ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეთა კონკურსის მონაწილეებმა ტესტირებისას სწორი პასუხი უნდა გასცენ შეკითხვების 60 პროცენტს.

საკრებულოს წევრებმა დაადგინეს საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეებისთვის საკონკურსოდ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია; ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;“ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს მოეთხოვებათ საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის დებულებების ცოდნა, ხოლო გამგეობის საჯარო მოხელეებს – გამგეობისა და შესაბამისი სამსახურის დებულებების ცოდნა.

საკრებულოს აპარატის უფროსს მოეთხოვება მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (სასურველია საჯარო სამსახურში); მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება (სასურველია საჯარო სამსახურში) მოეთხოვება საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს იურიდიულ საკითხებში, მთავარ სპეციალისტებს ორგანიზაციულ და საქმის წარმოების საკითხებში, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს კი – მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა საჯარო მოსამსახურეს მოეთხოვება: გადაწყვეტილების სწრაფად მიღების, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის, საკუთარი პოზიციის დასაბუთების, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის, ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარები; პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

დადგენილების თანახმად, სავალდებულოა, რომ უმაღლესი განათლება ჰქონდეს ყველა საჯარო მოხელეს, გარდა: გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულში; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და დაგეგმარების განყოფილების წამყვან სპეციალისტს საბუღალტრო საკითხებში; ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის  განყოფილების სპეციალისტს მუნიციპალური ქონებისა და მართვის სფეროში და სპეციალისტს ეკონომიკის საკითხებში; ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების სპეციალისტს არქიტექტურულ-სამშენებლო საკითხებში; სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროს სპეციალისტს მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროს სპეციალისტებს კულტურის და სპორტის საკითხებში; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროს სპეციალისტებს პირველადი აღრიცხვისა და მობილიზაციის საკითხებში.

დადგენილების თანახმად ერთ ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სამსახურში  სავალდებულოა და მოეთხოვება ყველა საჯარო მოხელეს, გარდა – მთავარ სპეციალისტს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში; იურიდიული განყოფილების  მთავარ სპეციალისტს იურიდიულ საკითხებში; შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის წამყვან სპეციალისტს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საკითხებში; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და დაგეგმარების განყოფილების წამყვან სპეციალისტს საბუღალტრო საკითხებში; ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის  განყოფილების მთავარ სპეციალისტს მუნიციპალური ქონებისა და მართვის სფეროში; ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მთავარ და წამყვან სპეციალისტებს კეთილმოწყობისა და დასუფთავების საკითხებში; ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსს, ამავე სამსახურის მთავარ სპეციალისტს არქიტექტურულ-სამშენებლო საკითხებში და წამყვან სპეციალისტს ზედამხედველობის საკითხებში; ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროს სპეციალისტს სოციალურ საკითხებში; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის  მთავარ სპეციალისტებს განათლებისა და ახლაგაზრდულ საქმეთა საკითხებში; ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარ და წამყვან სპეციალისტებს ჯანდაცვის  საკითხებში.

სამუშაო გამოცდილება საერთოდ არ მოეთხოვება: სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროს სპეციალისტს მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში; ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების სპეციალისტს მუნიციპალური ქონებისა და მართვის სფეროში, ამავე სამსახურის სპეციალისტს ეკონომიკის საკითხებში; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის  მთავარ სპეციალისტებს კულტურისა და სპორტის საკითხებში; ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროს სპეციალისტს სოციალურ საკითხებში; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროს სპეციალისტებს მობილიზაციისა და პირველადი აღრიცხვის  საკითხებში.

მოამზადა ნინო კაპანაძემ