ხარაგაულში 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.
ხარაგაულის მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 13 ივლისს მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა.
ამჟამად ხარაგაულის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის:
ბესიკ ყრუაშვილი – „ევროპული საქართველოდან“;
თორნიკე ავალიშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“;
თეიმურაზ ფცქიალაძე – „პატრიოტთა ალიანსიდან“;
კობა ლურსმანაშვილი – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“;
მიხეილ ჭიპაშვილი – „ლელოდან“.
სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი პარლამენტში ბაღდათი-ხარაგაულის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია. ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ერთხელ უკვე იყო – 2013-2016 წლებში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ასევე ყოფილი გამგებელია (2007-2012 წლებში) „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თორნიკე ავალიშვილი.
თორნიკე ავალიშვილი და მერობის კიდევ ორი კანდიდატი – მიხეილ ჭიპაშვილი და თემურ ფცქიალაძე – ხარაგაულის საკრებულოს წევრები არიან. მიხეილ ჭიპაშვილი 2013-2014 წლებში ხარაგაულის მერის მოადგილედ მუშაობდა.
ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით მერობის ხუთივე კანდიდატს ერთი და იგივე შეკითხვებით მივმართეთ.
-როგორ გეგმავენ ხარაგაულის მერობის კანდიდატები წლობით დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას? (შეგიძლიათ თავად მოუსმინოთ კანდიდატებს ამ ვიდეოზე).
ამ შეკითხვაზე მერობის კანდიდატი ბესიკ ყრუაშვილი გვპასუხობს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში გზების მშენებელ კომპანიებს პროექტების დასრულებას კანონით დადგენილი წესით მოსთხოვს.
ხარაგაულის მერობის კანდიდატი თორნიკე ავალიშვილი მიიჩნევს, რომ მერიამ კერძო საპროექტო სამსახურები უნდა მოიწვიოს და ყველაფერი ხელახლა უნდა დაიგეგმოს.
ხარაგაულის მერობის კანდიდატი თეიმურაზ ფცქიალაძე, არჩევის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დაფინანსების გაზრდას გვპირდება.
ხარაგაულის მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი პირობას დებს, რომ მერად მისი არჩევის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ხარაგაულს დამატებით თანხებსაც გაუჩენს და შესრულების ხარისხიც მაღალი იქნება.
ხარაგაულის მერობის კანდიდატ მიხეილ ჭიპაშვილს მიაჩნია, რომ მთავარია, პრიორიტეტები სწორად განისაზღვროს, აუცილებელია ძველი პროექტების განფასება და დღევანდელ რეალობასთან მორგება.
-რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდები ხარაგაულში დაბრუნდნენ?
(ამის შესახებ კანდიდატები ვიდეოზე საუბრობენ)
თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობამ ყველა ახალგაზრდას სპეციალობის მიხედვით განვითარებაში ხელი უნდა შეუწყოს; მაგალითად, „სამედიცინო ინსტიტუტდამთავრებულები ხარაგაულში უნდა ჩამოვიყვანოთ და სოფლის ამბულატორიებში დავასაქმოთ“.
ბესიკ ყრუაშვილი თვლის, რომ ამისათვის საჭიროა, ხარაგაულში ინვესტიციები შემოვიდეს და ახალგაზრდები დასაქმდნენ.
თეიმურაზ ფცქიალაძე ხარაგაულის ბიუჯეტის 50 მილიონ ლარამდე გაზრდას გვპირდება, რაც მისი თქმით, ადგილზე ახალგაზრდების დამაგრებასაც ხელს შეუწყობს.
კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულში ახალგაზრდების დასაქმებას კონკურსებით აპირებს, რითაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი ცოდნა და ახალი ხედვები წარმოადგინონ.
მიხეილ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მერად მისი არჩევის შემთხვევაში მუნიციპალიტეტში მოქმედი ახალგაზრდული პროგრამები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.
სოფლის მეურნეობის გაძლიერებაში ხედავს გამოსავალს თეიმურაზ ფცქიალაძე.
სიღარიბის დაძლევას პენსიის გაორმაგებითა და გადასახადების შემცირებით; სოფლის მიმდებარე მიწების, საძოვრებისა და ტყეების სოფლის მოსახლეობისთვის გადაცემით აპირებს მერობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ ბესიკ ყრუაშვილი.
ხარაგაულის სოფლებში საოჯახო ტურიზმის განვითარებაზე ხელშეწყობას გვპირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი თორნიკე ავალიშვილი.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ახალი პროფესიების დაუფლებაში დახმარებას, სტაბილური სამუშაო ადგილების გაჩენას ჰპირდება კობა ლურსმანაშვილი. ის ამბობს, რომ უახლოეს ხანში ხარაგაულში, სოფელ ქროლში არსებული სილის რესურსით, შუშის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება.
თვითდასაქმებულების საბიუჯეტო სახსრებიდან ხელშეწყობაზე საუბრობს მიხეილ ჭიპაშვილი. „ლელოს“ მარშალის გეგმის მიხედვით, თუ სოციალურად დაუცველი მუშაობას დაიწყებს, მას ორი წლის განმავლობაში ფულადი შემწეობაც შეუნარჩუნდება.
-სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტებისთვის გადმოცემული თანხები მცირეა. რას გააკეთებენ კანდიდატები მერად არჩევის შემთხვევაში იმისთვის, რომ სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განსაზღვრული ფინანსები გაიზარდოს?
(თავად კანდიდატებს მოუსმინეთ ამ ვიდეოზე)
კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მომავალ წელს ხარაგაულში სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რვა მილიონამდე ლარი გამოიყოფა.
ბესიკ ყრუაშვილი ამბობს, რომ ერთ მოსწავლეზე 2000 ლარის ოდენობის ვაუჩერი უნდა გამოიყოს, რის შემდეგაც ყველა სკოლას საკმარისი თანხა ექნება ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.
თორნიკე ავალიშვილი, თეიმურაზ ფცქიალაძე და მიხეილ ჭიპაშვილი თვლიან, რომ სკოლებისთვის გამოყოფილი თანხები უფრო გონივრულად და ცენტრალურ ხელისუფლებასთან პრიორიტეტების სწორად გამოკვეთით უნდა განაწილდეს.
– რამდენად აქვთ არჩევნებში გამარჯვების იმედი ხარაგაულის მერობის კანდიდატებს.
(თავად მოუსმინეთ ამ ვიდეოზე)
მიხეილ ჭიპაშვილს ხარაგაულელი ამომრჩევლის გონიერების იმედი აქვს და ეს გამარჯვების იმედს აძლევს.
ბესიკ ყრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრების შემდეგ გაუმყარდა იმედი, რომ გაიმარჯვებს და ამომრჩეველთა ხმების 55%-ს მიიღებს.
თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ „პირველივე ტურში 50%+1 ხმით იმარჯვებს“.
თეიმურაზ ფცქიალაძე ამბობს, რომ ხარაგაულში გამოკითხული 6 ათასი ამომრჩევლიდან 55% ხმას „პატრიოტთა ალიანსს“ აძლევს.
კობა ლურსმანაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. თუმცა, კონკრეტული მაჩვენებლების დასახელებისგან თავს იკავებს.
– ვის თვლიან კონკურენტებად ხარაგაულის მერობის კანდიდატები? – შეგიძლიათ თავად მოუსმინოთ ამ ვიდეოზე.
მასალა მომზადებულია „ინტერნიუსი-საქართველოსთან“ თანამშრომლობით, პროექტის „რეგიონული მედიის სარედაქციო და ტექნოლოგიური მხარდაჭერა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალხარისხოვანი გაშუქების მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, რაც არ ნიშნავს, რომ მომზადებული მასალა ასახავს საელჩოს შეხედულებებს.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.