არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. 31 ოქტომბერს საპარლამენტო და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ხარაგაულში მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის. პოლიტიკური პარტიები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ და ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ აქტიურად მოუწოდებენ.
დავინტერესდით, როგორია წინასაარჩევნო გარემო ხარაგაულში. ამ შეკითხვით პარტიების წარმომადგენლებს მივმართეთ.
„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აკაკი მაჭავარიანი თვლის, რომ წინასაარჩევნო გარემო ხარაგაულში მეტ-ნაკლებად მშვიდია. თუმცა პოლიტიკური პარტიების მხრიდან გადაცდომებს ადგილი აქვს. აკაკი მაჭავარიანი გადაბირებებსა და ზეწოლაზე საუბრობს. თუმცა კონკრეტულ ფაქტებს არ ასახელებს.
„ჩვენი მხარდამჭერების გადაბირებას აქტიურად ცდილობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მმართველი პარტია კი ხმების მოსაპოვებლად ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენს. ზეწოლას განიცდიან პედაგოგები და საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ხალხი დაზაფრულია. გვეუბნებიან, რომ სოფლებში შეხვედრებს ნუ მოვაწყობთ, მხარს ისე დაგვიჭერენ, რადგან შეხვედრებზე გამოსვლის ეშინიათ“, – ამბობს აკაკი მაჭავარიანი.
„ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ ქაჯაია ამბობს, რომ „არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციური პარტიების მხრიდან რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია და წინასაარჩევნო პროცესებში შტაბების წარმომადგენლები ერთმანეთთან თანამშრომლობენ“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო შეხვედრებს „კარდაკარის“ პრინციპით ატარებს. ამ პარტიის წევრი ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ ამომრჩევლებს ბუკლეტების გამორთმევაც ეშინიათ, რომ არავინ დაინახოს. მისი თქმით, სახელისუფლებო პარტიის მხარდასაჭერად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მათი თანაშემწეები, ხარაგაულში სოციალური სააგენტოს უფროსი, პოლიციის უფროსის მოადგილე და სკოლის დირექტორები არიან ჩართულები.
„განსაკუთრებით სკოლის დირექტორების საქციელი მაფიქრებს, რადგან მათზეა დამოკიდებული მომავალი თაობის აღზრდა. სკოლის დირექტორები დადიან პოლიტიკურ შეხვედრებზე, არიგებენ სახელისუფლებო პარტიის ბუკლეტებს და თავიანთ თანამშრომლებს ამ პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. შესამჩნევია მათი აქტიურობა სოციალურ ქსელებში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მხარს ღიად უჭერენ. ვფიქრობ, სკოლის დირექტორები ამას საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან დავალების გარეშე არ გააკეთებდნენ.
საეჭვოა ის გარემოება, რომ წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და თანამშემწე ახლახან დანიშნეს, ხოლო ხევში მერის წარმომადგენელი გაათავისუფლეს“, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს კახა გოლუბიანს დავუკავშირდით. მისი ინფორმაციით, „წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში საკადრო ცვლილებები თვენახევრის წინ განხორციელდა, რაც არჩევნებს არ უკავშირდება, ხოლო ხევში მერის წარმომადგენელი არ გაუთავისუფლებიათ.
დაბა ხარაგაულში მერის წარმომადგენელმა ბაქარ ბარბაქაძემ 7 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა. ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბაქარ ბარბაქაძეს პარტიულ შეხვედრებში მონაწილეობას სთხოვდნენ, რაზეც ის უარს აცხადებდა.
თავად ბაქარ ბარბაქაძე ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ თანამდებობა ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით დატოვა. ის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა.
„ხარაგაულში არჩევნები არათანაბარ გარემოში მიმდინარეობს და სახელისუფლებო პარტია ადმინისტრაციულ რესურსს აქტიურად იყენებს, – თვლის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ბესო ხომასურიძე, – შეგიძლიათ გაიაროთ სახელისუფლებო პარტიის შტაბებთან.
იქ თითქმის ყოველდღიურად ნახავთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, ააიპების ხელმძღვანელებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები წინასაარჩევნო პროცესებში არიან ჩართულები. თუ გვინდა საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, ამომრჩევლები ზეწოლისაგან უნდა გავათავისუფლოთ და დავეხმაროთ, თავისუფალი არჩევანი გააკეთონ“.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნო გარემო ხარაგაულში დემოკრატიულ პრინციპებზეა დამყარებული.
„ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ წინასაარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში აწარმოოს და მოქალაქეებს საკუთარი გეგმები გააცნოს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატების პირად შეურაცხყოფას ცდილობენ, რაც ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ პროვოკაციას. თუმცა ხარაგაულელი ამომრჩეველი გონიერია და ამ პროვოკაციას 31 ოქტომბერს საკადრისად უპასუხებს.
მოწინააღმდეგეების მხრიდან ხშირად ისმის დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომ თითქოს ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სწორედ წინასაარჩევნოდ დავიწყეთ საუბნო გზის მოწესრიგება. სინამდვილეში ამ გზის სარეაბილიტაციოდ მუშაობას ორი წლის წინ შევუდექით.
ასევე გაისმა აბსურდული ბრალდება, რომ თითქოს ჩვენი პარტიის კანდიდატები დიდვაკეში დაზიანებული ხიდის ჯართში ჩაბარებას აპირებენ. ეს არის სიცრუე. „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა ამ ხიდის აღდგენაა.
ოპოზიციის წარმომადგენელთა ბრალდებები ფაქტებით გამყარებული არ არის და კამერების წინ კეკლუცობით ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ადამიანების ლანძღვით გამარჯვებას ვერავინ მიაღწევს. ჩვენ უნდა ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
პარტია „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინგა მაღრაძე წინასაარჩევნო გარემოს ხარაგაულში „დაძაბულს“ უწოდებს და ყურადღებას ააიპ-ებში ახალი თანამშრომლების დამატებაზე ამახვილებს.
„ხელისუფლება არჩევნებში სასურველი შედეგის მიღწევას ყველა ბერკეტის გამოყენებით ცდილობს, – ამბობს ინგა მაღრაძე, – საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებზე ზეწოლა, სოციალური დახმარების მოხსნაზე მუქარა – ეს წინა ხელისუფლების აპრობირებული მეთოდებია წინასაარჩევნოდ, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლებაც წარმატებით იყენებს.
წლების განმავლობაში არ გახსენებიათ უმუშევარი ხარაგაულელები. ახლა, როცა პანდემიის გამო ადგილობრივმა ბიუჯეტმა სეკვესტრი განიცადა, კულტურისა და ხელოვნების, სპორტისა და შიდა ტურიზმის, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურებში ახალ თანამშრომლები დაამატეს, რომ პოლიტიკური ხმები მოიპოვონ.
ადამიანები შეჰყავთ შეცდომაში, აზიანებენ და ასუსტებენ ადგილობრივ თვითმმართველობას, ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობენ. ამ ადამიანების ბედი არ აინტერესებთ და დღევანდელი დღით ცხოვრობენ. ცდილობენ, ხელისუფლება ყველაფრის ფასად შეინარჩუნონ“, – ამბობს ინგა მაღრაძე.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე: წინასაარჩევნო გარემო ჭიათურასა და საჩხერეში
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი