31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, ხუთ მუნიციპალიტეტში – ხარაგაულში, თერჯოლაში, ქუთაისში, ონსა და კასპში, მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.
ხარაგაულის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის – ბესიკ ყრუაშვილი – „ევროპული საქართველოდან“, თორნიკე ავალიშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თეიმურაზ ფცქიალაძე – „პატრიოტთა ალიანსიდან“, კობა ლურსმანაშვილი – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“, მიხეილ ჭიპაშვილი – „ლელოდან“.
თითოეული კანდიდატი ამომრჩევლებისგან დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
– ხარაგაულის ახლადარჩეულ მერს სასოფლო გზების დასაგებად წლევანდელი და გასული წლების შესასრულებელი ვალდებულებები დახვდება.
როგორია თქვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით – როგორ მოახერხებთ, რომ ძველი პროექტებიც დასრულდეს და 2021 წლისთვის საკრებულოსგან დამტკიცებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდეს?
ბესიკ ყრუაშვილი: –იმ პროექტებზე, რომლებიც დაწყებულია, ხელშეკრულებით გაწერილი იქნება ვალდებულებები. ამას ჩვენ აქტიურად მოვკიდებთ ხელს და გზების მშენებელ კომპანიებს პროექტების დასრულებას მოვთხოვთ. თუ არადა, სხვა სანქციები არსებობს. რაც შეეხება ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამაზეც არ იქნება პრობლემა – გამარჯვებული კომპანიები ტენდერებით გამოვლინდებიან.
თორნიკე ავალიშვილი: -უნდა მოვიწვიოთ კერძო საპროექტო სამსახურები და ყველაფერი თავიდან დავგეგმოთ. წინასწარ ვერ ვიტყვი, რა თანხა დაგვჭირდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რაც შეეხება დაგეგმილ და საკრებულოსგან მოწონებულ პროექტებს, არის კითხვის ნიშნები.
თავიდან უფრო მეტი პროექტი მოიწონეს. შემდეგ ზოგი მათგანი ამოიღეს. ეს, რაც შეიძლება მოკლე ხანში, მოსახლეობასთან უნდა გაირკვეს და პროექტები დალაგდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი საკრებულოს უმრავლესობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში, მათთან შედეგიანად ვითანამშრომლებ, რადგან დარწმუნებული ვარ, ისინი მოსახლეობისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
თეიმურაზ ფცქიალაძე: -ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაფინანსება გაიზრდება. ყველაფერს მერი უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ ისეთი გუნდი უნდა ჰყავდეს, საქმის კეთება რომ შეეძლოს. ბოლო წლებში ხარაგაულის სოფლებში, იცით რატომ არ იგებოდა გზა? ტენდერებით ვერ იმარჯვებდნენ კეთილსინდისიერი მეწარმეები. ამას ადგილობრივი ხელისუფლების სისუსტე ემატებოდა. ასეულობით მილიონი ლარი ჯიბეებში ჩაიდეს. თუ ვინ, ეს პროკურატურამ გამოიძიოს.
კობა ლურსმანაშვილი: -ჩემი შეხედულებით, სწორედ ამ პრობლემის გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობიდან გადადგა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით კარგად ვერც სხვები მუშაობდნენ. ამიტომ თანამდებობები შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმაც დატოვეს. დაწყებული პროექტები უნდა დასრულდეს, ამ მიმართულებით ფინანსები არსებობს. სამწუხაროდ, ზოგიერთი პროექტის თანხა სხვა წარმატებულ მუნიციპალიტეტებში გადანაწილდა.
ამ ბოლო დროს ეს საკითხები გამოსწორდა. მე და პაატა კვიჟინაძემ ვიზრუნეთ და ხარაგაულში დამატებითი დაფინანსდა ოთხი ახალი პროექტი (ერეთა-დინარის, ლაშის იგორეთის, ბაზალეთში ჭიპაშვილებისა და სარგვეშის გზა).
მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში ხარაგაულს დამატებით თანხებსაც გავუჩენთ და შესრულების ხარისხიც მაღალი გვექნება. შევეცდები, ხარაგაულს ჰყავდეს ისეთი გუნდი, რომელიც ფინანსებს ეფექტურად აითვისებს და არსებულ გამოწვევებს თავს გაართმევს.
მიხეილ ჭიპაშვილი: -ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების კუთხით ხარაგაულში მძიმე მდგომარეობაა. აუცილებელია ძველი პროექტების განფასება და დღევანდელ რეალობასთან მორგება. ვერც შემდეგ წელს განსახორციელებელ პროექტებს შევამცირებთ. დამატებითი ფინანსები უნდა მოვიძიოთ.
ამ ბოლოს გზების მშენებლობისთვის ოთხი ახალი გარდამავალი (ორწლიანი) პროექტი დაიგეგმა. ტენდერში გამარჯვებულ მშენებელს მხოლოდ წელს შესასრულებელი სამუშაოების თანხას აძლევენ. ლარის გაუფასურების გამო, მშენებელი ორგანიზაციები ასეთ ტენდერებში აღარ მონაწილეობენ. საკრებულოს შევთავაზე, რომ ეს თანხა წელსვე სრულად აგვეთვისებინა.
დაუჯერებლობამ, არაპროფესიონალიზმმა და შეუთანხმებლობამ პრობლემები წარმოქმნა.
მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში პრიორიტეტებს განვსაზღვრავთ და ინფრასტრუქტურას ხარისხიანად მოვაწესრიგებთ. თანხები, რომლებსაც ვხარჯავთ, სესხია და თითოეულ თეთრს უნდა მოვუფრთხილდეთ, რომ შემდგომში მეტის მოთხოვნის უფლება გვქონდეს.
ამავე თემაზე
ვის თვლიან კონკურენტად ხარაგაულის მერობის კანდიდატები (ვიდეო)
რამდენად აქვთ არჩევნებში გამარჯვების იმედი ხარაგაულის მერობის კანდიდატებს (ვიდეო)
ხარაგაულში სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხები უნდა გაიზარდოს (ვიდეო)
გვესაუბრებიან მერობის კანდიდატები – როგორ დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა ხარაგაულში (ვიდეო)
რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ახალგაზრდები ხარაგაულში დაბრუნდნენ (ვიდეო)
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.