მეორეკლასელი მარიამ ტყემალაძე ვანის სკოლაში დაახლოებით ორ კილომეტრ მანძილზე დედას დაჰყავს. დედასთან ერთად დადიან ამავე სკოლაში დავით, გიორგი და მარიამ კამკამიძეები.

მათი დედა – ნინო გურგენიძე ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. საღანძილის საჯარო სკოლის ვანის კორპუსში ამ ოთხი მოსწავლის სწავლა-განათლებაზე ექვსი მასწავლებელი ზრუნავს.

აქ, ისევე როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა ოპტიმიზირებულ სკოლებში, უმთავრესი პრობლემა მოსწავლეთა კონტინგენტის სიმცირეა.

ვანის სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ნათელა ბლუაშვილი იხსენებს, რომ 1972 წელს, როცა ამ სკოლაში სამუშაოდ მივიდა, 112 მოსწავლე დახვდა.

„თანდათან იცლება სოფელი და ბავშვების რაოდენობამაც იკლო. ეს საერთო სენია, – ამბობს ნათელა მასწავლებელი, – კლასკომპლექტში მუშაობა რთულია, მაგრამ თუ სწავლა უნდა, მოსწავლე აქ უკეთესად ისწავლის.

გული მწყდება, რომ ასეთ გარემონტებულ და ლამაზ სკოლაში ვერ ვატარებთ სასკოლო ღონისძიებებს, თუმცა ახალ წელს და რვა მარტს მაინც აღვნიშნავთ ხოლმე.“

ოცი წელია, რაც ნინო ჩერქეზიშვილი ვანის სკოლის მასწავლებელია. ის ხელოვნებას, ბუნებას და რუსულს ასწავლის. ნინო მასწავლებელს მიაჩნია, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში სწავლის დონე მაღალია, რადგან მასწავლებელს მეტი დრო აქვს ბავშვთან სამუშაოდ.

„თუმცა, ვერ ვატარებთ ჯგუფურ მუშაობას, – ამბობს ნინო ჩერქეზიშვილი, – მოსწავლის მოტივაცია იზრდება მაშინ, როცა თანატოლს ხედავს, მის პასუხს ისმენს. ამ დროს საგაკვეთილო პროცესი უფრო ხალისიანია.“

„პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩემ მშობლიურ სკოლაში დავიწყე მუშაობა, – გვიამბობს მათემატიკის სერტიფიცირებული მასწავლებელი ნინო გურგენიძე, – 20 წელი შემისრულდა, რაც აქ ვარ. მაშინ ქალაქიდან გადმოვიდნენ ოჯახები სოფელში ეკონომიკური პრობლემების გამო. ზოგმა ოჯახმა გარდატეხის ასაკში გამოარიდა შვილები ქალაქს. შემდეგ თანდათან შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობა. სოფლიდან ბევრი ოჯახი წავიდა.

მცირეკონტინგენტიან სკოლას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. უფრო მეტ ყურადღებას აქცევ მოსწავლეს. გამორიცხულია, რომ ყოველდღე გაკვეთილი არ გამოკითხო, დავალება არ შეუმოწმო.

ფაქტობრივად, ინდივიდუალურად ამეცადინებ მოსწავლეს. ამ მხრივ კარგია, მაგრამ ბავშვს გვერდით თანატოლი უნდა. საჭიროა, რომ ნახოს თავისზე უკეთესი მოსწავლე, მისგან ისწავლოს, ურთიერთობები დაამყაროს. სკოლის ოთხი მოსწავლიდან სამი ჩემი შვილია.“

mcirekontingentiani-skolebi-(1)

ნინო გურგენიძესთვის სასიხარულო და მისასალმებელია, რომ სკოლა ოთხ მოსწავლეზე შენარჩუნებულია და ბავშვები სახლთან ახლოსმდებარე სკოლაში იღებენ განათლებს.

„მომავალში რა გითხრათ, ისევ კლება ფიქსირდება. სოფლიდან მოსახლეობა მასიურად მიდის. დაუოჯახებელიც ბევრია. დაუსაქმებელია ხალხი,“ – წუხს ნინო მასწავლებელი და ამბობს, რომ საღანძილის საჯარო სკოლის დირექცია ყოველთვის ამარაგებს ყველა საჭირო ინვენტარით, შეშით. არ აქვთ ხელფასის მიღების პრობლემა. ახალ სასწავლო წელს ახალი კომპიუტერით შეხვდნენ.

„განათლების სამინისტროსგან და დირექციისგან დიდი მხარდაჭერაა, რომ სოფელში სკოლა ნარჩუნდება, – ამბობს ნინო გურგენიძე, – მაგრამ მიგრაცია ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს და ეს პროცესი შეუქცევადია.

ჩვენს სოფელში თუ ადამიანი ხელს გაანძრევ, მშიერი არ მოკვდები, – სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი მოდის, მაგრამ ახალგაზრდები მაინც მიდიან. სოფელში ძირითადად მოხუცები დარჩნენ.“

mcirekontingentiani-skolebi-(2)

ვანის სკოლის მეექვსე კლასელმა დავით კამკამიძემ გვითხრა, რომ გაკვეთილებს, რა თქმა უნდა ყოველდღე სწავლობს, მაგრამ მისივე თქმით, სკოლაში სიხალისე არ არის.

საღანძილის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო ჭიპაშვილი აღნიშნავს, მისი მთავარი მიზანი სკოლის დირექტორად დანიშვნის დღიდან, ვანში სკოლის შენარჩუნებაზე ზრუნვაა.

„გასულ წლებში ძალიან გვიჭირდა, არ იყო საკმარისი ფინანსები, მაგრამ უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობდი ვანის კორპუსს, – ამბობს ქალბატონი ვარდო, – როგორც იქნა სკოლა მოვიყვანეთ აქამდე. სანამ ერთი ბავშვიც კი იქნება იმ სკოლაში, ყველანაირად ხელს შევუწყობ. არაჩვეულებრივი კოლექტივია. გარემონტებულია სკოლის შენობა.

ამის მიუხედავად მოსწავლეს სხვანაირი გარემო სჭირდება, სოციუმში დამკვიდრება, ადაპტირება და ურთიერთობები თანატოლებთან. თუ სასწავლო პროცესში რამე ხელშეწყობა სჭირდებათ, ვანის კორპუსს არ ვტოვებთ უყურადღებოდ.“

ვარდო ჭიპაშვილის თქმით დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს იმას, რომ სოფელში როგორმე დამაგრდეს ახალგაზრდობა. მისი მოსაზრებით, აქედან ერთადერთი გამოსავალი დასაქმებაა.

„იმედია, ჩუმათელეთი-ძირულას საავტომობილო გზა რომ გაკეთდება, ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება და ელემენტარული შემოსავალი გაუჩნდება ჩხერიმელას ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობას,“ – ამბობს ვარდო ჭიპაშვილი.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლასთან ოპტიმიზირებული ფარცხნალის კორპუსში ამჟამად ორი მოსწავლეა – მეორე და მეექვსე კლასში. სკოლის სერტიფიცირებული მასწავლებელი ნინო ბუაჩიძე ამ სკოლაში 1985 წლიდან მუშაობს და ახსოვს, რომ წლების წინ ფარცხნალში 90 მოსწავლე სწავლობდა.

ნინო მასწავლებელი ამბობს, რომ ოჯახები მასიურად ტოვებენ სოფელს. მომავალ სასწავლო წელს კი, მისი თქმით, სავარაუდოდ პირველ კლასში ელოდებიან ერთ მოსწავლეს.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორის, ვალერი გოგნაძის ინფორმაციით, მათ სკოლასთან ოპტიმიზირებული თეთრაწყაროს კორპუსში ოთხი მოსწავლეა –  სამი პირველკლასელი და ერთი – მეოთხეკლასელი.

ბატონი ვალერი მიიჩნევს, რომ მოსწავლე ცოდოა თანაკლასელის გარეშე. „რადგან სოფელში სკოლის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სახელმწიფო გვინარჩუნებს მცირეკონტინგენტიან სკოლებს,“ – ამბობს ვალერი გოგნაძე.

მარელისის საჯარო სკოლის დაწყებით კორპუსში ხუთი მოსწავლეა. სკოლის დირექტორ ვერა ოდიკაძის თქმით სასწავლო წლის დასაწისში ექვსი მოსწავლე ჰყავდათ, მაგრამ ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდა.

მომავალი სასწავლო წლისთვის დაწყებით სკოლაში ხუთ მოსწავლეს ელოდებოდნენ, მაგრამ ყველა ოჯახი საცხოვრებლად ზესტაფონში წავიდა. „იცლება სოფლები, მიგრაცია დიდი პრობლემაა. ვერ ხედავენ ვერანაირ პერსპექტივას და ახალგაზრდა ოჯახები სოფლებს ტოვებენ,“ – ამბობს ვერა ოდიკაძე.

ბაზალეთის სკოლასთან ოპტიმიზირებულია ღარიხევის კორპუსი. იქ ამჟამად სამი მოსწავლე სწავლობს. სკოლის დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი ამბობს, რომ ადრე ღარიხევის სკოლაში 60 მოსწავლეც ჰყოლიათ. „სოფელ ქროლიდან ბაზალეთის სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლე დადის. თანდათან იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა,“ – წუხს იზოლდა მასწავლებელი.

მანანა ტაბატაძე, ხევის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: -ამჟამად ხევის სკოლის ციცქიურის კორპუსში ორი მოსწავლეა მეორე და მეოთხე კლასში. ამ სასწავლო წელს ყველაზე ცოტა მოსწავლე გვყავს. ახალგაზრდები აღარ ჩერდებიან სოფელში ან ერთ შვილზე მეტს აღარ აჩენენ. საგრძნობლად მოიკლო კონტინგენტმა.

სამი მოსწავლეა ამჟამად ნებოძირის დაწყებით სკოლაში. მოლითის სკოლის დირექტორი ნანა ლომიძე ამბობს, რომ ნებოძირის სკოლის კარგ მასწავლებლებს მაქსიმალურად უწყობს ხელს სკოლის დირექცია.

„ერთი მოსწავლეც რომ დარჩეს, სკოლამ ფუნქციონირება უნდა გააგრძელოს – აღნიშნავს ქალბატონი ნანა, ნებოძირში და ზოგადად სოფელში სკოლის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. უმუშევრობაა მთავარი მიზეზი, რის გამოც სოფელს ტოვებს მოსახლეობა.“

ხუნევის სკოლასთანაა ოპტიმიზირებული გედსამანიის სკოლა. სკოლის დირექტორის, ვეფხვია ლომიძის ინფორმაციით, გედსამანიის კორპუსში 25 მოსწავლე სწავლობს. მისივე თქმით, შარშანდელთან შედარებით მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა.

„2 053 ლარის დამატება მჭირდება ხელფასისთვის გედსამანიაში. მეძლევა ხარჯის თანხაც. ბიუჯეტი გედსამანიაში კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად არ მყოფნის, ინტერნეტი არ გვაქვს. საუბრობენ ხუნევისა და გედსამანიის სკოლების ისევ გაყოფაზე, იმედებია და ვნახოთ“ – ამბობს ვეფხვია ლომიძე და დასძენს, რომ თუ პატარა სამუშაო გამოუჩნდათ, ოჯახები ქალაქში მიდიან.

ხიდრის საჯარო სკოლის დაწყებით კორპუსში 12 მოსწავლეა. სკოლის დირექტორი ეთერ პაპავა ამბობს, რომ ბოლო წლებია, მოსწავლეთა რაოდენობა სტაბილურია. მისივე თქმით, შარშან დაწყებითი სკოლის შენობაში შეიცვალა იატაკი და ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი. მომავალი სასწავლო წლისთვის კი იგეგმება შენობის სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლა.

ლეღვნის საჯარო სკოლის დირექტორის მანანა კიკვაძის ინფორმაციით, ოპტიმიზირებულ დაწყებით კორპუსში 15 მოსწავლე სწავლობს, ხოლო დიდვაკის კორპუსში – 5. ქალბატონი მანანას თქმით, ბოლო ორი წელია, მოსწავლეთა კონტინგენტის მხრივ სტაბილური მდგომარეობაა.

ოთხი მოსწავლეა ზვარის საჯარო სკოლის ჩრდილის კორპუსში. მასწავლებელი ნაზი ფერაძე ამბობს, რომ მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს. ამის მიზეზი კი უმუშევრობაა. მისივე თქმით, ახალგაზრდა ოჯახები სამუშაოს ქალაქში უფრო შოულობენ. ნაზი მასწავლებელი ამბობს, რომ შენობაში წყალი ჩამოდის.

ზვარის სკოლის მასწავლებელი ფატი ბოჟაძე განმარტავს, რომ ზვარის სკოლის შენობა სავარაუდოდ მოხვდება რკინიგზის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის არეალში. ამიტომ ინფრასტრუქტურული პროექტები სკოლაში წელს ვერ განხორციელდა.

„ოცამდე მოსწავლე სწავლობდა წლების წინ წიფის დაწყებით სკოლაში, – გვიამბობს წიფის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო ჩხეიძე, – ახლა ექვსი მოსწავლეა. ჩემ სადამრიგებლო კლასში შარშან ათი მოსწავლე იყო. სამი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქში.

წიფაში მაცხოვრებელები ძირითადად სამასალე ხე-ტყის მოპოვებით არჩენდნენ ოჯახებს. რაც ხის მასალის მოპოვება აიკრძალა, სოფელი ბევრმა ოჯახმა დატოვა. მუშაობენ მუშად, ან ბაზარში ყიდიან პროდუქტებს. ქალაქში მათი საცხოვრებელი პირობები არ არის საუკეთესო, მაგრამ ელემენტარული შემოსავალი აქვთ. მაღალმთიან სოფლებს მეტი ყურადღება სჭირდება.

კიდევ ცხრა წელი მოსახლეობა ამდენ სიდუხჭირეს ვეღარ გაუძლებს. უმუშევრობა ჩვენი ქვეყნის საერთო გაჭირვებაა. ძალიან გამიხარდა და იმედი მომეცა, რომ მთავრობამ შეღავათები დააწესა მაღალმთიან სოფლებში სამი და მეტი შვილის გაჩენის შემთხვევაში.“

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე მიიჩნევს, რომ სოფლის სკოლებში მოსწავლეთა კონტინგენტის შემცირება სხვადასხვა პრობლემებითაა განპირობებული. მისივე თქმით, სახელმწიფოში რადიკალურად უნდა შეიცვალოს მიდგომები.

„დასაქმება, შესაბამისი პირობებისა და ინფრასტრუქტურის შექმნა, ხე-ტყეზე ხელმისაწვდომობა და სხვა უამრავი საკითხია, რომელთა ეფექტურად გადაჭრაზეა დამოკიდებული სოფლებში მოსახლეობის დამაგრება, – ამბობს დავით კიკნაძე, – ათეულობით ოჯახი წავიდა ჩემი სოფლიდან, საღანძილედან, რადგან მცირე ოდენობით ხის მასალის მოპოვება აეკრძალათ და ავეჯი ვეღარ აწარმოეს.

იქნება მოსწავლე – იქნება სკოლა, არ იქნება მოსწავლე, რისი სამწუხარო ტენდენციაცაა დღეს – სკოლა გაუქმდება. ქვების სკოლაში არც ერთი მოსწავლე აღარ სწავლობს. ასეთი ბედი ელის ბევრ სკოლას, თუ რადიკალურად არ შეიცვალა სიტუაცია ქვეყანაში.

რამდენიმე წინ გადადგმულმა ნაბიჯმა, მათ შორის სასკოლო ავტობუსების დანიშვნამ, მიგრაცია შეაჩერა. ერთი ბავშვიც რომ დარჩეს სკოლაში, სახელმწიფო დააფინანსებს შესაბამისი ვაუჩერით და მოსწავლე მიიღებს ყველა მომსახურებას, რასაც დიდკონტინგენტიან სკოლაში. ასეთია განათლების სამინისტროს პოზიცია.“

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ნინო გურგენიძე და ორად-ორი მოსწავლე გაკვეთილზე; ვანის სკოლაში ოთხი მოსწავლე სწავლობს