„ჩემი ხარაგაულის“, სპექტრის“ (გურჯაანი), ოკრიბანიუსის (ტყიბული), „მთავარი სამეგრელოში“ (ფოთი) და „სამხრეთის კარიბჭეს“ (ახალციხე) რედაქტორები ლაურა გოგოლაძე, მაია ყალაბეგაშვილი, გიორგი სულაძე, ინგა გვასალია და ნინო ნარიმანიშვილი ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთის“ მიწვევითა და „კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის“ (დირექტორი თინათინ დვალიშვილი) მხარდაჭერით ვიმყოფებოდით პოლონეთის ქალაქ პოზნანში სტაჟირებაზე.

როგორ უწყობს ხელს გაზეთი პორტალს და პორტალი გაზეთს, ფეისბუკის პროფილის რედაქტირება მკითხველის მცირე ჯგუფისთვის, თვითმმართველობის თანამშრომლობა ადგილობრივ მედიებთან, როგორ მოვიზიდოთ მკითხველი თანარედაქტირებისათვის, რა უყვარს მკითხველს, – ამ და ჩვენთვის საინტერესო სხვა უამრავ თემაზე გავიზიარეთ გამომცემლებისა და რედაქტორების – პიოტრ პიოტროვიჩის, ბეატა ფრანჩკოვიაკპიოტროვიჩის, კატაჟინა სკლეპიკის, ვოიჩეხ სიკორსკის და მიხალ გურალი გამოცდილება პოზნანისა და იაროჩინის გამომცემლობებსა და ველიკოპოლსკას საკაბელო ტელევიზიაში.

შევხვდით პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორს რემიგიუშ კოზინსკის, რომელმაც ახალგორიდან დევნილ პოზნანის უნივერსიტეტის ხუთ ქართველ სტუდენტსაც შეგვახვედრა.

ქალაქ იაროჩინში მოვინახულეთ პოლონური როკის მუზეუმი. საოპერო სპექტაკლს დავესწარით პოზნანის სტანისლავ მონიუშკოს სახელობის ოპერის თეატრში.

პოზნანში იწყება პოლონეთის, როგორც სახელმწიფოს, ათასწლოვანი ისტორია.

პირველი პოლონური სამლოცველო პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს, 11 ნოემბერს, მოვინახულეთ. წელს 96 წელი შესრულდა პოლონეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების დღიდან.

11 ნოემბერს პოზნანელები ასევე აღნიშნავენ ქალაქის მფარველის, წმინდა მარჩინის, დღესასწაულს.

პოზნანელები ამ დღეს მიირთმევენ როგალიკს, – ტრადიციულ ნამცხვარს, რომელმაც ევროკავშირის სერტიფიკატი მიიღო.

ლეგენდის მიხედვით, ტაძარში მოძღვარმა იქადაგა, რომ ზამთარი გვიახლოვდება და ღარიბებს უნდა დავეხმაროთ. ქადაგების შემდეგ ერთ-ერთ პოზნანელს, ტკბილეულის საცხობის მეპატრონეს დაესიზმრა ცხენზე ამხედრებული წმინდა მარჩინი. სიზმარში მის ცხენს დაეკარგა ნალი. ტკბილეულების საცხობის პატრონი უყვიროდა წმინდა მარჩინს, რომ მისმა ცხენმა დაკარგა ნალი, მაგრამ წმინდა მარჩინმა არ მიაქცია ყურადღება და წავიდა.

-ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს ეს სიზმარი, – ჩაფიქრდა ნამცხვრების მცხობელი და გადაწყვიტა, რომ ნალი – ეს არის როგალიკის, – ნამცხვრის ფორმა, – იქნებ ეს იმის ნიშანია, რომ ამ ქადაგების მოსმენის შემდეგ უნდა შევქმნა ნალის ფორმის ნამცხვარი, რომელსაც ღარიბებს დავურიგებ.

ეს იდეა სხვა მცხობელებმაც აიტაცეს და უკვე ასი წელია, 11 ნოემბერს მთელი ქალაქი მიირთმევს ამ ნამცხვარს.

კიდევ ერთი სახალისო ისტორია პოზნანის არაოფიციალურ სიმბოლოს, – თხებს უკავშირდება.

პოზნანში მეფეს ელოდნენ, მზარეულს კი ტახი დაეწვა. ქალაქი დღესასწაულობდა მეფის სტუმრობას და ამიტომ მზარეული ვეღარაფერს იყიდდა. უცბად მოედანზე მზარეულმა დაინახა ორი თხა უპატრონოდ. სასწრაფოდ შეათრია სამზარეულოში თხები. ისინი ისეთი მოხერხებულები აღმოჩნდნენ, რომ დაუყოვნებლივ აირბინეს სახურავზე და მორთეს კიკინი. მეფემ მოითხოვა აეხსნათ, თუ რას აკეთებდნენ თხები სახურავზე. შეშინებულმა მზარეულმა ყველაფერი აღიარა. მეფემ გაიცინა, მაგრამ იმისთვის, რომ მეფის მოტყუება უნდოდათ, ქალაქი უნდა დასჯილიყო. მეფემ გადაწყვიტა, რომ ამ ამბის ნიშნად ქალაქმა უნდა დაამონტაჟოს საათი, საიდანაც ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს, „გამოვლენ“ თხები. ამით ყველას ეხსომება, რომ პოზნანში მეფის მოტყუებას ცდილობდნენ.

ძველი პოზნანის მთავარ მოედანზე, ყოველდღიურად 12 საათზე თხები შეახსენებენ პოზნანელებსა და ქალაქის სტუმრებს, რომ საუკუნეების წინ პოზნანში მეფის მოტყუებას ცდილობდნენ.

პოლონეთში ქართველი გამომცემლების სასწავლო ვიზიტი დამთავრდა. მე და ჩემი კოლეგები სამშობლოში საინტერესო გამოცდილებითა და ახალი იდეებით დავბრუნდით.

ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთი“ ქართული ადგილობრივი გამომცემლობებისთვის გამოცდილების გაზიარების ახალ გზებსა და მეთოდებს გეგმავს.

„ქართულ ადგილობრივ გაზეთებთან შვიდწლიანი თანამშრომლობის პერიოდში ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ, – ამბობს ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთის“ (პოლონეთი) წარმომადგენელი აგნეშკა ნოვინსკა, – თავდაპირველად ჩვენ კარგად შევისწავლეთ ქართული გაზეთების საჭიროებები, ქართველმა გამომცემლებმა კი – ჩვენი შესაძლებლობები, თუ რა სფეროში შეგვეძლო მათი დახმარება.

გაზეთი ეკონომიურად მყარად უნდა იდგეს ფეხზე, საზოგადოებას რომ დაუჭიროს მხარი; მაქსიმალურად რომ გადასცეს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებას საგანმანათლებლო დარგში და ხელებზე რომ უყუროს თვითმმართველობას. ვფიქრობ, შესამჩნევი წინსვლა გამოიკვეთა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ერთობლივი პროექტების განხორციელებისას მცირე განცხადებებთან, დისტრიბუციასთან და ვებგვერდებთან დაკავშირებით.

ვიმედოვნებ, რომ ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთი“ ქართულ ადგილობრივ გაზეთებთან ერთად მომავალშიც განახორციელებს პროექტს ქართული რეგიონული მედიის განვითარებისა და გაძლიერებისათვის,“ – ასე შეაფასა შვიდწლიანი მუშაობა აგნეშკა ნოვინსკამ ქართველი გამომცემლების პოლონეთში სასწავლო ვიზიტისას.

ქართულ-პოლონური პროექტი დაფინანსდა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის პროგრამის, ასევე პოლონურ-ამერიკული ფონდის „თავისუფლება“ პროგრამა RITA-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისათვის.

ლაურა გოგოლაძე

stajireba_polonetshi_33 stajireba_polonetshi_32 stajireba_polonetshi_30 stajireba_polonetshi_31 stajireba_polonetshi_29 stajireba_polonetshi_25 stajireba_polonetshi_20 stajireba_polonetshi_18 stajireba_polonetshi_13 stajireba_polonetshi_12 stajireba_polonetshi_10 stajireba_polonetshi_11 stajireba_polonetshi_7 stajireba_polonetshi_6 stajireba_polonetshi_3

media-1 media-4 media-5 media (3) media (2)