სოფელი ბჟინევი ცენტრალური მაგისტრალიდან შვიდი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იგი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია თავისი ბუნებით, მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით. ტყის ძვირფას სახეობებთან ერთად არის მარმარილოს და აზბესტის საბადოები, რომელიც ცალკე შესწავლის საგანია ეკონომიკური თვალსაზრისით.

ჩვენთვის საინტერესოა მდიბარე ბჟინევურას ნაპირზე კიზელთის დასაწყისში 25-30 მეტრის სიმაღლეზე კლდეში არსებული მღვიმე.

გავესაუბრეთ ბჟინევში მცხოვრებ ჯიული და გელა გოგოლაძეებს, რომელთაც მღვიმის მცირე მონაკვეთი აქვთ დათვალიერებული. ჯიული გოგოლაძე, რომელიც მღვიმეში დაახლოებით 55 წლის წინ იმყოფებოდა, განმარტავს, რომ შესასვლელიდან 15-20 მეტრის გავლის შემდეგ არის ჩასასვლელი სამი მეტრით დაბლა, სადაც 25-30 მ2 მრგვალი ფორმის დარბაზია. დარბაზიდან გასასვლელი ჩახერგილია, გაუწმენდავია და გასვლა შეუძლებელია. იგივეს ადასტურებს გელა გოგოლაძე და ამატებს, რომ დარბაზში შეინიშნება სტალაქტიდები და სტალაგმიტები.

საინტერესოა სოფელ ვერტყვიჭალაში მცხოვრები თენგიზ გოგოლაძის ნაამბობი, – მღვიმის შესასვლელი სიგანით ერთი მეტრი, სიმაღლით კი 2 მეტრზე მეტია. 25 მეტრის გავლის შემდეგ სამი მეტრით დაბლა ჩანს ჩაღრმავებული მრგვალი ფორმის ღრმული, რომელსაც გასასვლელი აქვს მარჯვნივ და მარცხნივ. მარჯვენა გასასვლელი რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ წყდება, მარცხენა გასასვლელი გრძელდება და სადამდე მიდის, არ იცის. რამდენიმე მეტრიდან გაწმენდის გარეშე შესვლა შეუძლებელია. იმას იქით რომ სიცარიელეა, აშკარად იგრძნობა.

საჭიროა სპეციალისტების მოწვევა. ვინ იცის, რა აღმოჩენის წინაშე ვდგავართ და ეს ადგილი, შესაძლოა, ტურიზმის თვალსაზრისითაც საინტერესო გახდეს. მღვიმედან ერთი კილომეტრის დაშორებით არის მე-17-მე-18 საუკუნის ამაღლების სალოცავი.

თამაზი გოგოლაძე

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი