ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებასთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი დაამტკიცა.

დადგენილების თანახმად, კონკურსი ცხადდება მხოლოდ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით.

კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგინოს:

ა) ელექტრონული  განაცხადი;

ბ) განათლების ან  შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა).

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც, ფლობს სახელმწიფო ენას და პასუხობს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

კონკურსს ატარებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის   ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

კონკურსი მოიცავს შემდეგ  ეტაპებს: განცხადებების გადარჩევა, ტესტირება, გასაუბრება.

განცხადების გადარჩევა (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმება), რომელსაც უზრუნველყოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო (ასეთის არსებობის შემთხევევაში), რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის წევრების ხელმოწერით.

ტესტირების ეტაპის ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, ხოლო ტესტირების ეტაპის გამსვლელ მინიმალურ ზღვარს ადგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი ნორმატიული აქტით.

გასაუბრება წარმოადგენს კონკურსანტის ზეპირ  გამოცდას, რომელიც ტარდება კომისიის მიერ კონკურსანტის პირადი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით.

კონკურსის შედეგებს აჯამებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია თითოეული კონკურსანტის მიერ მიღებული  შედეგების შესაბამისად.

კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის.

კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე დამკვირვებლის დასწრებაზე გადაწყვეტილებას ღებულობს   საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე.

კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული დოკუმენტების სათაური და მოკლე აღწერილობა განთავსდება საინფორმაციო დაფაზე, ხოლო დოკუმენტის სრული ტექსტის გაცნობა შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში.

              მოამზადა ნინო კაპანაძემ