ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილში ორი ოჯახის მსხვილფეხა პირუტყვი ჯილეხით ანუ ციმბირის წყლულით დაიღუპა.

პირუტყვი მეპატრონეებმა ხორცის გამოყენების მიზნით დაკლეს, რადგან არ იცოდნენ, საქონლის დაცემის მიზეზი. ხორცის დამუშავებისას რამდენიმე პირი დაავადდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ავთო ვეფხვაძე ამბობს, რომ ამ ამბის შეტყობისთანავე დაკლული ცხოველების ხორცი ლაბორატორიულად შემოწმდა, პირუტყვის სადგომებს დეზინფექცია ჩაუტარდა, ჩრდილში ზვარეში, ნუნისში, ბეჟათუბანში, ნებოძირსა და ანეულაში ყველა მსხვილფეხა პირუტყვი (ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი, ღორი) აიცრა.

„აცრებიდან ათი დღე გავიდა და ცხოველებს უკვე ჯილეხის მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდათ, – ამბობს ავთო ვეფხვაძე, – ის პირები, რომლებიც ხორცის დამუშავებისას დაინფიცირდნენ, საავადმყოფოდან გაეწერენ და მკურნალობას სახლებში აგრძელებენ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯილეხი ხარაგაულში 1968 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. დავიწყეთ მოკვლევა, თუ როგორ შეიძლებოდა ჩრდილში ეს დაავადება გაჩენილიყო. ჯილეხის ბაქტერია მიწაში საუკუნის განმავლობაში ძლებს. შესაძლოა, ბაქტერია, მიწის დამუშავების შემდეგ გააქტიურდა.

ჩრდილში კარანტინია გამოცხადებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მსხვილფეხა პირუტყვის შეყვანა-გამოყვანა აკრძალულია.

ამჟამად ჯილეხის კერა ლოკალიზებულია, თუმცა სოფელი ჩრდილი მუდმივად საყურადღებოა. არ ვიცით, ეს ნაღმი – ჯილეხის ბაქტერია, კიდევ როდის გააქტიურდება“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჯილეხი (ციმბირის წყლული) ზოონოზური ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევია სპორისწარმომქმნელი ბაქტერია. ჯილეხით, ძირითადად, გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან – ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვ. ადამიანს ჯილეხი დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა, ძირითადად – მისი დაკვლისა და ხორცის დამუშავების დროს.

ჯილეხი შეიძლება გავრცელდეს საკვებითაც, თუ ინფიცირებული ხორცი კარგად შემწვარი ან მოხარშული არ არის. სპორას ვერ ანადგურებს ხორცის დამარილება, შებოლვა ან გამოშრობა. ადამიანს ჯილეხი შეიძლება მაშინაც კი გადაედოს, თუ დაავადებული ცხოველის ბეწვს შეისუნთქავს.

ადამიანიდან ადამიანზე ჯილეხი, როგორც წესი, არ გადადის. თუ შინაური პირუტყვი ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია, მაშინ დაავადების საშიშროება, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. ინფიცირებული ცხოველი აუცილებლად სპეციალური წესით უნდა განადგურდეს. ჯილეხით დაავადებული ცხოველის დაკვლა, ხორცის საკვებად გამოყენება და გაყიდვა სასტიკად აკრძალულია.

ნინო კაპანაძე