საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გარემოს დამცველთა კლუბმა, მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ დაფინანსებით ერთობლივად განახორციელეს პროექტი კლიმატის კვირეულთან (20-27 სექტემბერი) დაკავშირებით.

კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისათვის სლოგანებისა და ესსების კონკურსი გაიმართა. დაპირებისამებრ, ვაქვეყნებთ გამარჯვებული ავტორების ესეებს:

შთამომავლობას ჯანსაღი გარემო დავუტოვოთ

გარემოს დაბინძურება დედამიწის ყველაზე დიდი პრობლემაა. მეოცე საუკუნეში, როცა პირველად შეიქმნა ქარხნები, ამუშავდა მანქანები, თვითმფრინავები, გემები,- მთელი მსოფლიო პროგრესმა მოიცვა. ამან გარემოს დაბინძურება გამოიწვია.

ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა გარემოს გაფრთხილება და მოვლა-პატრონობაა, რომ დედამიწა დიდხანს გვემსახუროს. ჩვენ უნდა შევძლოთ ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენება, ნარჩენების დახარისხება. იაპონიაში ნაგავს ახარისხებენ, ამუშავებენ და მისგან პატარ-პატარა კუნძულებს აკეთებენ.

ბუნების დაბინძურების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი და ცოცხალი ორგანიზმი კვდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა გარემოს მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ტემპერატურა სამი გრადუსით მოიმატებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ იქნება მარჯნის კუნძულები, მყინვარები. ნელ-ნელა დადნებიან ჩრდილო და სამხრეთ პოლუსები. წყალი მოიმატებს და ხმელეთის ნახევარი დაიფარება. დედამიწაზე სიცოცხლე ჩაკვდება. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს, ჩვენც რომ დიდხანს ვიცოცხლოთ და შთამომავლობასაც ჯანსაღი გარემო დავუტოვოთ.

კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად ზრუნვა ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ უფლება გვაქვს ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში. აგრეთვე მოვალეობა გვაქვს, ვიზრუნოთ გარემოს სიჯანსაღეზე.

16 წლის გრეტა თუნბერგი იბრძვის კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად. პატარა გოგონა მოუწოდებს მსოფლიოს, არ დააბინძურონ გარემო და ისწავლონ რესურსების გაფრთხილება. გრეტა მსოფლიოს მასშტაბით მართავს აქციებს და ცდილობს ადამიანთა გამოფხიზლებას.

ჩვენ ამ სამყაროს, გარემოს შვილები ვართ, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ და ვიზრუნოთ მის დღეგრძელობაზე.

ზურა დუგლაძე 
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე