

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები აფასებენ.
რომან შერგელაშვილის თქმით, „ვერც ერთ წელს ვერ შევძელით, რომ პროგრამულ ბიუჯეტთან მიახლოებული მაინც იყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. სამსახურს კი არ უნდა ვაფინანსებდეთ, უნდა ვაფინანსებდეთ პროგრამას, თუ გვინდა, რომ შედეგზე იყოს ორიენტირებული.
ჩვენ ასე ვაკეთებთ – არის სამსახური და იქ დასაქმებულთა ხელფასებზე ვაგებთ ბიუჯეტს. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ თვითმმართველობა არ ყოფილა არც მაშინ, არც ახლაა და კარგა ხანს კიდევ არ გვექნება.“
რომან შერგელაშვილი მიიჩნევს, რომ მაგალითად, კულტურის ცენტრს უნდა ჰქონდეს პროგრამა, რომელ სოფელშია კონცერტის ჩატარებისა თუ სხვა ღონისძიების გამართვის მოთხოვნა. „ეს არის პროგრამული ბიუჯეტი. სხვაგვარად გაუგებარია, რა სარგებელს იღებს სარგვეშის, ბაზალეთის თუ სხვა სოფლის მოსახლეობა კულტურის ცენტრის საქმიანობიდან და იქედან, რომ იქ ხალხია დასაქმებული,“ – ამბობს დეპუტატი.
დეპუტატ კობა გოგსაძის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტი მხოლოდ დაბა ხარაგაულში მცხოვრებ მოსახლეობაზეა გათვლილი. მისი განცხადებით, არასაკმარისია თანხები გზებისა და ხიდ-ბოგირების შესაკეთებლად, ხარაგაულში არსებული ეკლესია-მონასტრებისთვის.
„კიცხის ზონაზე სამ სკოლაში ასწავლიან ცეკვას. მოსწავლეთა მშობლები ითხოვენ, რომ ქორეოგრაფიული სტუდია არსებობდეს კულტურის ცენტრთან და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ ქორეოგრაფებმა. ვფიქრობდი, რომ დღეს ამ საკითხზე ვიმსჯელებდით,“ – აღნიშნა კობა გოგსაძემ.
დეპუტატი თორნიკე ავალიშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია გზების შესაკეთებლად დაგეგმილი 200 ათასი ლარი სოფლებში ხიდ-ბოგირების შეკეთებისთვის განისაზღვროს, რადგან მისივე თქმით, ამ მიმართულებით დაგეგმილი 40 ათასი ლარი არასაკმარისია. „შემდეგ სოფლის მხარდაჭერის პროგრამაც წამოგვეშველება გზების მოსახრეშად. უფრო მეტი თანხა სჭირდება ხიდ-ბოგირებს და ეს საკითხი ერთობლივად გადავწყვიტოთ,“ – აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტი წლის დასაწყისში უნდა დაიგეგმოს და არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული წლის განმავლობაში შემოსასვლელ ზედმეტ თანხებზე.
„საიდან გვაქვს გარანტია, რომ დამატებითი შემოსავლები გვექნება. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და ხელფასებს ვეღარ გავცემთ. კარგია ადამიანების დასაქმება და მათთვის ხელფასების გაზრდა, ამას ვემხრობი, მაგრამ უნდა გაიზარდოს იმ სამსახურების მომსახურებაც. თუ ღონისძიებები არ დაიგეგმა ახლავე, მარტო ხელფასის მოლოდინში ხომ არ უნდა იყოს ხალხი სამსახურში.“
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, ა(ა)იპ-ები მარტო დაბა ხარაგაულში საქმიანობით არ უნდა შემოიფარგლებოდნენ. „მეტი ეფექტურობისა და თანამშრომლობისკენ მოგიწოდებთ ყველას. ჩვენ უნდა შევამოწმოთ ა(ა)იპ-ები. საზოგადოებში მუსირებს აზრი, რომ ა(ა)იპ-ები არის დასაქმების ბიურო. ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული თეთრი უნდა იყოს ეფექტური. რამდენიმე ა(ა)იპ-ი ერთნაირ ღონისძიებებს ატარებს. ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ. იმედია, წლის განმავლობაში დამატებითი თანხები შემოვა ბიუჯეტში და პროექტები განხორციელდება.“
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი