ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 20 საბავშვო ბაღში სწავლას 550-მდე აღსაზრდელი 12 ოქტომბრიდან შეუდგება. მათ 200-მდე თანამშრომელი მოემსახურება.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, სასწავლო პროცესის განახლებისთვის ხარაგაულში მოქმედი საბავშვო ბაღები მზად არიან.

„პანდემიის გამო, ახალი რეგულაციების შესაბამისად, 15-მდე დასახელების სხვადასხვა ნივთი შევიძინეთ, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ხარაგაულში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღი საჭირო ინვენტარით მომარაგებულია.

პანდემიით გამოწვეული რეგულაციები საქართველოში ყველა საბავშვო ბაღისათვის ერთნაირია. ჩვენს ბაღებში ბავშვთა კონტინგენტი მცირეა. სოფლის ბაღებში 20-მდე აღსაზრდელი გვყავს და რეგულაციების დაცვა უფრო მარტივია.

გამონაკლისია ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღი, სადაც შვიდ ჯგუფში 170 აღსაზრდელია. თითოეულ ჯგუფამდე მისასვლელად ბილიკები სხვადასხვა ფერით შეიღებება და ორმეტრიანი დაცილებები მოეწყო, რომ აღსაზრდელსა და მშობელს დილით დისტანციის დაცვა გაუადვილდეს. იმედი გვაქვს, რეგულაციებს თავს მარტივად გავართმევთ“.

12 ოქტომბერს გედსამანიაში, სასკოლო მზაობის ჯგუფის ბაზაზე, სკოლის შენობაში გამოყოფილ ოთახებში საბავშვო ბაღი გაიხსნება. ღორეშის საბავშვო ბაღში, მშობელთა მოთხოვნით, მეორე ჯგუფის გახსნა იგეგმება.

ღორეშის საბავშვო ბაღის გამგე ნინო ცინცაძე ამბობს, რომ მეორე ჯგუფის გახსნის შემთხვევაში აღსაზრდელები ასაკობრივად გადანაწილდებიან და სწავლა-სწავლების პროცესი გამარტივდება.

თამთა გოგოლაძე