დღეს საჭესთან ქალი იშვიათი მოვლენა აღარ არის, თუმცა საზოგადოებაში მაინც არსებობს  გარკვეული სტერეოტიპი ქალ მძღოლებთან დაკავშირებით.

ხარაგაულში არაერთი ქალი, მათ შორის ქეთევან შარიქაძე, ავტომობილის მართვის ტექნიკას კარგად ფლობს.

მართვის მოწმობა 12 წლის წინ აიღო და ოთხი წელია, რაც მიკროავტობუსს მართავს.

„ყველას უკვირს, სრულიად უცხო ადამიანები ფოტოებსაც ხშირად მიღებენ. მიკროავტობუსს ისე ვატარებ, როგორც მსუბუქ ავტომობილს. რთულ საავარიო ვითარებაში მოვხვედრილვარ და იქედან კარგი მანევრით გამოვსულვარ. ავტომობილისთვის საბურავისა და ნათურის გამოცვლა, ზეთის შეცვლაც თავად შემიძლია. ვფიქრობ, რომ სქესს მნიშვნელობა არ აქვს, ქალისთვისაც  და კაცისთვისაც ავტომობილი ერთნაირად საჭიროა. ცუდი მძღოლი შეიძლება კაციც იყოს და ქალიც“.

ავტომობილის მართვის საკმაოდ დიდი პრაქტიკა აქვს რუსუდან გიორგაძეს. ის დაახლოებით 45 წელია, რაც საჭესთან ზის. მეგობრები და ახლობლები მასზე ამბობენ, რომ კარგი მძღოლია. ჩვენთან საუბრისას იხსენებს პერიოდს, როდესაც ქალი მძღოლები საზოგადოებას ძალიან უკვირდა.

„45 წლის წინ თბილისში ავტომობილის საჭესთან ძალიან ცოტა ქალი იჯდა. ერთ-ერთი მე ვიყავი. ინსპექტორები მცნობდნენ. ახლა ქალი საჭესთან ჩვეულებრივი მოვლენაა. თავიდანვე ჩემი ავტომობილი მყავდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ავტომობილის მართვა კარგად ვისწავლე და საკმაოდ თამამად დავდივარ.

ქალს ავტომობილი აუცილებლად უნდა ჰყავდეს. ჩემი შვილები სკოლაში, წრეებზე, დაბადების დღეებსა და გამოსაშვებ საღამოებზე მე დამყავდა. ავტომობილი რომ არ მყოლოდა, ვერაფერს გავაკეთებდი.

მხოლოდ ეგაა, რომ ძალიან სწრაფად ვმოძრაობ. თბილისიდან რომ მოვდივარ და უბისაში ვარ, თუ ჩემი ოჯახის წევრი მირეკავს, ვეუბნები, ქარელთან ვარ-თქო. ხარაგაული-თბილისის გზაზე რომ ერთ მოსახვევში ვიდეოთვალია, მავიწყდება და სწრაფად გავივლი ხოლმე. იმ წუთსავე ვიღებ ჯარიმას. მგონი, ხარაგაულის ბიუჯეტს მე ვავსებ“.

რუსუდან გიორგაძე ამჟამად სოფელ სარგვეშში ცხოვრობს, სადაც მოსახლეობას ტრანსპორტირების პრობლემა აქვთ. ამიტომ ხარაგაულში რომ მოდის, სულ მცირე, ხუთი ადამიანი მოჰყავს და მიჰყავს. ამას გარდა, პროდუქტებსაც აბარებენ ხოლმე.

„ჩემი მეუღლე მეხუმრება ხოლმე, ავტომანქანა უნდა გამოცვალო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი უნდა გახდეო. მთელი სოფელი მირეკავს, სამსახურში როდის მიდიხარო. პროდუქტებსაც ხშირად მაბარებენ“.

დალი მერაბიშვილმა მართვის მოწმობა 63 წლის ასაკში აიღო და ამით ბავშვობის ოცნება აიხდინა.

„წლების წინ ქალი მძღოლი მიუღებელი იყო, მაგრამ ეს დამოკიდებულება ახლა საგრძნობლად შეიცვალა. საჭესთან ძალიან ფრთხილი ვარ. წესებს ვიცავ და ნელა ვმოძრაობ. ამის გამო ჩემი შვილი ხშირად მსაყვედურობს. სად მეჩქარება? ჯერ ჯარიმა არ მიმიღია. ავტომობილი ისეთივე აუცილებელია ქალისთვის, როგორც სხვა ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ნივთი.

მიყვარს, როდესაც ადამიანებს ვეხმარები და ჩემი ავტომანქანით მიმყავს. ხშირად ქუჩაში უცნობებისთვისაც გამიჩერებია. ადამიანების მადლიერება მახარებს. მართვის მოწმობა 5 წლის წინ ავიღე. ყველას უკვირდა, 63 წლის ასაკში ბილეთებს როგორ ისწავლიო. თეორიული გამოცდა პირველივე გასვლაზე ჩავაბარე, პრაქტიკულ ნაწილზე კი მესამე ცდაზე გამიმართლა. მონდომება მთავარია“.

5 წელია, ავტომობილი ჰყავს ნათია მესხსაც. თვლის, რომ ქალები კარგი მძღოლები არიან და არსებული სტერეოტიპი უსაფუძვლოა.

„არასდროს დავჯარიმებულვარ. სწრაფად არ ვმოძრაობ, რადგან სხვა მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეთა მიმართ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ხშირად მიწევს ავტომობილისთვის ზეთის გამოცვლა და ეს ძალიან კარგად გამომდის“.

ლიკა ხიჯაკაძე

ფოტოზე – ქეთევან შარიქაძე
თამთა გოგოლაძის ფოტო