24 აპრილს, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი და მისი მოადგილე კობა გოგსაძე სოფელ ხევის მოსახლეობას შეხვდნენ. მოსახლეობა გასული წლის შემოდგომაზე ექსპლუატაციაში შესული იმ ხიდის აღდგენას ითხოვს, რომელიც თოვლის დნობის შედეგად მოდიდებულმა მდინარემ სანახევროდ წაიღო. ადგილობრივები ხიდის დაზიანების მიზეზად მის უხარისხოდ მშენებლობას ასახელებენ.
ამ ხიდის აგებამდე ამავე ადგილას ფუნქციონირებდა 1984 წელს აშენებული ხიდი, რომელმაც გასული წლის ივლისში მოვარდნილ ძლიერ ღვარცოფს გაუძლო.
`მაშინდელმა ღვარცოფმა ყველაფერი დაანგრია, მაგრამ 1984 წელს გაკეთებული ხიდი გადარჩა იმიტომ, რომ ხარისხიანად იყო აგებული. ახლახან გაკეთებული ხიდი კი ორ თვეში გამოვიდა მწყობრიდან, მასზე დახარჯული თანხა წყალშია ჩაყრილი, – ამბობს წაქველი უსუპი ხაჩიძე, – ახლახან რომ თოვლის დნობისას მდინარე მოდიდდა, ასეთი წყალდიდობა აქ ყოველ წელსაა. მშენებელმა ხიდზე 150 წლის გარანტია მოგვცა და სამი თვეც კი ვერ გაძლო. ისიც კი არ ვიცით, ამ ხიდზე რა ოდენობის თანხა გაიხარჯა. მშენებელიც დამნაშავეა და ვინც ასეთი უხარისხო ხიდი ჩაიბარა, ისიც. თერთმეტი წაქველი მასწავლებელი, ოთხმო-ცი ბავშვი და მათი მშობლები ამ ხიდით სარგებლობენ.~
ხეველი გელა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ `ბიუჯეტის ფული, რომელიც ხალხისაა, რადგან ხალხისგან გადახდილი გადასახადებისგანაა შედგენილი, წყალში არ უნდა გადავყაროთ ტყუილად და მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს. ეს ამ მთავრობისთვისაც კარგი იქნება და ჩვენთვისაც.~
საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი ამბობს, რომ ეს ხელისუფლებისთვის უფრო იქნება კარგი, რადგან `ამით ხელისუფლების მუშაობა გამოჩნდება.~ იგი ხევის ახლადაგებული ხიდის დაზიანების მიზეზს ხიდის დაპროექტებაში უფრო ხედავს, ვიდრე მშენებელი ორგანიზაციის შეცდომებში: `მშენებელს რომ დავაბრალოთ, ამას მტკიცებულებები უნდა. ამ ხიდის დაზიანებას მე უფრო ვაბრალებ პროექტის ავტორს.~
საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს მხოლოდ სოფლის პროგრამებით განხორციელე-ბული პროექტების მიმდინარეობას და სამინისტროსგან დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში ვერ ერთვებიან. თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, რომ აქტიურად ჩაერთონ მათ სოფლებში განსახორციელებელ პროექტებში.
საკრებულოს თავმჯდომარე ხეველებს დაჰპირდა, რომ დაზიანებული ხიდი აღდგება. `ალბათ უფრო გრძელი, მოცულობით დიდი ხიდი გაკეთდება. საკითხი დაყენებულია. გვპირდებიან, რომ საპროექტო ჩქარა ჩამოვა და ამ საქმეს მოევლება,~ – ამბობს აკაკი მაჭავარიანი.
შეკრებაზე მოსახლეობამ აღნიშნა, რომ მათ არავინ ჰკითხა, რომელ ადგილას სურდათ ხევში მშენებარე სოფლის განვითარების ცენტრის აგება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერჩიათ, ეს ცენტრი დღევანდელ ადმინისტრაციულ და სკოლის შენობებთან ახლოს აშენებულიყო.
ხევის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე (ბაჩუკი) გორგაძე ამბობს, რომ ეს არც მისთვის უკითხავს ვინმეს: `ჩვენც არ შეგვკითხვიან, სად აეგოთ სოფლის სახლი. მე დავაყენე საკითხი, რომ სოფლის ცენტრში, სადაც მოსახლეობას სურდა, იქ აშენებულიყო, მაგრამ ჩემს სიტყვაზე ეს არ გადაწყვეტილა. ჩვენ ვიდავეთ, მაგრამ შეარჩიეს სხვა ადგილი. მოვიდა გუბერნატორი და შეარჩია.~
ტერიტორიის შერჩევასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე ამბობენ, რომ გუბერნატორმა სოფლის განვითარების ცენტრის ასაგები ადგილი არქიტექტორის რჩევით შეარჩია. `გუბერნატორი მოვიდა და მან გადაწყვიტა. პროექტის ავტორმა ურჩია გუბერნატორს, რაიონის ხელმძღვანელობას, სად დამშვენდებოდა ეს შენობა. არქიტექტორმა მოარგო ეს პროექტი ტერიტორიას, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.
`პირველი სართული დაიხურა, მერე მოხსნეს სახურავი და მეორე სართული უნდა დავადგათო. ცხრაჯერ ცვლიან პროექტს,~ – უკვირთ ხეველებს.
მოსახლეობამ დაზიანებული ხიდის აღდგენის მოთხოვნის პარალელურად დააყენა სამასალე ხე-ტყით სარგებლობისა და ელექტროენერგიის აბონენტთა გამრიცხველიანების საკითხები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 5 კბმ-მდე მოცულობის სამასალე ხე-ტყის მიღება პრობლემა აღარ არის და ამისთვის მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს ადგილობრივ ხელისუფლებას.
რაც შეეხება ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას, ეს პროცესი მიმდინარეობს გრაფიკის მიხედვით. ხევის მაჟორიტარი დეპუტატის, ბაჩუკი გორგაძის, ინფორმაციით, ხევის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფლები 2014 წელს გამრიცხველიანდება. მოსახლეობამ ხელისუფლებას გამრიცხველიანების დაჩქარება სთხოვა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ მხოლოდ საკითხის დაყენება შეუძლია და არა გადაწყვეტილების მიღება.
მოსახლეობას, უსახსრობის გამო, უჭირს მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება.
`საჯარო რეესტრში გვაქვს მიწები დასარეგისტრირებელი. მოუსავლიანი მიწების გამო ჩვენს წინაპრებს ბატონი არ ჰყოლიათ. გლეხებმა როგორღაც ირჩინონ თავიო, – გადასახადებს არ ჰკრეფდნენ თურმე აქედან. თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს მცირე ფართობის რამდენიმე ნაკვე-თი. თითოეულის დასარეგისტრირებლად უნდა გადაიხადო 51 ლარი, პლუს ნახაზის ღირებულება. ხუთ-ექვს ნაკვეთად რომ ფლობ 0,25 ჰა მიწას, მისი დარეგისტრირება რაც ჯდება, ჩვენთვის ძალიან დიდია ეს თანხა, – აღნიშნა უსუპი ხაჩიძემ და ხელისუფალთ ამ გადასახადის შემცირებაზე ზრუნვა სთხოვა, – თუ რამე შეგიძლიათ, ისე მაინც გავაკეთოთ, რომ ოჯახზე იყოს გადასახდელი 51 ლარი, ან შემცირდეს როგორღაც.
აკაკი მაჭავარიანმა ამაზეც უპასუხა, რომ არც ეს საკითხია ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტი: -არსებობს კანონი და მე ამ კანონს ვერ შევცლი, მაგრამ საკითხს დავაყენებთ, თუ გამოგვივიდა რამე.
-სად არის ჩვენი პარლამენტარი, ვინც ასეთი საკითხები უნდა გადაწყვიტოს, ოთხი წლის წინ რომ მოვიდა, – ამირჩიეთ, ამირჩიეთო, სად არის ის კაცი?! – დეპუტატი მოიკითხა დათო ტაბატაძემ, – სურათი მაინც გამოაგზავნოს, რომ არ დაგვავიწყდეს, როგორია?! საერთოდ არ მოსულა არჩევნების შემდეგ. წარმომადგენლები მაინც არ ჰყავს რაიონში? დეპუტატი, რომელიც ავირჩიეთ პარლამენტში, მოვიდეს ჩვენთან და გვითხრას რამე. მან უნდა დასვას ეს საკითხი, მაგრამ ზის პარლამენტში თავისთვის და ხალხი არ ადარდებს. გადაეცით, რომ მოვიდეს და შეგვხვდეს ხეველებს.
შეხვედრაზე სოფლის განვითარების პროგრამით შემოზიდული სასმელი წყლის მილების უხარისხობაზე ისაუბრა უსუპი ხაჩიძემ და აღნიშნა, რომ მისი უბნელების სურვილი – `პლასტმასის~ მილების ნაცვლად რკინის მილები შემოეზიდათ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გაიზიარა:
`სოფლის განვითარების პროგრამა რომ ხორცილედება, კარგია, მაგრამ ჩემს უბანში შემოზიდული პლასტმასის მილები თხელი და უხარისხო გამოდგა. ამოდენა თანხა ფაქტიურად წყალში ჩაიყარა და დღეს ისევ შესაცვლელია.
შემოგვეტანა ცოტა და რკინის, რომელიც იქნებოდა `პლასტმასის~ მილებზე გამძლე და ხარისხიანი.~
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა გოგსაძემ აღნიშნა, რომ წყლის მილებს იძენენ ატოსფერული წნევის გამძლეობის მიხედვით და შეკრებილთ ურჩია, რომ თანასოფლელთაგან ერთ-ერთი დარეგისტრირდეს ინდმეწარმედ, რომ ამ პროექტების განხორციელებაში ჩართვაც და მასალების ხარისხის კონტროლიც თავად შეძლონ.
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან