

საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების 9 თვის შედეგების განხილვისას აღნიშნა, რომ არცერთ დეპუტატს არ გაუჩნდა კითხვა, რატომ დაიხარჯა მიმდინარე წლის 9 თვეში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 107 400 ლარი ავტომანქანების მომსახურეობაზე. ეს ხარჯი დარჩენილ სამ თვეში კიდევ გაიზრდება.
თორნიკე ავალიშვილის თქმით, „საკრებულოს თავმჯდომარეს არ უნდა დაეშვა გამგეობასა და საკრებულოში ხელფასები გაიზარდა ზედა ზღვარამდე და ამ თანხით საბავშვო ბაღებს დროულად შევუძენდით გასათბობად შეშას. თითოეულ საბავშვო ბაღზე გამოყოფილია 6-6 მ3 შეშა. ეს საკმარისი არაა და ბაღებს სათბობი იანვრამდეც არ გაჰყვებათ.
ძალიან მიხარია, რომ დაჯილდოვდნენ საპატიო ხარაგაულელები, მაგრამ ჯობდა ეს ასე ნაუცბათევად არ გადაწყვეტილიყო, ერთად შეგვეჯერებია და კიდევ გაგვეზარდა საპატიო ხარაგაულელების რიცხვი. არიან ადამიანები, რომლებსაც დიდი ამაგი აქვთ ხარაგაულის წინაშე და ისინი გულდაწყვეტილები არიან, – აღნიშნა თორნიკე ავალიშვილმა, – ა(ა)იპ-ებში ხალხის დასაქმება ძალიან კარგია, უფრო მეტიც უნდა დავასაქმოთ, მაგრამ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ, – ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა 70% ვერ გეტყვის, რა ევალება და რა თანამდებობა უჭირავს. საკრებულოს უნდა ჰქონდეს ა(ა)იპ-ების კონტროლის მექანიზმი. საკრებულომ კი ისინი გადასცა გამგეობას. რაც დღეს ხდება ა(ა)იპ-ებში, არის საკრებულოს ბრალი.“
თორნიკე ავალიშვილის თქმით, „ცუდი მდგომარეობაა ვახანისა და ლეღვნის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებთან დამოკიდებულების კუთხით. შემიძლია დავასახელო კონკრეტული პედაგოგები, რომლებიც ცუდად ეპყრობიან ბავშვებს. სპორტსკოლაში პიროვნებას, რომელიც არ იზიარებს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ შეხედულებას, აკლებენ ხელფასს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მაია დათუნაშვილისთვის ასანაზღაურებლად გამოყოფილია თანხა 3000 ლარი და ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მას წინასწარ უნდა გადაერიცხოს 2000 ლარი ხელფასის სახით. ამ დროს ის ადამიანი არ დადის სამსახურში და ჩვენ მას ვუხდით პენსიას,“ – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.
ამასთან დაკავშირებით ზვარის დეპუტატმა ვლადიმერ ტალახაძემ განაცხადა, რომ მაია დათუნაშვილი სისტემატიურად დადის ზვარეში და ატარებს გაკვეთილებს.
„ცუდი ფაქტი მოხდა საკრებულოს წინა სხდომაზე, როცა ჩვენ მოვიწვიეთ ექიმები საავადმყოფოს ასაშენებელი ადგილის შესარჩევად, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი, – ჩვენ არ გავითვალისწინეთ მათი აზრი და მაინც გადაწყდა, რომ საავადმყოფო სამგლიის სერზე აშენდება. იმ სხდომაზე ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, – სადაც აშენდება საავადმყოფო, იქ იმუშავეთო. ექიმები დარჩნენ შეურაცხყოფილები.
ინგა მაღრაძე: -დღეს საკრებულოს ბევრად უფრო თავისუფალ გარემოში უწევს საქმიანობა. საკრებულო თანდათან უფრო გაძლიერდება. ადამიანები სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით არ გათავისუფლებულან. იმ თანამშრომელთაგან, ვინც წლების განმავლობაში თვითმმართველობის გაძლიერებას ხელს უწყობდნენ, ზოგი დაწინაურდა კიდეც. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ვერ გათავისუფლდა პოლიტიკური შეხედულებებისგან და ქმნიან პრობლემებს სამსახურებში. რაც შეეხება ექიმების საკრებულოში მოწვევას, თუ რაიმე დავარღვიეთ ექიმებთან მიმართებაში, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ბოდიშს ვუხდი მათ.
თორნიკე ავალიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით დეპუტატმა ვარლამ თავზარაშვილმა აღნიშნა, რომ გამგეობის კომისიების წევრები ინტენსიურად გადაადგილდებიან და ამიტომ გაიზარდა ტრანსპორტის ხარჯები. „რაც შეეხება ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას, ეს ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის პერიოდში მოიკითხეთ, – მიმართა თორნიკე ავალიშვილს ვარლამ თავზარაშვილმა, – ყველაფერს აქვს საზღვარი. ბრალდებებს, რასაც თქვენ აყალიბებთ, უნდა საფუძველი და დაკონკრეტება. წარმოადგინეთ დამადასტურებელი მტკიცებულებები და თუ მართლა ხდება ასეთი რამ, ჩვენც ავიმაღლებთ ხმას და ზომებს მივიღებს.“
საკრებულოს წევრმა აზა ფურცელაძემ აღნიშნა, რომ ის ხშირად დადის ლეღვნის საბავშვო ბაღში და ბავშვების მიმართ ცუდი მოპყრობის არცერთი ფაქტი არ უნახავს და არ სმენია.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მიმართავენ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს, რათა რაიმე ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მოახდინოს რეაგირება.
პაატა გოგოლაძე: -საბავშვო ბაღებში აუცილებლად მოგვარდება გათბობის პრობლემა. ბაღებს აქვს ელექტროღუმელები და მალე მოვამარაგებთ შეშით. რაც შეეხება ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღს, დეკემბრის ბოლოსთვის აუცილებლად მოხდება გაციფიცირება. მანამდე ისინი გათბებიან შეშითა და ელგამათბობლებით. დარწმუნებული იყავით, ბავშვებს საბავშვო ბაღში არ შეცივდებათ, – აღნიშნა გამგებლის პირველმა მოადგილემ.
ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბაზალეთის პრობლემებზე და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, დროული რეაგირება მოახდინოს შემდეგ პრობლემებზე: „ბაზალეთში მდინარე ჩხერიმელაზე გაკეთდა 50 მეტრიანი საცალფეხო ხიდი, ეს ხიდი გადაიხარა და ზედ მოძრაობა ჭირს. მე უნდა ვიცოდე და მოსახლეობასაც ვუთხრა, ეს ხიდი არის თუ არა საშიში.
იქნებ გამგეობამ მოგვაწოდოს ინფორმაცია, როდისთვის იგეგმება ბაზალეთის გაზიფიცირება.
ერთი თვეა ვითხოვ რკინიგზის უბანში წისქვილის დაერთებას ელექტროქსელზე, მაგრამ ეს არ მოხერხდა, რადგან ეს წისქვილი არ იყო მუნიციპალიტეტის ბალანსზე. გთხოვთ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადავჭრათ. ლომსაძეებისა და დევდარიანების უბნების დამაკავშირებელი ხიდის აგებაა საჭირო ბაზალეთში,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
აღნიშნულ პრობლემებზე პასუხს დეპუტატები აღმასრულებელი ხელისუფლებისგან საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ითხოვენ.
თამთა გოგოლაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი