

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეთა შესარჩევ საკონკურსო კომისიას მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობს. როგორ დაკომპლექტდა საკონკურსო კომისია და როდის ჩატარდება კონკურსი ხარაგაულში საჯარო მოხელეთა შესარჩევად, – ამ საკითხებზე კობა ლურსმანაშვილს ვესაუბრეთ:
-კომისიის წევრებად შეირჩნენ: დავით კიკნაძე, ავთანდილ კვინიკაძე, ლალი სებისკვერაძე და დავით დევდარიანი.
დავით კიკნაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, იურისტია, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, ავტორიტეტი და ვფიქრობ, რომ ობიექტური ადამიანია. ის თავად კონკურსის წესით არის დანიშნული თანამდებობაზე. მიზანშეწონილად მივიჩნიე, რომ პიროვნება, რომელიც ხარაგაულში განათლების სისტემას უძღვება, იყოს ამ კომისიის წევრი.
საკმაოდ კვალიფიციური იურისტი ავთანდილ კვინიკაძე წლების განმავლობაში ადმინისტრაციულ სამსახურებში მუშაობდა. ამჟამად ადვოკატია და სამოქალაქო და სისხლის სამართლის მიმართულებებით მუშაობს. მიმაჩნია, რომ მისი წევრობაც იქნება კომისიის ობიექტურობის დამადასტურებელი ერთ-ერთი ნიშანი.
კომისიაში, იმის მიუხედავად, რომ კანონი აღარ ითვალისწინებდა პროფკავშირების წარმომადგენლის წევრობას, მოვიწვიეთ განათლების პროფკავშირების ხელმძღვანელი ლალი სებისკვერაძე. ის კვალიფიციური და მაღალი ავტორიტეტის მქონე პიროვნებაა და ვფიქრობ, ჩვენთვის დიდი პატივია მისი თანხმობა.
კომისიის წევრი, გამგებლის მოადგილე დავით დევდარიანი ინფრასტრუქტურული და ქონების მართვის კუთხით დიდი გამოცდილების მქონეა. მას საფინანსო-ეკონომიკური განათლება აქვს. ძალიან კარგი ავტორიტეტით სარგებლობს. რაც მთავარია, არის აბსოლუტურად ნეიტრალური – არ არის რომელიმე პარტიის წევრი. მისი კვალიფიციურობიდან და პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე, აბსოლუტურად მიზანშეწონილია კომისიაში მისი მონაწილეობა, რადგან საფინანსო-ეკონომიური კუთხით შეუძლია სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს და სწორად განსაზღვროს პრეტენდენტების შესაძლებლობები.
ცხადია, ამ ხუთ ადამიანს არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ყველაფრის მცოდნეები ვართ და შევაფასებთ ისეთი პროფესიის კონკურსანტებს, როგორიც არის, მაგალითად, ბუღალტერი. კანონით გვაქვს უფლება შევქმნათ კომისიასთან სპეციალიზებული ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება კონკრეტული სპეციალისტებით. მათ ექნებათ უფლება, კონკურსანტებს დაუსვან შეკითხვები და სათათბირო წესით განგვიმარტონ, ვინ უფრო მეტად მისაღებია ამა თუ იმ თანამდებობაზე. ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ და ვფიქრობ, კონკურსის ბოლო ეტაპზე, გასაუბრებისას, მონაწილე ყველა კონკურსანტი შეფასდება ობიექტურად.
იმ პრეტენდენტებისთვის, რომელთაც გაუჩნდებათ პრეტენზიები კონკურსის პროცედურებთან თუ შედეგებთან დაკავშირებით, შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ საპრეტენზიო კომისიაში. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე იქნება საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, რომელიც თავად შეარჩევს კომისიის წევრებს. პრეტენდენტს ასევე ექნება უფლება, მიმართოს სასამართლოს.
კონკურსი სამეტაპიანია – პირველი გახლავთ აპლიკაციების მიღება. აპლიკაცია პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს დასაქმების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე, სადაც გამოცხადდება კონკრეტული ვაკანსიები. სავარაუდოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 75-მდე ვაკანსია გვექნება. კონკურსანტები ელექტრონულად შეიტანენ განაცხადს დადგენილ ვადაში კონკრეტულ ვაკანსიაზე. შემდეგ კომისიას გამოეგზავნება ყველა დარეგისტრირებული კონკურსანტის მონაცემები და კომისია გადაამოწმებს, ვინ წარადგინოს გამოცდაზე. რა მოთხოვნებსაც წარვადგენთ ამა თუ იმ თანამდებობაზე, თუ იმის შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარადგინა კონკურსანტმა დარეგისტრირებისას, შესაძლოა, ვერც დარეგისტრირდეს. ამჟამად ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ კონკურსანტს ჰყავდეს ორი რეკომენდატორი. კომისია დამატებით იმსჯელებს ამ საკითხზე.
კონკურსის მეორე ეტაპია ტესტირება, რომელსაც ჩაატარებს ან გამოცდების ეროვნული ცენტრი, ან – იუსტიციის სასწავლო ცენტრი. ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ გამოცდების ეროვნულ ცენტრთან. ხარაგაულში საჯარო მოხელეთა კონკურსის ტესტირების ეტაპი, სავარაუდოდ, გაიმართება 13-14 დეკემბერს.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ატესტაციას დაქვემდებარებული პირები არ გვყავს და ყველას უწევს ვაკანტურ ადგილზე კონკურსის წესით დანიშვნა. საკრებულოში სამ პიროვნებას მოუწევს ატესტაცია. ატესტაციის დროს კონკურსი არ ცხადდება. მას მხოლოდ იგივე თანამდებობის პირები გადიან და დადებითი შედეგის შემთხვევაში თანამდებობას ინარჩუნებენ.
ტესტირების დროს კონკურსანტი გამოცდას ჩააბარებს კომპიუტერთან და შედეგს დაუყოვნებლივ გაიგებს. ჩვენი პოზიცია არ იქნება, რომ გასაუბრებაზე მხოლოდ მაღალქულიანი პრედენტენტები შევარჩიოთ. ჯერჯერობით არ ვიცით, გამოცდების ეროვნული ცენტრი რა ფორმით მოგვაწვდის კონკურსანტთა შედეგებს, – გვეცოდინება თუ არა ტესტირების შედეგად კონკურსანტებისგან მიღებული შედეგები.
კომისია დაადგენს გასაუბრებაზე შეფასების სისტემას, – გასაუბრების დროს ქულებს დავუწერთ კონკურსანტს, თუ კენჭისყრით შევარჩევთ.
მინდა ყველას წარატება ვუსურვო ამ რთულ პროცესში. ვიცი, რომ ბევრს აქვს სურვილი საჯარო სამსახურში დაიმკვიდროს ადგილი. ეს ძალიან კარგი შესაძლებობაა, რადგან ვინც ახლა საჯარო სამსახურში ადგილებს დაიკავებს, მას სამომავლოდ პოლიტიკური რყევები და საპენსიო ასაკიც კი არ შეეხება. ისინი დაწინაურდებიან ყოველწლიურად მათივე კვალიფიკაციისა და პროდუქტიულობის მიხედვით. ყოველ სამ წელიწადში ერთხელ საჯარო მოხელე დაექვემდებარება ატესტაციას და გარანტირებული იქნებიან იმუშაონ განსაზღვრელი ვადით. ვაკანსიები მათ თანადებობებზე იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ ისინი საკუთარი ნებით წავლენ თანამდებობიდან.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი არ ეხება სამხურების უფროსებსა და გამგებლის მოადგილეებს.
მოვუწოდებ ყველას, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები. აუცილებლად მომიწევს სერიოზული საუბარი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან. ადმინისტრაციაში უნდა მუშაობდნენ კვალიფიციური ადამიანები. ახლავე მინდა ცხადი გახდეს, თუ რა დონის სპეციალისტები მუშაობენ იქ. მე მათ ძალიან ნათლად და კარგად ავუხსნი, რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა კონკურსში: ბარიერგადალახული ხუთი პრეტენდენტიდან ერთი უნდა დავნიშნოთ თანამდებობაზე, მაგრამ ის ოთხი, შესაძლოა, იყოს ასევე მაღალკვალიფიციური და არ მემეტებოდეს სახლში წასასვლელად. შევეცდები, რომ ასეთ ადამიანებს გზა გავუხსნა ა(ა)იპ-ებში. ა(ა)იპ-ში ამა თუ იმ თანამდებობაზე და ადმინისტრაციაში მსხდომნი თუ არ იქნებიან გამოცდაგავლილები და არ მეცოდინება, რა კვალიფიკაციის არიან, უპირატესობას ყოველთვის მივანიჭებ იმ ადამიანს, რომელმაც გაიარა მინიმუმ ტესტირება. აქედან გამომდინარე, მინდა ვუთხრა ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს, რომ ჩაერთონ კონკურსში. ამით შესაძლებლობა უჩნდებათ, რომ აღმოჩნდნენ საჯარო სამსახურში, ან განიმტკიცონ თავიანთი პოზიციები იქ, სადაც მუშაობენ.
ტესტრება ჩატარდება ხარაგაულში. გამოვიყენებთ აქ არსებულ ბაზებს, მათ შორის სკოლებისას, სადაც არის ამის ტექნიკური შესაძლებლობა.
-როგორ მოხდება სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან ამ ეტაპებზე დაკვირვება?
-მათ შეუძლიათ დოკუმენტების გადარჩევისა და ტესტირების ეტაპს დააკვირდნენ. არაფერი არ გვაქვს დასამალი. რაც შეეხება გასაუბრებას – ამ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობაა და ამაზე ვიმსჯელეთ ექსპერტებთანაც. ერთი ექსპერტი პირდაპირ ამბობდა, რომ ასეთი ტიპის სადამკვირვებლო ჯგუფი პრეტენდენტისთვის ქმნის უხერხულობებს. ხშირ შემთხვევაში პრეტენდენტები დაძაბულები არიან და თავის შესაძლებლობებს ვერ ავლენენო. ამ თემაზე ვიმსჯელებთ საკრებულოში. კონკრეტულად რა დამოკიდებულებები იქნება, გავეცნობით და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებებს. უფრო მეტად ალბათ ეს პრეტენდენტის სურვილის მიხედვით უნდა მოხდეს. თუ პრეტენდენტს არ აქვს სურვილი, რომ მის გასაუბრებას მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რატომ უნდა დავარღვიოთ მისი უფლება? გასაუბრება მხოლოდ და მხოლოდ პრეტენდენტების სურვილის შემთხვევაში დაიხურება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არაფერი გვაქვს დასამალი. თავიდან ბოლომდე ვგეგმავთ, რომ ყველა ინფორმაცია იყოს საჯარო. კომისიის წევრების განწყობაა, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ობიექტურები და გზა გავუხსნათ მათ, ვინც თავიანთ შესაძლებლობებს გამოავლენს უკეთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ მუნიციპალიტეტში გვყავდეს პროფესიონალებისა და კვალიფიციური ადამიანების რაც შეიძლება კარგი სპექტრი და ამაზე ვიზრუნებთ. ეს ჩვენი შესაძლებლობაა.
ამიტომ თუ ვინმეს მიაჩნია, რომ წლების განმავლობაში ვერ დასაქმდა, განათლებაც მიიღო, შესაძლებლობაც გააჩნია, ან დევნიდნენ პოლიტიკური შეხედულებების გამო, მოვუწოდებ, რომ მობრძანდეს. მათთვის ღიაა კარი და არავინ დაუკარგავს შესაძლებლობებს. პირიქით, მოხარული ვიქნებით, რაც უფრო მეტ კვალიფიციურ კადრს აღმოვაჩენთ, რომელიც დღემდე არ მონაწილეობდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში. ველოდები, რომ ბევრ საინტერესო ადამიანს აღმოვაჩენთ.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი