ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორად, 2026 წლის 2 სექტემბრიდან, ნანა კვინიკაძე დაინიშნა.

ნანა კვინიკაძე, ბოლო ხუთი წელია, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ის სერტიფიცირებული დირექტორია.

ნანა კვინიკაძე, ამავდროულად, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია. ის პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს, – წელს საჯარო სკოლაში პირველკლასელებს მიიღებს.

რატომ დატოვა სკოლის დირექტორობა და რა სიახლეების დანერგვას აპირებს მოსწავლეთა სახლში, – ამ შეკითხვით ნანა კვინიკაძეს მივმართეთ.

„მიყვარს სიახლეები და გამოწვევების დაძლევა, – ამბობს ნანა კვინიკაძე, – ამიტომ მერიიდან მოსწავლეთა სახლის დირექტორობა რომ შემომთავაზეს, დავთანხმდი. მხარს დავუჭერ თანამშრომლების ინიციატივებსა და მოსწავლეთა სახლის განვითარებისთვის შემოთავაზებულ იდეებს“.

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თანამდებობა ათი თვე ვაკანტური იყო. დირექტორის მოვალეობას მოადგილე, მაია ბლუაშვილი ასრულებდა.

2025 წლის მაისიდან ნოემბრამდე მოსწავლეთა სახლის დირექტორის პოზიციაზე ნიკო მაჭავარიანი იყო დანიშნული, 2022 წლის პირველი ივნისიდან 2025 წლის პირველ მაისამდე ამ თანამდებობაზე ჰამლეტ ბერაძე მუშაობდა. 

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის წლის 7 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნათია ბაბლიძე შეასრულებს.