კორონავირუსის პანდემიის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიზღუდა.

ს/ს ავტოტრანსის დირექტორის, დავით ხარაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ თეთრაწყაროსა და ლეღვნის მიმართულებით მოძრაობს.

როგორ დაეხმარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას იმ შემთხვევაში, თუ მათ მუნიციპალიტეტის ცენტრში სხვადასხვა მომსახურების მიღება, საკვების ან მედიკამენტების შეძენა სჭირდებათ, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.

„ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს ვესაუბრეთ და ჩვენ ყველა შემთხვევაში მოსახლეობის გვერდით ვიქნებით, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – თუ კრიტიკულად მძიმე ვითარება საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე შეიქნება, სოფლებში იქნებიან უფლებმოსილი პირები, რომლებიც სპეციალური საშვითა და ავტომობილით მოსახლეობას მოემსახურებიან“.

ზვარეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ბესო დალალიშვილი ამბობს, რომ მსუბუქი ავტომანქანებით მოსახლეობის მომსახურებისთვის მერიიდან საწვავის გამოყოფასაც დაჰპირდნენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.

ნინო კაპანაძე