კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

1 ნოემბრის მონაცემებით, იმერეთი ახალი შემთხვევების მიხედვით, მესამე ადგილზეა დედაქალაქისა და აჭარის რეგიონის შემდეგ.

იმერეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე გვესაუბრება.

– დაინფიცირების შემთხვევებმა იმატა და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ამ ეტაპისთვის დაწესებული შეზღუდვები მინიმალურია, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ იმერეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება, ამ მომენტისთვის, მართვადია იმ თვალსაზრისით, რომ თითოეული დადასტურებული შემთხვევისთანავე ოჯახის ექიმები და ეპიდემიოლოგები ოპერატიულად რეაგირებენ.

პრობლემაა ის, რომ ინფიცირებული მოქალაქეები სტაციონარებს დამოუკიდებლად მიმართავენ. მათგან ინფექციის გავრცელების დიდი რისკია. ამ დაავადების მართვა, ხშირ შემთხვევაში, ოჯახის პირობებში ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით სრულიად შესაძლებელია. მსგავსი შემთხვევების დაფიქსირებისთანავე ყველა პოლიკლინიკა და სტაციონარი გაფრთხილებულია, რომ პაციენტი სასწრაფოდ გადაიყვანონ ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში. იმერეთში ამჟამად ათამდე კოვიდსასტუმრო ფუნქციონირებს.

რაც შეეხება იმას, საკმარისი მედპერსონალი გვყავს თუ არა, – ჯერჯერობით, გვყავს. იმერეთში სტაციონარული მართვის კუთხით პრობლემა არ ყოფილა. რამდენიმე დაწესებულებაში ექთნების დეფიციტი იყო, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით ეს პრობლემა მოგვარდა.

იმერეთში კოვიდტესტები ხუთ ლაბორატორიაში მიიღება. მათგან ძირითადი დატვირთვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლაბორატორიაზეა, სადაც 24 საათის განმავლობაში 800-1000 ტესტი კეთდება. სხვა ლაბორატორიებში – 500-700 ტესტის მიღებაა შესაძლებელი. ყველა ნიმუშზე, რომელიც დღის განმავლობაში რეგისტრირდება და ლაბორატორიას მიეწოდება, მეორე დღის 08:00 საათისთვის პასუხები ცნობილია.

იმ პაციენტებმა, რომლებსაც კორონავირუსის სავარაუდო ნიშნები აქვთ – მაგალითად, ტემპერატურის მატება, გემოსა და სუნის შეგრძნების დაქვეითება, პირველ რიგში, ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ. ოჯახის ექიმებს საკმაოდ კარგად და დეტალურად გაწერილი პროტოკოლი აქვთ, რომ დისტანციურად შეაფასონ ადამიანის კლინიკური მდგომარეობა და გადაწყვიტონ, –  კონკრეტული პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს, თუ მისი მართვა ბინაზეც შესაძლებელია.

მთავარი რეკომენდაცია, ტემპერატურის მატების შემთხვევაში, არის ის, რომ დარჩით სახლში და ეკონტაქტეთ ოჯახის ექიმს. ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, პირბადე დახურულ და ღია სივრცეებში ატარეთ და არავითარ შემთხვევაში არ მოიხსნათ. თან გქონდეთ სადეზინფექციო ხსნარი და ხელები ხშირად დაიმუშავეთ. დაიცავით სოციალური დისტანცია, თავყრილობებისა და ჯგუფური შეკრებებისგან თავი შეიკავეთ.

ნინო კაპანაძე

 

ასევე დაგაინტერესებთ
სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე მოთხოვნა გაიზარდა