არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა აქტიურ ფაზაშია. ყველა მათგანი ამომრჩევლების ხმების მოპოვებას ცდილობს.
ამ არჩევნების შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მოსახლეობას ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება, სამივე მუნიციპალიტეტი #20 მაჟორიტარულ ოლქშია გაერთიანებული.
როგორი წინასაარჩევნო გარემოა საჩხერესა და ჭიათურაში, ამის გასარკვევად ამ მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დავუკავშირდით.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა უმრავლესობა სახელისუფლებო პარტიის მიერ პედაგოგებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მიმართ ზეწოლაზე საუბრობს.
„საარჩევნო პროცესებში 1990 წლიდან ვარ ჩართული. თუმცა, ამ მასშტაბის გაყალბება, რაც ახლა ხდება, ჯერ არ მინახავს, – ამბობს ევროპული საქართველოს ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თენგიზ სამხარაძე, – არჩევნები კენჭისყრის დღეს არ ყალბდება. შედეგების გაყალბება უკვე აქტიურადაა დაწყებული.
სახელისუფლებო შტაბში შექმნილია ე.წ. „პირამიდა“ რომლის სათავეში შტაბის ხელმძღვანელია, შემდეგ ზონის უფროსები და კოორდინატორები. ისინი თითოეულ ამომრჩეველზე აგროვებენ ინფორმაციას; იციან ვინ, ვის, როდის და რას ელაპარაკა.
ამ პროცესში ჩართულები არიან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც ებრძვიან არა კრიმინალს, არამედ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს. განსაკუთრებული ზეწოლაა მასწავლებლებზე, ბაღის თანამშრომლებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებზე.
სკოლის დირექტორები, რომლებსაც დირექტორობის ვადა გაუვიდათ, არიან შესანიშნავი სამიზნეები, „ქართული ოცნებისა“ – ისინი მათ მასწავლებლებზე ზეგავლენის მოსახდენად იყენებენ“, – ამბობს თენგიზ სამხარაძე.
„ლელო საქართველოსთვის“ ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით ჭუმბურიძე ამბობს, რომ ამომრჩეველზე ღია ზეწოლა არ ხდება, თუმცა წინასაარჩევნო გარემოს ჭიათურაში მაინც „დაძაბულს“ უწოდებს.
„ხალხი შეშინებულია, საკუთარი მოსაზრების ღიად გამოხატვა და შეხვედრებში მონაწილეობა უჭირთ. არის კონკრეტული ფაქტები, რომელზეც ამომრჩევლები პირად საუბრებში გვიამბობენ. თუმცა, ფაქტის აფიშირებისგან თავს იკავებენ, ისევ და ისევ შემოსავლის დაკარგვის შიშით.
განსაკუთრებით ეს ეხებათ „ჯორჯიან მარგანეზის“ თანამშრომლებს. მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომპანიაა, საჯარო სამსახურში დასაქმებულების მსგავსად, იქ მომუშავე ადამიანები ადმინისტრაციისგან ზეწოლას განიცდიან.
ასეთი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში, ჩვენ, ამომრჩევლებსაც მიგვიძღვის წვლილი. ქართველებმა ვერ გავითავისეთ, რომ თუ ვინმე გზას აგებს ან საბავშვო ბაღს აშენებს, ამას საკუთარი ჯიბიდან კი არა, ბიუჯეტიდან აკეთებს, რომელსაც ჩვენ, ხალხი ვავსებთ.
დაპირება, რომ „ხმა მომეცი და ამ სოფელში გზას დავაგებ“ ამომრჩევლებზე აღარ უნდა მოქმედებდეს,“ – ამბობს დავით ჭუმბურიძე.
„ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ასევე სახელისუფლებო პარტიის კოორდინატორები სოფლებში მათ დახმარებების მოხსნით ემუქრებიან, თუ მხარს „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერენ, – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი ჩიკვილაძე, – იმდენად ბევრი ადამიანია დასაქმებული ადმინისტრაციულ შენობაში, მუნიციპალურ ააიპებსა თუ შპს-ებში, რომ ზოგი მათგანი მხოლოდ ფურცელზეა გაფორმებული. ხელფასს იღებს, სამსახურში კი მათი ადგილი ფიზიკურად არ არის.
კაბინეტები გადავსებულია. ყველა ამ პირს წინასაარჩევნოდ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და ეს ამ ბოლო პერიოდში უფრო და უფრო აშკარა ხდება“.
დავუკავშირდით „ქართული ოცნების“ ჭიათურის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს. მალხაზ სამყურაშვილმა გვითხრა, რომ ამ თემებზე მათი პარტიის წარმომადგენლები კომენტარს ვერ გააკეთებენ.
„ევროპული საქართველოს“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კობა მოდებაძე ამბობს, რომ „წინასაარჩევნოდ საჩხერეში ვითარება ყოველთვის მშვიდია. საჩხერე არ არის ის რაიონი, რომ ხალხი არჩევნების გულისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდეს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ესაა, რომ საარჩევნო კომისიის ოპოზიციურ წევრებს აშინებენ და ავიწროებენ“, – ამბობს კობა მოდებაძე.
„დაშინება და მუქარა საჩხერეში არ ხდება, ამას ვერავინ გაგვიბედავს, – ამბობს „პატრიოტთა ალიანსის“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ჭიტაძე, – თუმცა აქტიურად „ნადირობენ“ საარჩევნო პლაკატებზე. ზოგ ადგილებში მას ხევენ, ზოგან კი თავიანთ პლაკატებს გადააკრავენ.
ამ არჩევნებზე მოსახლეობის დამოკიდებულება შეიცვალა. ამომრჩეველი ყველა პარტიას მხარდაჭერაზე თითქოს თანხმობას ეუბნება. თუმცა, თავის საბოლოო პოზიციას საარჩევნო ბიულეტენში დააფიქსირებს. წინა წლებთან შედარებით, ცოტა ჭკუა ვისწავლეთ და ეს დამოკიდებულება ძალიან მომწონს“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი აბჟანდაძე ამბობს, რომ მათი პარტიის წარმომადგენლებს თითქმის ყოველდღიურად აშინებენ და აშანტაჟებენ. „ყველა დასაქმებულს, განურჩევლად თანამდებობისა, აქვთ პირდაპირი მითითება, რომ სახელისუფლებო კანდიდატი და მმართველი პარტია შემოხაზონ.
კარგად იცით, საჩხერე ვისი რაიონიცაა და ასეთი შემთხვევები რომ იქნება, ეს თავისთავად ცხადია.
ხალხი ღიად ვერ აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას, თუმცა ცვლილებების მომხრეა და უნდათ, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს. ამოუვიდათ ყელში ამდენი ტყუილები და ცრუ დაპირებები“, – ამბობს გიორგი აბჟანდაძე.
„ოპოზიციური პარტიები ხშირად საუბრობენ ჩვენი პარტიის მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მუქარაზე. თუმცა პარტიების წარმომადგენლები კონკრეტულ ფაქტებს ვერ ასახელებენ. საკუთარი არჩევანის გამოხატვის უფლება არავისთვის შეგვიზღუდია.
რამდენიმე დღის წინ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჩხერეში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა გამართა. ამისთვის ქუჩა გადაკეტეს და მოძრაობა შეაფერხეს, თუმცა მათთვის ხელი არავის შეუშლია“, – ამბობს „ქართული ოცნების“ საჩხერის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მაჭარაშვილი.
„ლელო საქართველოსთვის“ საჩხერის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მანუჩარ სარალიძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო გარემო საჩხერეში მშვიდია. თუმცა სახელისუფლებო პარტიის მხრიდან საარჩევნო პროცესებში ხელისშეშლა მაინც შეიმჩნევა.
„რამდენიმე კვირის წინ ჩვენს მხარდამჭერს მუნიციპალურ ააიპში სამსახური გამოუძებნეს იმის მოლოდინით, რომ ხმა მათთვის მიეცა. დაშინებისა და მუქარის ფაქტებიც შეიმჩნევა. ამაზე ადამიანები პირად საუბრებში გვეუბნებიან, თუმცა ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო ან აუდიო ჩანაწერები არ გვაქვს. წინასაარჩევნოდ ასეთი დარღვევები ყოველთვის იყო და არა მხოლოდ საჩხერეში“, – ამბობს მანუჩარ სარალიძე.
ამავე თემაზე: წინასაარჩევნო გარემო ხარაგაულში
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი