იმერეთი პირველია საქართველოს რვა რეგიონს შორის, სადაც გუბერნატორმა, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, მუშაობის ანგარიში ჩააბარა საზოგადოებას.

ქუთაისში, სასტუმროში „ბაგრატი – 1003“ იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ერთწლიანი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ იმერეთის გუბერნიასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები (თორმეტივე მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და გამგებლები), იმერეთის რეგიონის მაჟორიტარი და პარტიული სიებით გასული დეპუტატები, საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების, ყველა უწყების რეგიონალური სამსახურების ხელმძღვანელები, შშმ პირები, შემოქმედებითი კოლექტივების, მასმედიის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სპორტსმენები და სხვ.

„ჩვენგან ნათქვამი პირველი სიტყვა იქნება იმ საზოგადო მადლიერების, რომელიც თქვენი ღირსების არჩევანმა განაპირობა 2012 წელს, – აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა, – თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ წარმატებებსა და პრობლემებზე, გასაკეთებელსა თუ გაკეთებულზე, მხოლოდ თქვენი სურვილების, თანამოაზრეობის და საერთო ძალისხმევის იმედითაა, რადგან ჩვენ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ცხოვრების ფორმამ უკვე შეცვალა ბევრი სიტყვის შინაარსი და მათ შორის – „გუნდის,“ რომელშიც არა მარტო პარტიები და კოალიციები იგულისხმება, არამედ ვიგულისხმებით ჩვენ ყველა ერთად, – ხელისუფლება და მოქალაქე, პოლიტიკოსი, სტუდენტი და ექიმი, ხელოვანი, გლეხი, პედაგოგი და სპორტსმენი, – ყველა, ვისაც უკეთესი საქართველო უნდა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც ახალი წესები და ახალი ქვეყანა უნდა ააშენოს და ამ ყველაფრის ღერძი ადამიანია, მისი მთავარი ფასეულობით, – თავისუფლებით, პასუხისმგებლობითა და ღირსებით.

ამ გუნდის ხიდად უნდა იქცეს გუბერნიის ადმინისტრაცია, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების ყველა გზავნილს, ყველა პრინციპს სწორად მოიტანს რეგიონში და ამავე დროს რეგიონსაც მისცემს იმის საშუალებას, მუნიციპალიტეტთან ერთად, რომ სწორი სტრატეგიები, სწორი ხედვები ჰქონდეს. რაც მთავარია, უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს.“

ზაზა მეფარიშვილმა აღნიშნა, რომ კანონით დადგენილ ვადაზე ადრე და წარმატებით განხორციელდა იმერეთის გუბერნიაში რეორგანიზაცია.

„ჩვენ ავიღეთ კურსი იქეთკენ, რომ მუნიციპალიტეტებთან აღგვედგინა ის დამოკიდებულება და კომუნიკაცია, რომელიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტებს გუბერნიასთან აღარ ჰქონდათ, – აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა, – შევეცადეთ, ახალი გზავნილი გაგვეკეთებინა, გზავნილი იმისა, რომ გუბერნიის ადმინისტრაცია არის კარგი პარტნიორი, ვისთან ერთადაც შეიძლება მუშაობა, კონსულტაციებისა და რეკომენდაციების მიღება; პარტნიორი, რომელიც ხელს შეუწყობს სამინისტროებთან მუნიციპალიტეტების ურთიერთობას მათი პრობლემების მოსაგვარებლად.“

იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა თვითმმართველობის ახალ კოდექსს „რეალური დეცენტრალიზაციის პირველი ნაბიჯი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამ კოდექსმა „დიდი ძალა მოიტანა რეგიონებში. ბევრი ფიქრობდა, რომ სარისკო იყო გამგებლობისა და მერობის კანდიდატებისთვის 50 პროცენტიანი ზღვარი, მაგრამ სამაგიეროდ, ლეგიტიმაცია მივიღეთ ბევრად მაღალი.“

გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მაღალმთიან რეგიონებში, სამწუხაროდ, ადმინისტრაციაში დანიშვნაა ადამიანის დასაქმების ერთადერთი შესაძლებლობა, თუმცა, საშტატო ერთეულების არსებული ოდენობით შენარჩუნება მიზანშეწონილი ნამდვილად ვერ იქნებოდა. თვითმმართველობის ახალმა კოდექსმა საშტატო განრიგი დაარეგულირა. თუმცა, როგორც ზაზა მეფარიშვილმა აღნიშნა, პრემიერ მინისტრთან საკითხის დაყენების შემდგომ, მაღალმთიანი სოფლებისთვის გარდამავალ ეტაპზე განისაზღვრა ოდნავ მეტი საშტატო ერთეული, რომლებიც ძირითადად მიიმართება არა გამგეობების, არამედ სოფლის წარმომადგენლების ინსტიტუტების გაძლიერებაზე.

თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით, 2015 წლიდან ადმინისტრაციული ხარჯი, შრომის ანაზღაურება აღარ უნდა იყოს საერთო ხარჯის 25 პროცენტზე მეტი. თუმცა, ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს თანამშრომლის წახალისების შესაძლებლობა, –  როდესაც უფროს სპეციალისტს აქვს 450 ლარი ანაზღაურება და მთელი წლის განმავლობაში საპასუხისმგებლო საქმეს კარგად აკეთებს, ხელმძღვანელს უნდა შეეძლოს, მოტივაციის გასაზრდელად პრემიის თუ სახელფასო დანამატის გაცემა.

გუბერნატორმა ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა იმერეთში განხორციელებულ პროექტებზე განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების, ენერგეტიკის სფეროებში, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ.

განათლების საკითხებზე საუბრისას გუბერნატორმა აღნიშნა, რომ იმერეთში განსაკუთრებულად იციან განათლებისა და სწავლის ფასი. შვილისთვის განათლების მიცემა ოჯახისთვის არის უპირველესი და უპირობო. მანვე ისაუბრა მოსწავლეთა ტრანსპორტირების, რეაბილიტირებული სკოლების, პროფსასწავლებლების აღდგენის მნიშვნელობაზე და ამ პროექტების განხორციელების სიკეთეზე.

„ხარაგაულსა და საჩხერეში ცხრა ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, – აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა, – გვაქვს გარკვეული ხარვეზები ხარისხთან დაკავშირებით, რაც, ვიმედოვნებთ, რომ 2015 წელს აღარ იქნება.

ყველაზე დიდი პრიორიტეტი განათლების კუთხით საბავშვო ბაღების რაოდენობის გაზრდაა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში უკვე მობრუნდნენ ახალგაზრდები სოფელში იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, გზა აღდგა და საბავშვო ბაღი აშენდა.“

ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით საუბრისას ზაზა მეფარიშვილი შეეხო „ადითის“ მფლობელობაში მყოფი საავადმყოფოების პრობლემებს: „იმერეთში ეს საკითხი სამ მუნიციპალიტეტს შეეხო. განსაკუთრებით მტკივნეულია ეს ხარაგაულისთვის. მადლობა ჯანდაცვის მინისტრს, რომ ხარაგაულისთვის გადაიდგა პირველი ნაბიჯები და შეირჩა ტერიტორია ახალი საავადმყოფოს ასაშენებლად. ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ძველი შენობის რეაბილიტაცია, რადგან იპოთეკით არის დატვირთული ოფშორულ ზონაში და სამართლებრივად რაიმეს ინვესტირება შეუძლებელია.

ხარაგაულში წელს აშენდება მულტიკომპლექსური ბლოკი, რომელიც შემდგომში ლაბორატორიად გადაკეთდება. მომდევნო წელს კაპიტალურად დასრულდება შერჩეული შენობის ძირითადი ნაწილი,“ – ბრძანა გუბერნატორმა.

ზაზა მეფარიშვილმა ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხშირად ვერ საქმდება ადგილობრივი მოსახლეობა იმის გამო, რომ თუ პიროვნება სოციალური დახმარების მიმღებია, ასეთი ერთჯერადი სამუშაოს შესრულებისთვის ანაზღაურების მიღება იწვევს სოციალური დახმარების შეწყვეტას.

გუბერნატორის თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მუნიციპალიტეტების სოციალურ პაკეტს. რეალურად იმერეთის მუნიციპალიტეტების ხარჯვითი ნაწილის მხოლოდ 2-დან 7 პროცენტამდეა გამოყოფილი იმ სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, რომელიც მუნიციპალიტეტმა უნდა განახორციელოს თავისი მაცხოვრებლების დასახმარებლად. ამ მაჩვენებელმა აუცილებლად უნდა აიწიოს ხარჯვითი ნაწილის 10-15 პროცენტამდე მაინც. მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ადმინისტრაცია მხოლოდ თავის თავს ინახავს და ბიუჯეტი მხოლოდ ადმინისტრაციის ხელფასებსა და ხარჯებზეა მიმართული.

განსაკუთრებულად შშმ პირებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ინფრასტრუქტურის კუთხითაც. ქუთაისმა უკვე დაგეგმა პანდუსების მშენებლობა ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან 2015 წლისთვის. იგივეს მოვუწოდებ ყველა მუნიციპალიტეტს.

კულტურის საკითხებზე საუბრისას გუბერნატორმა აღნიშნა, რომ „ხარაგაულის რეაბილიტირებულ  კინოთეატრში მართლაც ძალიან კარგი ღონისძიება გაიმართა.“

დასუფთავება და ნერგების დარგვა უნდა იყოს პრიორიტეტი. საზოგადოების მენტალიტეტიც უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს ამ მიმართულებით.

2014 წელს იმერეთის რეგიონში რეგიონული განვითარების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა 38 705 031 ლარით.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად იმერეთში გამოიყო 8 549 264 ლარი.

იმერეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ინფრასტრუქტურისთვის გამოიყო 6 291 019 ლარი.

სოფლის მეურნეობის თემაზე საუბრისას ზაზა მეფარიშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამები უნდა განხორციელდეს მიზნობრივად, ინდივიდუალურად, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე. „არა მხოლოდ იმერეთს აქვს განსხვავებული სპეციფიკა, არამედ ზემო იმერეთი სხვა სპეციფიკის მატარებელია, ქვემო იმერეთი – აბსოლუტურად სხვა სპეციფიკის.

ბოლო ორი წელია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და გრძელდება ხვნა-თესვის პროგრამა, თუმცა ხშირ შემთხვევაში სწორად უნდა განვსაზღვროთ რესურსების მიზნობრიობა. კარგი იქნება, აგროდაზღვევა იმერეთისთვის ცალკე პაკეტად რომ  შემოვიდეს, იმერეთის სპეციფიკის გათვალისწინებით.

მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს მუნიციპალიტეტების მუშაობა გლეხებისთვის კოოპერირების მიმართულებით ინფორმირებასა და სარგებლიანობის კუთხით დარწმუნებაში.

gubernatori3

gubernatori2

საქმიანობის ორი წლის ანგარიში ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას ასევე წარუდგინეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ, მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა,  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

შეხვედრა პროექტის „საქართველოს მთავრობა – ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

ლაურა გოგოლაძე