

სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო – მუშაობას შეუდგა. როგორ აფასებს საკრებულოს საქმიანობას, რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს ვესაუბრეთ.
-სამი თვე ალბათ არც დიდი დროა და არც თუ ისე მცირე, საკრებულოს საქმიანობის შესაფასებლად. ვფიქრობ, ბევრი რამის შეცვლა გვჭირდება. ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ახლა საკრებულომ უნდა გაიძლიეროს თავისი პოზიციები. ჩვენ დაგვხვდა შეცვლილი კანონმდებლობა. გაიმიჯნა უფლებამოსილებები საკრებულოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. საკრებულოს თავმჯდომარის ნაცვლად საკრებულო გახდა მთელ რიგ საკითხებში უფლებამოსილი პირი. რეფორმის პროცესში ვართ და განსხვავებული საქმიანობა გვიწევს. სივრცე ნამდვილად არის სხვაგვარი. საკრებულო უფრო მეტად დამოუკიდებელია. მმართველ პოლიტიკურ გუნდში არის განსხვავებული პოზიციები, განსხვავებული აზრები. ბევრ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ცხარე დებატები და მსჯელობა. ეს განასხვავებს ამ საკრებულოს წინა მოწვევის საკრებულოსგან. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გვჭირდება გამოცდილების გაზიარება, ბევრი მუშაობა. ამ კუთხით ვგეგმავთ ტრენინგებს, სპეციალისტების მოწვევას. რამდენიმე მოქალაქისგან მოვისმინე, რომ საკრებულო არ არის ქმედითი. რეფორმები ხორციელდება და ა(ა)იპ-ების საქმიანობაზე პასუხისმგებლობა აღმასრულებელ რგოლს დაეკისრა. იქაც გადალაგების პროცესია. შესაბამისად, ამ სამ თვეში, გამგეობის სამსახურებს, მის სტრუქტურებსა და ა(ა)იპ-ების საქმიანობის შეფასებას და ანგარიშებს ვერ მოვთხოვდით. ახლა გადავალთ ამ ეტაპზეც და საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში კონტროლს განვახორციელებთ.
-რა შეიცვლა მოსახლეობისთვის ამ სამ თვეში?
-მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. გამოვეცი ბრძანება და მოსახლეობასთან შეხვედრებს ვიწყებთ. საკრებულოს წევრებს აქვთ მოსახლეობასთან სამ თვეში ერთხელ შეხვედრის ვალდებულება. ეს შეხვედრები მოგვცემს საშუალებას, უკეთ დავინახოთ, რა შევძელით ამ სამ თვეში, რა არის შესაცვლელი, რა პრობლემებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ამ შეხვედრებს დიდი იმედით ველოდები. მოსახლეობასთან დიალოგი უკეთესად ჩამოგვაყალიბებს მომავალ საქმიანობაზე და განვლილი სამი თვის ერთგვარ შეფასებასაც მოვახდენთ.
-ქალბატონო ინგა, საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევისას ბრძანეთ, რომ მოსახლეობასთან მაქსიმალური სიახლოვე და მოსახლეობის ჩართულობა იქნებოდა საკრებულოს წარმატების საწინდარი. ეს აქტივობები მოსახლეობის მხრიდან არ ჩანს. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
-საზოგადოებამ და სამოქალაქო სექტორმა უნდა იაქტიუროს. მაქვს იმედი, რომ თანდათან ეს აქტივობა წამოვა. მინდოდა, რომ მთელ რიგ საკითხებზე, გადაწყვეტილების მიღებამდე, საზოგადოებასთან ერთად გვემსჯელა. პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რომ შექმნილიყო საზოგადოებრივი დარბაზი, მაგრამ საკრებულოს უმრავლესობამ ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა. მომავალში, კანონით დაშვებული ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ მოსახლეობის ჩართულობისთვის. მოსახლეობასთან შეხვედრებზე დასმული პრობლემების სიმწვავიდან გამომდინარე ჩავატარებთ გასვლით სხდომებს. თუ მოსახლეობა ვერ მოდის ჩვენამდე, ჩვენ მივიდეთ მათთან. ადამიანებს სჭირდებათ დარწმუნება, რომ მათ აზრს, მათ სიტყვას ექნება გარკვეული შედეგი და ამას ხელი უნდა შევუწყოთ.
ამასწინათ საქარიქედის მოსახლეობას შევხვდით წყალმომარაგების საკითხზე. ადამიანები ალბათ ფიქრობენ, რომ მოვიდნენ, გვესაუბრენ და არაფერი გამოვიდაო. წყალმომარაგება სერიოზული პრობლემაა დაბა ხარაგაულშიც. ამ საკითხზე უახლოეს მომავალში ფართო მსჯელობას ვგეგმავთ. მოვითხოვთ აღმასრულებელი რგოლიდან ყველა გატარებული ღონისძიების შესახებ ინფორმაციას. მოვიწვევთ ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ ეს პრობლემა. ადგილობრივ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული მეტწილად, რომ გავზარდოთ მოსახლეობის ინტერესი ჩვენი საქმიანობის მიმართ. თუ მოსახლეობის პრობლემებს გულთან კარგად არ მივიტანთ და არ მოვაგვარებთ, ბუნებრივია, ჩართულობისგან მოსახლეობა თავს შეიკავებს. ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება პრობლემების მოგვარება. ჩვენი ვალია, მოსახლეობის ნდობა და ინტერესი გავზარდოთ და თავად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
-თქვენ ამბობდით, რომ საკრებულოში ჯანსაღი ოპონირების პროცესი წავიდოდა. რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი ამ მიმართულებით?
-საკრებულოს ყველა სხდომა ცხარე დებატების ფონზე მიმდინარეობს. თუმცა, გვჭირდება მეტი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ და მეტი პოლიტიკური კულტურა. ვფიქრობ, არავინ იკავებს თავს საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებისგან. კოალიციის წევრებს ბევრ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს. მთავარია, ვიყოთ უფრო მეტად კონსტრუქციულები და ჩვენი დებატები იყოს საქმიანი.
-სამწუხაროდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არ განხორციელდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამები, მაგალითად კოოპერატივების შექმნა, „აწარმოე საქართველოსთვის“ და სხვ. რა მიგაჩნიათ ამის მიზეზად?
-ბევრი მიფიქრია ამ საკითხზე და ალბათ უმთავრესია ის, რომ მოსახლეობას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ბევრ ინიციატივიან ადამიანს ვიცნობ სოფლებში. მათ არ იციან, როგორ უნდა გახდეს სახელმწიფო პროგრამა მათთვის ხელმისაწვდომი. აქვთ ძალიან კარგი იდეები და გარკვეული რესურსები პროექტების განსახორციელებლად. ამ კუთხით მუშაობა მართებს ყველა ინსტიტუტს – სამინისტროებს, თვითმმართველობას. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი.
-რა კონკრეტულ პროექტებსა და პროგრამებს განახორციელებს საკრებულო მომავალში?
-ახალ ბიუჯეტში გვექნება რამდენიმე ახალი სოციალური პროგრამა. მათ შორის შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის. ამ პროგრამების თანამონაწილეები იქნებიან გაერო და ჯანდაცვის სამინისტრო. პროგრამები უნდა განხორციელდეს იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ მოხვდნენ ცენტრალური ხელისუფლების ყურადღების არეალში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი სოციალურად დატვირთული იქნება.
-რით იქნება 2015 წლის ბიუჯეტი წინამორბედ ბიუჯეტებზე უკეთესი?
-იმედი მაქვს, უკეთესად იქნება დაგეგმილი და მოსახლეობის პრობლემებზე ორიენტირებული. ერთი რამ ცხადია, – ბიუჯეტის დიდი წილი ადმინისტრაციულ ხარჯებსა და ხელფასებზე იხარჯება. ეს თანხები მოსახლეობის პრობლემების გადაჭრისკენ უნდა მივმართოთ. ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ. თვითმმართველობა არ უნდა არსებობდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელფასები აიღოს. თვითმმართველობის ვალდებულებაა, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები დააკმაყოფილოს. ვფიქრობ, მოსახლეობასთან შეხვედრებზე წარმოჩინდება ყველა სოფლის პრობლემა. დეპუტატები თანხმდებიან, რომ სოფლების ყველაზე მეტად მწვავე პრობლემის გადაჭრა უნდა აისახოს ახალ ბიუჯეტში.
-როგორ არის ჩართული საკრებულო საჯარო მოხელეებისთვის ჩასატარებელ კონკურსში?
-დიდი მოლოდინია კონკურსის მიმართ. საკონკურსო კომისიას გამგებელი ხელმძღვანელობს. ველოდებით კომისიის დებულებას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელთაც დაამტკიცებს საკრებულო. ვგეგმავთ საპრეტენზიო კომისიის შექმნას. საკონკურსო კომისიის საქმიანობას არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ უკვე შემოიტანა განაცხადი. პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება.
-პირად ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამთ – ოჯახს ქმნით. გვიამბეთ თქვენი სიყვარულის ისტორია.
-საჯარო პირის პირადი ცხოვრებაც არის საჯარო. საინტერესო ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში – გადავწყვიტე ოჯახის შექმნა. ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე. ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, რომელთან ურთიერთობისას მივხვდი, რომ ის არ იყო მხოლოდ მეგობარი. მერე მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებლად ოჯახი უნდა შეგვექმნა. ვარ ბედნიერი იმიტომ, რომ ის ადამიანი, ვისაც მომავალ ცხოვრებას ვუკავშირებ, მიყვარს. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი