ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ გაუქმდა. ფრაქციის შემადგენლობა დატოვეს საკრებულოს წევრებმა მარინე ვეფხვაძემ და ნონა ზურაბიანმა. დეპუტატთა არასაკმარისი რაოდენობის გამო ფრაქცია გაუქმდა.

საკრებულოს 19 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე ეს ინფორმაცია დეპუტატებს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა  და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ გელაშვილმა გააცნო.

დეპუტატმა მარინე ვეფხვაძემ აღნიშნა: „მოვედი იმ იმედით, რომ ხელისუფლებაში ვიქნებოდი სამი წლის განმავლობაში და ვიმოქმედებდი კოალიციის საერთო წესებით. პოზიციაში ყოფნით უფრო მეტს გავუკეთებთ ჩემს ამომრჩეველს ვიდრე ოპოზიციაში ყოფნით.

ნონა ზურაბიანი ამბობს: „წლების მანძილზე, რაც აქტიურად ვმონაწილეობდი არჩევნებში, მუდამ ვიყავი ოპოზიციაში. წელს კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გავხდი ხელისუფლების წარმომადგენელი. მომწონდა ყველა პარტია, რომლებიც შედიან კოალიციაში და მქონდა იმედი იმისა, რომ ვიქნებოდით ერთად ხალხის საკეთილდღეოდ. ეს იყო  პირადად ჩემი გადაწყეტილება. არ ყოფილა არანაირი ზეწოლა. ვრჩები კოალიციის შემადგენლობაში დამოუკიდებელ თავისუფალ დეპუტატად.

ორივე დეპუტატმა ფრაქციასთან ერთად დატოვა პარტია „თავისუფალი დემოკრატები.“

თამთა გოგოლაძე