
ქუთაისში ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 11 ოქტომბერს, ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის 120 წლის სახალხო თეატრმა სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) გახსნა.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო საზეიმო გახსნა ღია სივრცეში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის „მწვანე სცენაზე“ გაიმართა. თეატრალური ფესტივალი მაისში და ივნისში იმართებოდა. პანდემიის გამო, ფესტივალის დაწყების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.
ხარაგაულის თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ „ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სცენაზე გამოსვლა ძალიან ემოციური იყო. სიმბოლურია, იმერეთის თეატრალური ფესტივალი რომ 120 წლის თეატრმა დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლით გახსნა.
“მესხიშვილის თეატრის ეზო ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი. ირგვლივ სიმწვანე და სიმშვიდე სუფევდა. რა თქმა უნდა, დაცული იყო რეგულაციები. სკამები დისტანციის დაცვით იდგა. წელს, რადგან მხოლოდ საჩვენებელი გამოსვლა იყო და არა კონკურსი, ნება მოგვცეს, ამ ფესტივალზე 2015 წელს წარდგენილი სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ გვეთამაშა. რეზო კლდიაშვილის „იმერული რექვიემით“ გვინდოდა წარვმსდგარიყავით ფესტივალზე, თუმცა პანდემიის გამო ვერ მოვახერხეთ. მომავალ წელს კი მაყურებელი ფესტივალზე იხილავს ამ სპექტაკლს, რომელსაც ავტორიც დიდი ინტერესით ელოდება. მიხარია, რომ ფესტივალი არ გაჩერდა და გახსნის პატივი ჩვენ გვერგო. მესხიშვილის თეატრის სცენაზე გამოსვლა და ქუთაისელ მაყურებელთან შეხვედრა დიდი ბედნიერებაა. ვგრძნობთ მათ სიყვარულს ჩვენდამი“.
ეს ფესტივალი თეატრის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა დასის წევრებს, – არა მხოლოდ მსახიობებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც სცენის მიღმა დგანან. ჩვენ ერთი დიდი, ძლიერი გუნდი ვართ”.
„თეატრალური იმერეთი“ თავისი მასშტაბით მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა არა მხოლოდ იმერეთის რეგიონისთვის, არამედ ზოგადად, ქართული თეატრისთვის. ის ემსახურება ახალი სახეების გამოვლენას, თეატრის პოპულარიზაციას, თეატრალური დასებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნას და პროფესიული ხარისხის გაზრდას.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ პროფესიონალური და სახალხო თეატრები ქუთაისიდან, ხარაგაულიდან, ზესტაფონიდან, წყალტუბოდან, ჭიათურიდან, საჩხერედან, თერჯოლიდან, სამტრედიიდან და ვანიდან.
ფესტივალს კონკურსის სახე აღარ ექნება. დასრულებისას, რეგიონებში თეატრის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გამორჩეული ადამიანები დაჯილდოვდებიან.
ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 2000 წელს დაარსდა და 11 წლის შემდეგ აღდგა. მან უკვე მიიღო საერთაშორისოს სტატუსი. ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 21 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
ხარაგაულის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
ხარაგაულში ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ გაიმართა.