ძველი ეპოქა, დაახლოებით 1,8-2 მლნ წლის წინ – პირველი ადამიანი იწყებს განვითარებას, ეცნობა ბუნებას, მის შლეგ მინდვრებს, თოვლიან მთებს, ფლორას, ფაუნას.

იპყრობს და ეპატრონება ყველაფერს, რაც გზად შეხვდება, იკვებება მცენარეებითა და ცხოველებით. ყოველდღიური ცხოვრება მას საშუალებას აძლევს იფიქროს, რომ ისიც დედაბუნების ნაწილია.  გადის დრო. ადამიანები ვითარდებიან, უფრო ცივილურები და ამავდროულად, დაუნდობლები ხდებიან. ჩეხავენ ტყეებს, კლავენ ცხოველებსა თუ ფრინველებს, რომლებიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ არსებობდნენ…

ახალი ეპოქა, XXI საუკუნე – ადამიანების დაუოკებელმა სურვილმა, ებატონათ სამყაროზე, საკმაოდ რთული რეალობის წინაშე დაგვაყენა. ალბათ ერთადერთი, რაც პირველი გამახსენდება არის ის, რომ უმაღლესი განვითარების ინდივიდმა სცადა და შეძლო კიდეც ყოფილიყო დამოუკიდებელი თავის არჩევანსა და გადაწყვეტილებებში. შეუცნობლის შეცნობა მოინდომა! და შედეგი?

პასუხი მარტივია, – დღეს ჩვენ აქ ვართ! მდარე რეალობა – დედამიწის ტყეების დიდი ნაწილი გაჩეხილია, სასმელი წყლის რესურსები იმდენი აღარაა, რამდენიც ადრე იყო,  სასარგებლო წიაღისეულიც თითქმის ამოიწურა, ანტარქტიდასა და არქტიკაში ყინულის დნობა უკვე დაიწყო. ბოლო წლებში ძალიან გახშირდა ხანძრები, რომელმაც არაერთი ცხოველისა თუ მცენარის სახეობა შეიწირა.

და შენ რას აკეთებ, ადამიანო? კიდევ უფრო ავიწროებ და ტკენ შენი ცხოვრებისა და სიცოცხლის ერთ-ერთ განმგებელ ბუნებას! ისევ ყრი ნაგავს, აბინძურებ გარემოს, ხოცავ ცხოველებსა და ფრინველებს ისევე დაუდევრად და წარბშეუხრელად, თითქოს არ იცოდე, რომ ამით საკუთარ თავს, შენს მომავალს ანადგურებ.

მომავალ თაობას უსპობ და ართმევ ამ საოცარი სამყაროს, ბუნების მრავალფეროვნების, აქ მობინადრე ცხოველებისა თუ ეგზოტიკური ფრინველების ხილვის უფლებას! უჩანაგებ იმას რაც, სინამდვილეში შენი არასდროს ყოფილა!

და მაინც, ჯერ კიდევ არ არის გვიან! შენ, მე, ჩვენ, ყველას ერთად შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ. ერთ დროს აყვავებული ბუნება ისევ გავაცოცხლოთ, ნაკადულს ძველი ხალისი დავუბრუნოთ, ცხოველებს საშუალება მივცეთ, ჩვენ გვერდით მშვიდად იცხოვრონ.

ვიცი, არიან კეთილი ადამიანებიც, რომლებიც გარდასულ დღეთა ეპოქას სწავლობენ და დღეს წარსულის შეცდომებზე ფიქრობენ, ცდილობენ და წვლილი შეაქვთ თითოეული ჩვენგანის მისიაში – დავუბრუნოთ დედამიწას სიცოცხლე!

„მოუარე გარემოს, გახდი ბუნების ელჩი“!

მარიამ რიკაძე
ბორითის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ამავე თემაზე