკვეთილები და რისკები.
ახლა მინდა ჩემი გამოცდილება მათ გავუზიარო, ვინც ახლაა აბიტურიენტი; ვისაც ახლა უწევს, დაიწყოს საკუთარი თავის პოვნა მომავალში.
მთავარი მაინც მოტივაცია და მიზნისაკენ სწრაფვაა. ფსიქოლოგიურად გამხნევება და შემართება აუცილებლად მოიტანს შედეგს. თუ შენ ფიქრობ, რომ დანებება ღირს, – ცდები. დანებება იოლი გამოსავალია, რაც აბიტურიენტს არასდროს გამოადგება.
მინდა ყველა აბიტურიენტს გითხრათ, რომ თქვენი სურვილები უმნიშვნელოვანესია და მათი ასრულება თქვენზეა დამოკიდებული. Covid-19 ახალი გამოწვევაა ყველასთვის. ის ბევრად „ახალი“ ხილი იყო მაშინ, როცა მე აბიტურიენტი ვიყავი და ახლა, როცა უკვე პირველ კურსზე ვარ, მაინც ვფიქრობ, რა იქნებოდა რომ დავნებებულიყავი და შრომა არ გამეგრძელებინა.
ასეთ შემთხვევაში სტუდენტობის, საუკეთესო კურსელებისა და ახალი, გასაოცარი გარემოს გარეშე დავრჩებოდი. აბიტურიენტმა ბევრი უნდა იფიქროს სტუდენტობის ტკბილ-ცხარე სურნელზე და ნამდვილად მიიღებს შედეგს.
რთულია, როცა გაკვეთილის იერსახე იცვლება, სკოლის ნაცვლად ლეპტოპთან მიდიხარ და დღის 90% -ს მასთან ატარებ. თუმცა მაინც იმაზე უნდა განაგრძნო ფიქრი, რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს.
ყველა აბიტურიენტს ვურჩევდი, რომ არასდროს მოდუნდნენ. როგორადაც არ უნდა შეიცვალოს სიტუაცია, არ შეცვალო მიზანი, შეცვალე იქამდე მისასვლელი გზა. ბოლოს კი აუცილებლად ყველაფერი შესანიშნავად იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის